თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სტამბოლში ქალებისა და დემოკრატიის ფონდის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას გერმანიას ბრალი დასდო ნაცისტური ჩვევების გამეორებაში.
„ისინი საშუალებას არ აძლევენ ჩვენს მეგობრებს, სიტყვით გამოვიდნენ გერმანიაში. ნუთუ ფიქრობთ, რომ იმით, რომ თურქ მინისტრს გერმანიაში სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევთ, რეფერენდუმზე „არა" გაიმარჯვებს?
გერმანია, შენ არაფერი გაქვს საერთო დემოკრატიასთან! შენი ბოლო ქცევები არაფრით განსხვავდება ნაცისტური ქცევებისგან", - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა გერმანია მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც თურქ მინისტრებს უარი განუცხადეს გერმანიის ორ ქალაქში თურქულ დიასპორასთან ერთად აქციების ჩატარებაზე, რომელიც 16 აპრილის რეფერენდუმს უკავშირდება.