ახალგაზრდული ოლიმპიადის თანამშრომელთა სამივლინებო ხარჯების არამიზნობრიობის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პროკურატურას მასალები გადასცა.
გაზეთ „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის 2011-16 წლების საქმიანობა შეისწავლა და აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თანამშრომელთა მივლინებების მიზნობრიობა არ იკვეთება და არ დასტურდება მივლინების ფარგლებში გაწეული ხარჯების მიზანშეწონილობა.
საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის ალექსი ახვლედიანის 2015 წლის 25 მაისის ბრძანებით, 25 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით ოლიმპიური ცეცხლის ჩამოსატანად საბერძნეთში, ქალაქ ათენში მივლინებულია 31 კომიტეტის თანამშრომელი, ხოლო 32 მიწვეული სტუმარია. მივლინების ფარგლებში შპს „ჯორჯიან ეარვეისისგან" შესყიდულია თვითმფრინავით მომსახურება 132 მგზავრის გადაყვანის მიზნით (ბრძანებით განსაზღვრულ პირთა რაოდენობაზე 69-ით მეტი), რომლის ღირებულებამ 93 536 ლარი შეადგინა.
გაზეთის ინფორმაციით, ორგანიზაციის მიერ ანაზღაურებულია 12 734 ლარის სასსტუმროს მომსახურება. ათენში მინივენებით, სედანებითა და კერძო ავტობუსით სატრანსპორტო მომსახურება 11 527 ლარის ოდენობით. სულ, გაწეულმა ხარჯმა, 102 720 ლარი შეადგინა.
საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის 2015 წლის 20 იანვრის ბრძანებით, კომიტეტის თანამშრომლები მივლინებული იყვნენ ავსტრიაში „ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე" დასწრების მიზნით. ბრძანების თანახმად, მივლინებულ თანამშრომელთა რაოდენობა 19 ადამიანს შეადგენდა, თუმცა წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით მგზავრობის ღირებულება და სადღეღამისო ნორმა ანაზღაურებულია 22, ხოლო სასტუმრო 21 პირის მიხედვით.
„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, აღნიშნული მივლინების ფარგლებში, დღე-ღამეში სასტუმროს დაქირავების ხარჯმა ერთ კაცზე 180 ევრო შეადგინა, მაშინ როდესაც მოქმედი კანონმდებლობით ავსტრიაში საცხოვრებელი ფართის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების სადღეღამისო ნორმა 89 ევროს შეადგენს. სულ, სასტუმროს მოსახურებაზე გათვალისწინებული იყო 33 534 ლარი (14 580 ევრო), რაც ნორმით გათავლისწინებულ (7 209 ევრო) ოდენობაზე 16 953 ლარით მეტია.
საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის, 2013 წლის 20 ნოემბრის ბრძანებით, 2013 წლის 21 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, საორგანიზაციო კომიტეტის 8 თანამშრომელი, მათ შორის დირექტორი, დეპარტამენტების უფროსები და მთავარი ბუღალტერი მივლინებულია ქალაქ რომში ევროპის ოლიმპიური კომიტეტის 42-ე გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად. ხარჯთაღრიცხვის თანახმად, სასტუმრო მომსახურებაზე გათვალისწინებულია 11,949.75 ლარი, თუმცა ბრძანებით არ ირკვევა, რამდენ დღეზეა დაანგარიშებული აღნიშნული ხარჯი. ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებულია მეგობრული ვახშმის ხარჯი 4500 ლარის ოდენობით, თუმცა არც ბრძანებით ან სხვა რაიმე დოკუმენტით არ დგინდება ხარჯის გაწევის მიზნობრიობა და მომსახურების მიმღებ პირთა ვინაობა.
საორგანიზაციო კომიტეტის 3 თანამშრომელი 2013 წლის 16 თებერვალს მივლინებულია რუმინეთში, მათ შორის პროექტის მენეჯერი და სპორტული კოორდინატორი 7 დღით, ხოლო დირექტორი 4 დღით. მივლინების ბრძანება გამოცემულია პროექტის მენეჯერის მიერ, მაგრამ აღნიშნული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ იქნა მოძიებული. მივლინების ფარგლებში ანაზღაურებულია სასტუმროში მინიბარსა და ლანჩზე გაწეული ხარჯი, ჯამურად, 664 ლარის ოდენობით. ამასთანავე, წარმოდგენილია პროექტის მენეჯერის სახელზე 2013 წლის 16-17 აპრილს ამსტერდამში, სასტუმრო Movenpick Hotel-ის ნომრის დაჯავშნის დოკუმენტაცია 189.2 ლარის ღირებულებით (84.5 ევრო) და შპს „ვია თრეველის" ინვოისი ავიაბილეთის შეძენაზე ამსტერდამი-ბუქარესტი-ამსტერდამის მიმართულებით 821.3 ლარის ღირებულებით, რომლებიც მიკუთვნებულია მივლინების ხარჯზე.
2013 წლის 14 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში მივლინებულია საორგანიზაციო კომიტეტის 10 თანამშრომელი, რომელზეც მივლინების ბრძანება ვერ იქნა წარმოდგენილი. EYOF UTRECHT 2013-ის მოწვევის წერილის მიხედვით, ორგანიზაციის თანამშრომლები მიწვეული იყვნენ ფესტივალის „სადამკვირვებლო პროგრამაზე", რომლის ხანგრძლივობა შეადგენდა 2 დღეს, თუმცა მივლინების პერიოდმა შეადგინა 7 დღე. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, პროგრამაში მონაწილეობის საფასური გადახდილია 8 პირზე, ხოლო დანარჩენი 2 თანამშრომლის სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე მივლინება ვერ იქნა დადასტურებული. ხარჯთაღრიცხვისა და ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, მივლინების ფარგლებში გაწეულმა ხარჯმა შეადგინა, სულ, 41 ათასი ლარი.