ავტორი მარიამ პაიჭაძე
კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზე ისაუბრა. ხაინდრავა გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას „რუსთავი 2"-ის შესახებ და განაცხადა, რომ ქვეყნის პირველი პირი უნიჭო კომედიანტად გადაიქცა.
„რუსთავი 2" არის პოლიტიკური რუპორი და არანაირი კავშირი თავისუფალ მედიასთან და პრესასთან არ აქვს და ეს მშვენივრად იცის საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც კომედიანტად გადაიქცა. რასაც ჩვენ გუშინ „იმედის" ეთერში ვუყურეთ, სხვას ვერაფერს ვუწოდებთ, ეს არის კომედიანტობა, თან ძალიან უნიჭო. ძალიან ბევრი სისულელე მაქვს მოსმენილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისგან, მაგრამ ის, რაც მე გუშინ გავიგე, რომ თურმე „რუსთავი 2"-ს საგარეო პოლიტიკური კურსი ჰქონია, ასეთი რამე მე არ გამიგია. ასეთი გაგება მსოფლიოში არ არსებობს. მარგველაშვილმა იმ ცხრა მოსამართლიდან, რომელმაც „რუსთავი 2"-ის საქმეზე ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო, ოთხი თავად წარადგინა, ხუთი - „ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილია. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სასამართლოს დამანგრეველ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს. მისი სპიკერი გამოვიდა და მადლობა გადაუხადა ევროპას იმისთვის, რომ ევროპამ თავისი გადაწყვეტილებით ეჭვქვეშ დააყენა საქართველოში თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა. ეს უკვე მარაზმიც აღარ არის. ეს არის პოლიტიკური სიბეცე! რასაც ამ კაცისგან ვხედავთ, ეს არის გაუთავებელი კეკლუცობა და პოლიტიკური პატივმოყვარეობა. მას არათუ პრეზიდენტად, იმ უბნის სახლმმართველადაც კი არ აირჩევენ, სადაც ზის სასახლეში და მან ეს მშვენივრად იცის", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.