ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს „რუსთავი 2"-სა და საქართველოს სახელმწიფოს შორის დავაში მესამე მხარედ ჩართვის მოთხოვნით მიმართავს. წერილობითი მოთხოვნა ბიზნესმენმა სტრასბურგის სასამართლოში შეიტანა, სადაც ცოტა ხნის წინ ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. მისივე თქმით, არავითარი კავშირი არ აქვს იმასთან, რომ სტრასბურგში, ამავე პერიოდში იმყოფებიან ქართველი მინისტრები და განმარტა, რომ „ეს უბრალოდ დამთხვევაა".
„2 დღის ინტერვალში იმის შიშით რომ ვინმეს არ დავმთხვეოდი, არ მოვსულიყავი აქ? სამართლის საძებნელად მოვედი. უნდა ჩავაბაროთ წერილი თხოვნით, რომ საქმეში მესამე მხარედ ჩაგვრთონ, ჩემი პირადი უფლებების დასაცავად, მათ შორის ქონებრივი უფლებების დასაცავად. დავა არის „რუსთავი 2"-სა და სახელმწიფოს შორის, რომელზე გამოტანილმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ჩემი უფლებები დააზარალოს. ამიტომ მოვედი ჩემი უფლებების დასაცავად. სულ რაღაც მეორედ ვარ აქ მოსული და ორივეჯერ სააკაშვილის გამო", - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.