ავტორი მარიამ პაიჭაძე
ეკონომიკის ექსპერტმა ემზარ ჯგერენაიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ლარის გამყარება ძირითადად, მაკროეკონომიკური მაჩვენებლის გაუმჯობესებამ გამოიწვია. ექსპერტის ვარაუდით, მსოფლიოში არის დოლარის გამყარების ტენდენცია და ლართან მიმართებაშიც, 8 მარტის შემდეგ, ჯგერენაია ფიქრობს, რომ დოლარი კვლავ დაიწყებს გამყარებას.
„ლარის გაცვლითი კურსის გამყარების ძირითადი მიზეზი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებაა. ბოლო ორი თვის განმავლობაში ექსპორტი გაიზარდა, ისევე, როგორც ტრანსფერების მოცულობა, რამაც განაპირობა სავალუტო ნაკადების შემოდინება. მეორე მხრივ, იანვარ-თებერვალში დოლარზე მოთხოვნა ნაკლები იყო. ამის გარდა, ბაზარზე ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ეს იქნება გადასახადების თუ სხვა მხრივ. აქედან გამომდინარე, ბიზნესს ერთგვარი ტაიმ-აუტი ჰქონდა აღებული და ელოდებოდა მარტის თვეს, როცა მეტ-ნაკლებად ყველაფერი დალაგდებოდა და კალკულაციას ხელახლა გააკეთებდნენ, მიუხედავად იმისა, რა ფასი ექნებოდა საწვავს ბაზარზე და ა.შ. იმპორტის გაზრდას ველოდებით მარტის თვეში და დოლარზე მოთხოვნაც გაიზრდება. ვფიქრობ, რომ 8 მარტის შემდგომ დოლარი დაიწყებს გამყარებას.
მთელ მსოფლიოში ტრენდი არის დოლარის გამყარება, დოლარს საკმაოდ მაღალი კურსი აქვს, აქედან გამომდინარე, არ შეიძლება, მხოლოდ ლართან მიმართებაში იყოს დაწევის ტენდენცია და ის დაუბრუნდება თავის ჩვეულ, აღმავლობის ტენდენციას", - განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.