სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი მელანო ფანჯავიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე „ქალები პოლიციაში" სიტყვით გამოვიდა. კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
კონფერენცია უკვე მეექვსე წელია ტრადიციულად საქართველოში ტარდება. კონფერენციის მთავარი თემაა სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლება და პოლიციაში ქალის როლის წარმოჩენა. წელს ღონისძიებას 9 ქვეყნის 250 პოლიციელი ქალი დაესწრო.მათ შორის სომხეთიდან,ყირგიზეთიდან,ალბანეთიდან, ტაჯიკეთიდან, პაკისტანიდან ,ბოსნია- ჰერცოგოვინადან და სხვა ქვეყნებიდან.
„უკვე მეექვსედ აფინანსებს ამერიკის საელჩო ამ კონფერენციას და რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვარ ,რომ ვმონაწილეობ მასში. კონფერენციას ორი ძირითადი მიზანი აქვს. პირველი ქალთა როლის გაძლიერების ხელშეწყობა და მეორე არის ის, რომ პოლიცია არის სახელმწიფოს ნაწილი და აქ გენდერული ბალანსი უნდა იყოს ასახული. მნიშვნელოვანია ეს კონფერენცია იმიტომ,რომ საქართველო წარმოადგენს დემოკრატიული მმართველობის და განვითარების მოდელს და კონფერენციამ თავი მოუყარა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს როგორც აღმოსავლეთ ევროპიდან, ასევე აზიის ქვეყნებიდან საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც წარმოადგენს ძალიან კარგ მოდელს დემოკრატიული განვითარებისა და მმართველობის"- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მონაწილეობს აშშ-ს საელჩოს მიერ ორგანიზებულ მსგავსი ტიპის ღონისძიებებში. ჩვენი სამსახურის ერთ- ერთ პრორიტეტს წარმოადგენს ქალთა ჩართულობა სხვადასხვა მიმართულებით. მოხარულები ვართ, რომ დღეს აქ ვიმყოფებით და მზად ვართ სამომავლო თანამშრომლობისთვის"- განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსმა მელანო ფანჯავიძემ.
„არაჩვეულებრივია, რომ აღვნიშნავთ პოლიციელი ქალების კვირეულს,მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით საქართველოში. ასევე ხაზგასასმელია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის არაჩვეულებრივი,მზარდი და ძლიერი ურთიერთობა გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან და ამერიკის მთავრობასთან. უნდა აღვნიშნო,რომ ჩემთვის პირადად ძალიან სასიამოვნოა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებში ქალების ხილვა. მისასალმებელია მათი ინტელექტუალური და თავდაჯერებული საქმიანობა .ეს შექებას იმსახურებს და ძალიან შთამბეჭდავია"- განაცხადა აშშ-ს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) ამიერკავკასიის რეგიონის ხელმძღვანელმა კეთლინ კენინგმა.
„ ჩვენი პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ახლა,ამ კონფერენციაზე. ვიცით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა ჩვენი მხრიდან. როგორც უკვე აღვნიშნე,ქალების მნიშვნელოვანი როლი აქვთ სამართალდამცავ უწყებებში . განსაკუთრებით კი ამ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის შედარებით ახალი უწყება . ჩვენ ველოდებით თანამშრომლობის გაგრძელებას",- განაცხადა აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ბიუროს (INL) დირექტორმა მაიკლ მაკმენმა.