ავტორი არმაზ სანებლიძე
„რეპორტიორის" შეკითხვებს უპასუხებს იურისტი ლია მუხაშავრია, რომელსაც ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოსთან (სტრასბურგი) ურთიერთობის დიდი გამოცდილება გააჩნია (2002 წლიდან დღემდე). ქალბატონი ლია ამჟამად 52 მიმდინარე საქმეს უძღვება და დაახლოებით 200 პირს წარმოადგენს აღნიშნულ სასამართლოში.
პირველი შეკითხვა, რა თქმა უნდა, „რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ სასამართლო გადაწყვეტილებას ეხება:
- რამდენად მოულოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებულ განჩინებაზე სტრასბურგის სასამართლოს მორიგე მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება?
- გადაწყვეტილება მართლაც მოულოდნელი იყო. ევროპის სასამართლოს რეგლამენტის, ანუ ევროსასამართლოს წესების 39-ე წესის შესაბამისად, ასეთი გადაწყვეტილება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა იქმნება ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის ან ადამიანის წამების აშკარა და რეალური საშიშროება. გამოიყენება მაშინაც, როცა ხდება ადამიანის ექსტრადიცია ერთი სახელმწიფოდან მეორეში და მიმღებ სახელმწიფოში მას ემუქრება ან სიკვდილით დასჯა, ან წამება.
ევროსასამართლო 39-ე წესით რომ ჩაერია იმ ტიპის დავაში, როგორიც „რუსთავი 2"-ის საქმეა, ეს მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა, რომელიც პირველად მოხდა ამ სასამართლოს ისტორიაში.
- რის საფუძველზე მიიღო ზეოპერატიულად მორიგე მოსამართლემ „რუსთავი 2"-ის საქმის გამო უპრეცედენტო გადაწყვეტილება? ხომ ცნობილია, რომ დიდი პალატის განჩინება, ასე ვთქვათ, კანცელარიიდან არ გამოსულა, ანუ ოფიციალური დოკუმენტის სახით არც არსებობს.
- „მორიგე მოსამართლე", ცოტა არ იყოს, ყბადაღებული ტერმინი გახდა. სასამართლო, 39-ე წესის რეალიზაციისთვის, უზრუნველყოფს, რომ 24-საათიან რეჟიმში ადგილზე იყოს ერთი მოსამართლე მაინც, რომელიც მსგავსი შემთხვევებისას დაუყოვნებლივ რეაგირებს. ასეთი მოსამართლე 3 მარტსაც იმყოფებოდა სასამართლოში. უფრო მეტიც: მოქმედი წესების თანახმად, აკრძალული არ არის სასამართლოსთვის მშობლიურ ენაზე მიმართვა, მათ შორის, მსგავს ექსტრაორდინარულ შემთხვევებშიც. ასეთ დროს ქართველ იურისტებს სთხოვენ, იყვნენ ადგილზე და დაუყოვნებლივ თარგმნონ შემოსული მასალა სამართალწარმოების ენაზე და მოსამართლეს მიაწოდონ სრულყოფილი ინფორმაცია.
- ამ წესის პრაქტიკული გამოყენების შემთხვევები არსებობს?
- იყო ასეთი შემთხვევები ჩემს პრაქტიკაში. ჩემს ერთ-ერთ საქმეზე დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში მიიღეს გადაწყვეტილება. დამირეკეს და მითხრეს, ჩვენ აქ გვყავს ქართველი იურისტი, რომელიც მოსამართლესთან ერთად მუშაობს და, თუ რაიმე დოკუმენტის გამოგზავნა გსურთ, რომლის თარგმნა ვერ მოასწარით, აქვე ვათარგმნინებთ და საქმეს დავურთავთო.
როცა ექსტრემალურად ვითარდება მოვლენები, გამორიცხული არ არის, რომ ისეთ შემთხვევაში, როგორიც 3 მარტს იყო, ევროსასამართლოს ვერ მიაწოდონ სრულყოფილი დოკუმენტები. ამ დროს ევროსასამართლო დიდი ყურადღებით ეკიდება კონკრეტული ქვეყნის მედიაში გამოქვეყნებულ მასალებს და ხშირად იყენებს მათ იმისთვის, რათა გაერკვეს საქმის ვითარებაში.
ვფიქრობ, 3 მარტს მოსამართლე დაეყრდნო მედიაში გავრცელებულ მასალებს „რუსთავი 2"-ის მიმდინარე საქმეზე, რომელიც, წელიწადნახევარზე მეტია, აქტიურად განიხილება ჩვენს მედიაში. ევროპულ სასამართლოში მედიის პუბლიკაციები, უტყუარ ფაქტად თუ არა, გასაზიარებელ გარემოებად მიაჩნიათ.
ჩემი აზრით, 3 მარტს სასამართლოს ძალიან დიდად დაეხმარა ყველა ქართული მედიასაშუალება, რომელმაც თავის დროზე რაიმე მასალა გამოაქვეყნა „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით.
ათიოდე წლის წინათ, როცა სტრასბურგში ვიყავი, იურისტებმა, რომლებიც მოწმენი იყვნენ იმისა, თუ როგორი ინტენსიურობით ვაწვდიდი სასამართლოს მედიამასალებს, მითხრეს - ამაზე დრო არ დახარჯოთ, რადგან ჩვენი პრესსამდივნო ყველაფერს აგროვებს, რაც კი საქმეებთან არის დაკავშირებული და მოსამართლეს წარუდგენსო. შეიძლება ჩვენთან, საქართველოში, ყურადღება არავინ მიაქციოს იმას, რასაც მედიაში ლაპარაკობენ, რაც იწერება; იქ კი, სტრასბურგში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
- რაც 3 მარტს მოხდა, ჩვენი საზოგადოების დემოკრატიულობაზე მეტყველებს თუ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების უზურპაციის მაჩვენებელია?
- ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის დემოკრატიულობის ნიშანი, რადგან ასეთი ძლიერი მხარეები საქმის გადასაწყვეტად სასამართლოში თუ მიდიან, ეს, რა თქმა უნდა, დემოკრატიული და ცივილიზებული ურთიერთობის ფორმაა.
- შეიძლება თუ არა ამ საქმესთან დაკავშირებული შედეგის პროგნოზირება?
- პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ მომდევნო დღეების განმავლობაში, ვიდრე ეს განსაკუთრებული, დროებითი ღონისძიება მოქმედებს, მხარეები რა მასალებს, რა საბუთებს, როგორ არგუმენტაციასა და განმარტებას წარუდგენენ ევროსასამართლოს.
იმის მიხედვით, როგორ ინფორმაციასაც მიაწვდიან სტრასბურგში, სასამართლო ან გააგრძელებს ამ განსაკუთრებულ დროებით ღონისძიებას, ან შეაჩერებს, მაგრამ მხარეს, ამ შემთხვევაში - „რუსთავი 2"-ს, მოსთხოვს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი განაცხადის მიხედვით, საგანგებო ფორმაში ჩამოთვლილი ყველა ის ინფორმაცია წარმოადგინოს, რომელიც მომჩივანს მოეთხოვება.
განხილვა კი გაგრძელდება ისე, როგორც ჩვეულებრივ ხდება.
სასამართლოსთან მხარეების ინტენსიური მიმოწერა გაგრძელდება, შეიძლება დღეში ორ-სამჯერაც კი, რათა ორივე მხარისგან მიიღონ ისეთი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია საქმის განსახილველად.
P.S. როგორც მოსალოდნელი იყო, საჯილდაო ასპარეზი და დიდი დაპირისპირება ევროპულ სივრცეში გადაინაცვლებს და ევროსასამართლოს გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი მხარე იმუშავებს უფრო მაღალ პროფესიულ დონეზე და უფრო პრინციპული იქნება.
თემიდას სასწორის პინები ჯერჯერობით არც ერთ მხარეს არ არის გადახრილი, მაგრამ (მიაქციეთ ყურადღება!) საბოლოო გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში შესულ საჩივარზე შესაბამისი კონვენციის ხელმომწერი იმ სახელმწიფოს მართლმსაჯულების სისტემის უმაღლესი ინსტანცია იღებს, რომელიც აღნიშნული ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით მოქმედებს.