logo_geo
eng_logo
ზურაბ ლალაზაშვილი: უმჯობესი იქნება მოგების გადასახადის რეფორმა 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდეს!
- +

29 მარტი. 2016. 21:19


"საქართველოს  ბიზნეს ასოციაციის" საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ლალაზაშვილი მიიჩნევს, რომ მოგების გადასახადის რეფორმის ამოქმედება 2017 წლის 1-ელი იანვრიდან უმჯობესი იქნება.


ზურაბ ლალაზაშვილმა ის არგუმენტები დაასახელა, რომლის თანახმადაც, "საქართველოს ბიზნესასოციაციაში" მიიჩნევენ, რომ მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმედება უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც წელიწადი დაიხურება.


როგორც ლალაზაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მას არ შეუძლია მთელი ბიზნესის სახელით ისაუბროს, თუმცა საქართველოს ბიზნესასოციაციის" საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მათ მიერ დასახელებული არგუმენტები "არც თუ ისე გაუგებარია ბევრისთვის, ვინც ბიზნესშია".


"პირველი არის ის, რომ მოგების გადასახადი თავისი არსითა და შინაარსით არის წლიური გადასახადი. მისი დაანგარიშება და დეკლარირება ხდებოდა წლიურად. ნახევარ წელიწადში ამის გაკეთება პრაქტიკულად შესაძლებელია, თუმცა ბევრ იმ ბიზნესს შესაძლოა დიდი ძალისხმევა დასჭირვებოდა, ვისაც არც თუ სათანადოდ კვალიფიცირებული, ან საკმარისად გამოცდილი სპეციალისტები ჰყავს, ან ვისაც არ აქვს იმის საშუალება, რომ ძვირადღირებული სპეციალისტები დაიქირაოს. განსაკუთრებით ასეთ შემთხვევაში შესაძლოა გაჩენილიყო ბევრი კითხვა და გაურკვევლობა, თუ როგორ გაემიჯნათ შემოსავლები და ხარჯები შუა წელიწადში", - განაცხადა ლალაზაშვილმა.


მისივე თქმით, მეორე არგუმენტი არის ის, რომ მოგების დაბეგვრის ახალი მიდგომა არის პრინციპულად განსახვავებული, ვიდრე აქამდე საქართველოში ყოფილა.


"გაჩნდებოდა ბევრი თემა, რომელიც გაურკვეველი და ბოლომდე დახვეწილი ვერ იქნებოდა. შესაძლებელია, ბევრ ბიზნესს, ვისაც წელი დაგეგმილი აქვს, გადაწყობა დასჭირვებოდა. განსაკუთრებით, საუბარი მაქვს მსხვილ ბიზნესზე, რომელიც ფინანსების დაგეგმვას, ბიუჯეტის განაწილებას აკეთებს. ეს იყო ძირითადი არგუმენტები. ეს არი იყო ერთი კვირის მოფიქრებული, არამედ იყო თავიდანვე ნათქვამი. როდესაც კანონპროექტი ბიზნესასოციაციაში შემოვიდა, ეს თემა მაშინვე დაიბადა, რომ უმჯობესი იქნებოდა რომელიმე წლის 1-ელ იანვრს ამოქმდებულიყო და არა შუა წლიდან, ანუ პირველი ივლისიდან", - განაცხადა ლალაზაშვილმა.


საგადასახადო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები სამ ეტაპად ამოქმედდება. პირველ ეტაპზე ეს შეეხება დამატებული ღირებულების გადასახადს ანუ, ძირითადი საშუალებების იმპორტის დროს დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდა საჭირო აღარ იქნება და ეს კანონპროექტის მიღებისთანავე ამოქმედდება.


მეორე ეტაპი იქნება მოგების გადასახადის ჩანაცვლება განაწილებული მოგების გადასახადით, ანუ ე.წ. ესტონური მოდელი, რომელიც 2017 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდება, ხოლო მესამე ეტაპზე კი ეს რეფორმა 2019 წლის 1-ელი იანვრიდან საფინანსო სექტორზე გავრცელდება.


როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განმარტა, კანონპროქტის საბოლოო ვერსია ბიზნესთან კონსულტაციის საფუძველზე იქნა მიღებული. კანონპროექტი უკვე პარლამენტშია გადაგზავნილი. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner