შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი საია-ს კვლევა შეაფასა, რომლის თანახმადაც, შს სამინისტრო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფისას პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს არ იცავს.
მისი თქმით, პოლიცია ნებისმიერი აქციისას კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას იყენებს, რათა აქციები უსაფრთხოდ ჩატარდეს და საფრთხე არ შეექმნას ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას.
„შსს მოქმედებს იმ კანონმდებლობის ფარგლებში, რაც დღეს ჩვენს საქმიანობას აწესრიგებს. უმეტესობა აქციების არის პოლიტიკური და შესაბამისად, შსს ამ აქციებზე ისევე მოქმედებს, როგორც მოქმედებს დავუშვათ, მუშათა გაფიცვისას. უბრალოდ, არის შემთხვევები, როდესაც პოლიტიკური აქციები გადადის პოლიციის წინააღმდეგ აგრესიაში, რადგან ასეთ შემთხვევებში არის მცდელობები გარკვეულ ტერიტორიაზე შესვლის და გარკვეულ თანამდებობის პირებთან დაკავშირების, რასაც გარკვეული შეზღუდვა მოსდევს პოლიციის მხრიდან. პოლიციის მიზანია, აქცია ჩატარდეს უსაფრთხოდ, არ შეილახოს სხვა მოქალაქეების უფლებები; მაგალითად, გზა არ გადაიკეტოს და არ შეექმნას სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას საფრთხე ან არ მოხდეს მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლა. საია-ს კვლევას არ გავცნობივარ, მაგრამ ჩვენი საერთო შეფასებაა, რომ პოლიცია იყენებს კანონით მონიჭებულ უფლებამოსილებებს. ჩვენთვის უცნობია რაიმე საჩივარი იმაზე, რომ პოლიციამ ძალას გადაამეტა ან უკანონოდ მოხდა რაიმე ქმედების გამოყენება. თუკი აქციაზე პოლიცია რაიმე ზომებს მიმართავს, ეს საბოლოო ჯამში მიდის სასამართლოში და გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.