ავტორი მარიამ პაიჭაძე
საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ევროპის 2-გზის ჩემპიონისა და პრიზიორის, ევროპის ვიცე-ჩემპიონის უფროსებს შორის (2013), ოქროს გრან-პრის გამარჯვებულის და პრიზიორის, ლონდონის ოლიმპიური თამაშების მონაწილის ლადო გეგეშიძის ინიციატივით, მასშტაბური პროექტის „ღონიერი-გონიერი" განხორციელება იგეგმება. პროექტი გულისხმობს საქართველოს რეგიონებში მოჭიდავეებში წიგნის პროპაგანდას, რისთვისაც 20-ზე მეტ სპორტულ დარბაზში მოეწყობა მინი-ბიბლიოთეკები. დეტალებზე „რეპორტიორი" პროექტის ინიციატორს ლადო გეგეშიძეს ესაუბრა.
- როგორც ვიცით, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართველმა მოჭიდავეებმა კიევიდან 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანეს. მოგვიყევით ამ გამარჯვების შესახებ და ელოდით თუ არა ასეთ შედეგებს?
- პირველ რიგში, მივულოცავ ბიჭებს ამ წარმატებას. რა თქმა უნდა, გამარჯვებას ველოდებოდით, იმიტომ, რომ ჩვენ ამისთვის წავედით, რომ ჩამოგვეტანა ოქროს მედლები. საერთაშორისო შეჯიბრმა ძალიან კარგად ჩაიარა და შედეგით კმაყოფილები ვართ. ვიმედოვნებ, ევროპის ჩემპიონატზეც იმავე შედეგს ვაჩვენებთ.
- იგეგმება თქვენს მიერ ინიცირებული მასშტაბური პროექტის - „ღონიერი-გონიერი" განხორციელება. რას გულისხმობს თავად პროექტი და ვინ იქნებიან ჩართულები?
- პროექტის „ღონიერი-გონიერი" ძირითადი მიზანია, ჩვენი სპორტსმენები, მოჭიდავეები, ფიზიკური აღზრდის გარდა, ინტელექტუალები იყვნენ, რაც მათ ისევ და ისევ სპორტში წაადგებათ. თუ სპორტის გარდა მომავალში სხვა სფეროს აირჩევენ, ეს დაეხმარება მათ ინტეგრირებაში. რეგიონების მასშტაბით, ყველა დარბაზში ვაპირებთ მინი ბიბლიოთეკების გახსნას. პროექტში ჩართულია პირველ რიგში, მთლიანად ფედერაცია, ყველა, ვისაც ჭიდაობა უყვარს. ვაპირებთ, ჩავრთოთ ცნობილი ადამიანები - ხელოვანები, მომღერლები და მწერლები.
- რა ჟანრის ლიტერატურით იქნება აღჭურვილი ბიბლიოთეკები?
- ყველანაირი ჟანრის ლიტერატურა იქნება ამ ბიბლიოთეკებში - კლასიკური, სპორტული, ისტორიული და ა.შ. რათა, იმ შემთხვევაში, თუ სპორტსმენი აირჩევს სხვა სფეროს, გაუადვილდეს თავის დამკვიდრება. გემოვნებიდან გამომდინარე, ყველა მათგანი გაეცნობა იმ ჟანრის ლიტერატურას, რომელიც მისთვის საინტერესო იქნება.
- სამშაბათს ხელი მოეწერება მემორანდუმს საჯარო ბიბლიოთეკასთან. რას გულისხმობს ეს მემორანდუმი?
- ეს მემორანდუმი გულისხმობს იმას, რომ ერთად გავხსნათ მინი-ბიბლიოთეკები რაიონებში, ასევე, ერთობლივად გამოვუშვათ ჭიდაობის მთელი ისტორია და ვითანამშრომლოთ, რათა ეს პროექტი წარმატებული გავხადოთ.
- მწერლებმა ან გამომცემლობებმა თუ გამოთქვეს ამ პროექტში მონაწილეობის სურვილი და ზოგადად, ვის აქვს შესაძლებლობა, ჩაერთოს ამ პროექტში?
- ამ პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველას. არის რაღაც გამოხმაურებებიც, თუმცა, ამ ეტაპზე დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. პირველი შეხვედრა ვისთანაც გვექნება, ამას დეტალურად შემდგომ მოგახსენებთ.
- როგორც ვიცი, პროექტის ფარგლებში მოჭიდავეები საკომუნიკაციო დონეზე შეისწავლიან რუსულ და ინგლისურ ენებს. რატომ გახდა საჭირო პროექტში ამ მიმართულების ჩართვა?
- მოგეხსენებათ, 20 წელზე მეტი, მეც სპორტით ვიყავი დაკავებული. საზღვარგარეთ შეჯიბრებებსა და შეკრებებზე ყოფნისას ვხედავდი, რომ ენობრივი ბარიერის გამო იყო კომუნიკაციის პრობლემა. ეს ძალიან მაწუხებდა. ახლა კი, საბედნიეროდ, აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ვიწყებთ. პროექტის „ღონიერი-გონიერი" ფარგლებში ენის შესწავლა გულისხმობს ელემენტარულ კომუნიკაციის დონეზე ენის შესწავლას, რათა სპორტსმენებმა მათ უცხოელ კოლეგებთან და მწვრთნელებთან ურთიერთობა შეძლონ.
- რა სიხშირით ჩაუტარდებათ ენის გაკვეთილები?
- საქართველოს ნაკრები ძირითადად შეკრებაზე ან შეჯიბრზეა, როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდებათ, გაკვეთილები ჩაუტარდებათ.
- არის რაიმე განსაზღვული ვადა, რა პერიოდში უნდა აითვისონ ენა?
- დამეთანხმებით, რომ ეს ადამიანზეა დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ, მოჭიდავეები მარტო ღონიერები არ არიან და ისინი ძალიან მალე აითვისებენ ამ ყველაფერს.
- თქვენი ინიციატივით, პროექტის „ღონიერი-გონიერი" ფარგლებში, მოჭიდავეები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-აღდგენით სამუშაოებში მიიღებენ მონაწილეობას. რა სახის ღონისძიებები იქნება და რა სამუშაოებში მიიღებენ მონაწილეობას?
- ჩაერთვება ყველა, ტიტულოვანიც არატიტულოვანიც, ფედერაციაც და მწვრთნელებიც. ძირთადად იქნება ფიზიკური სამუშაო, რადგან ფრესკებთან და ასეთ რაღაცეებთან ჩვენ ვერ ვიმუშავებთ. დანარჩენ ფიზიკურ სამუშაოში ჩვენ ყველანაირად ჩავერთვებით. მოხარულები ვიქნებით, თუ დავეხმარებით და ამ კეთილ საქმეს გავაკეთებთ.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად გაამართლებს ეს პროექტი? რაიმე განსაზღვრული ვადა აქვს თუ რეგულარული ხასიათი ექნება?
- პროექტს რეგულარული ხასიათი ექნება. ეს პროექტი საქართველოში პირველად კეთდება. ანალოგიური პროექტი განხორციელდა ავსტრიაში და 1 წლის შემდეგ, როდესაც გამოკითხვა ჩაატარეს, დადგინდა, რომ 25-30%-მდე გაზრდილი იყო წიგნის კითხვის მონაცემები, არამარტო სპორტსმენებში, არამედ საერთოდ ახალგაზრდებში. ქართველები არანაკლებ ნიჭიერები ვართ და არანაკლებ გვიყვარს წიგნი. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი გაამართლებს და იქ თუ იყო 25-30%, ჩვენთან უფრო მეტი იქნება. მოლოდინი ასეთია.