„ჩვენს რეგიონში მხოლოდ საქართველომ შეძლო საერთაშორისო რეიტინგების შეინარჩუნა," - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ საპარლამენტო გამოსვლისას.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას მსოფლიო ბანკის ავტორიტეტულ რეიტინგში „ბიზნესის კეთების სიმარტივე 2017", რომლითაც საქართველომ 7 პოზიციით წაიწია წინ და 23-ე ადგილიდან მე-16 პოზიციაზე გადავიდა. ასევე, პოზიტიური შედეგებია „ჰერითიჯის ფონდის" ეკონომიკური თავისუფალების ინდექსის და სხვა მნიშვნელოვანი რეიტინგების მიხედვითაც.
"საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების - ე.წ. ევრობონდების ფასი ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც საქართველოს მთავრობის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ნდობის გამოცხადებას ნიშნავს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
მან ისაუბრა იმ დადებითი ტენდენციების შესახებ, რომელიც არსებობს საქართველოს საფინანსო სექტორში, კერძოდ, საქართველოს ბანკების ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საფონდო ბაზრებზე ფასების ზრდით ხასიათდება, რაც საქართველოსა და მისი ფინანსური სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორთა ნდობაზე მეტყველებს.
„ჩვენ დღესდღეობით გვაქვს 2016 წლის სამი კვარტლის წინასწარი მონაცემები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით, მეოთხე კვარტალის მონაცემები ხვალ გამოქვეყნდება. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წლის სამი კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით, საგრძნობლადაა გაზრდილი.
ჩვენ გასული წლის დეკემბერში მივიღეთ, დაახლოებით, 44 მილიონი ევროს ჩარიცხვები საბიუჯეტო დახმარების ფარგლებში, რომელიც მიბმული იყო კონკრეტული რეფორმების განხორციელებასთან. ეს რეფორმებია: სასამართლოს რეფორმა, სახელმწიფო ფინანსების პოლიტიკის რეფორმა, რეგიონული განვითარების რეფორმა, საჯარო მმართველობის რეფორმა, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმებიდან გამომდინარე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მხრივ განხორციელებული რეფორმები, დასაქმებისა და პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმა და სხვა", - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ. მისი თქმით, აღნიშნული თანხები კონკრეტული რეფორმის შედეგებთანაა დაკავშირებული.