logo_geo
eng_logo
გმირთა მოედნის ესტაკადაზე შუქამრეკლი ფირნიშები გაჩნდა
- +

10 მარტი. 2017. 02:56



თბილისში გმირთა მოედნის ესტაკადაზე ასასვლელ პანდუსებზე ლუმინესენცირებული შუქამრეკლი  ფირნიშები გააკრეს, რომლებიც მძღოლებს ღამის საათებში, გზის პროფილის და გაბარიტის უკეთ აღქმაში დაეხმარება.


როგორც „სითი კვირას" ​თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, ესტაკადაზე შუქამრეკლების განთავსების სამუშაოები, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს ესტაკადაზე ასასვლელ და სახიფათო მოსახვევ ადგილებს. ასეთივე შუქამრეკლი ფირნიშების განთავსება დედაქალაქში, რამდენიმე ადგილას იგეგმება.


თბილისის მერიის მიერ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გატარებულ ამ ღონისძიებას დადებითად აფასებს საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე და აცხადებს, რომ ერთი შეხედვით თითქოს პატარა დეტალი, ძალზედ მნიშვნელოვანია მძღოლისთვის, რომელსაც ღამის საათებში მოუწევს ესტაკადაზე გადაადგილება.

 

„შეიძლება ითქვას, რომ პატარა დეტალია, მაგრამ ჩემთვის, როგორც ავტომობილის მფლობელისთვის ეს ძალიან სასიამოვნო ფაქტია და ასეთი დეტალები მიძლიერებს აზრს, რომ ვიღაც ზრუნავს ჩემს უსაფრთხოებაზე",- აცხადებს შალვა ოგბაიძე.


​მისი აზრით, დედაქალაქში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ინდექსის ასამაღლებლად მსგავსი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და ლუმინესენცირებული  მანათობელი ფირნიშები ქალაქის ისეთ ობიექტებზეც განთავსდეს, რომელთა შემჩნევა ღამის სიბნელეში მძღოლს უჭირს და დროულ რეაგირებას ვერ ახდენს. 

 

„ნებისმიერი ნაგებობა, ქვეითებისთვის განკუთვნილი გადასასვლელი, თუ ბოძი, რომელიც ძალიან ახლოს არის გზის სავალ ნაწილთან, უნდა იძლეოდეს საშუალებას, რომ მძღოლი წინასწარ იყოს ინფორმირებული, განსაკუთრებით ღამის საათებში, რათა მან უზრუნველყოს, როგორც ქვეითის, ასევე საკუთარი უსაფრთხოების დაცვა. სამწუხაროდ ჩვენს დედაქალაქში, ჯერ კიდევ არის ისეთი ადგილები, რომლებსაც სანამ ავტომობილით არ მიუახლოვდები, ვერ გაარჩევ არის იქ ქვეითების გადასასვლელი, თუ არა და ვეღარ ასწრებ დამუხრუჭებას",- აცხადებს შალვა ოგბაიძე.


​მისივე თქმით, ბოლო ხანებში დედაქალაქში ბევრ ადგილას მონტაჟდება სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები, ე.წ. მწოლიარე პოლიციელები, რომელსაც კანონმდებლობის თანახმად, თან უნდა ახლდეს წინასწარი გაფრთხილების ნიშანი, რათა მძღოლმა წინასწარ შეანელოს სიჩქარე. ამის მიუხედავად, თბილისში არის, რამდენიმე ადგილი, სადაც სამწუხაროდ მძღოლი არ არის ინფორმირებული ბარიერების შესახებ და უსაფრთხოების დონის ამაღლების ნაცვლად, ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა საწინააღმდეგო შედეგი დადგეს, კერძოდ, მძღოლი ისეთი სიჩქარით მიდიოდეს, რომ ხელოვნურ ბარიერთან სწრაფი დამუხრუჭებით საავარიო ვითარება შექმნას.

„ადგილობრივი თვითმმართველობა გვაფრთხილებს, რომ ამა თუ იმ ადგილას საჭიროა სიჩქარის შეზღუდვა და ამიტომ განთავსებულია ხელოვნური ბორცვი, მაგრამ მძღოლი დააგდებ სიჩქარეს თუ არა ეს მის პასუხისმგებლობაზეა. მაგრამ, როდესაც გაფრთხილებას თან არ სდევს სათანადო საგზაო ნიშანი, ამით დათვურ სამსახურს უწევენ მძღოლს და შესაძლოა საფრთხის წარმოქმნის მიზეზიც კი გახდეს ის, რამაც საგზაო მოძრაობის წევრების სიცოცხლის დაცვა უნდა უზრუნველყოს",- განმარტავს შალვა ოგბაიძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner