ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში მსჯავრდებულს, მიმალვაში მყოფ რაშიდ კანჯი-ოღლის დაუმძიმა სასჯელი და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„2016 წლის 26 დეკემბერს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით დაუსწრებლად დამნაშავედ სცნო რაშიდ კანჯი ოღლი, რომელსაც 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სასამართლოს მიერ დანიშნულ სასჯელის ზომას და უფრო მძიმე სასჯელის დანიშვნის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართა.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 19 მაისს, დაახლოებით 14:15 საათზე, გიგა ოთხოზორიამ მისი მართვის ქვეშ მყოფი "ოპელ-ასტრას" მოდელის ავტომანქანით ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მდებარე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ საზღვართან ნაცნობები ლ.ა და რ.ქ მიიყვანა, რომლებსაც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის ტერიტორიაზე სურდათ ახლობლის დაკრძალვისთვის შეძენილი პროდუქტის გადატანა. მათი დახმარების მიზნით გიგა ოთხოზორია მდინარე ხაიაზე არსებული ხიდით ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით გაემართა, სადაც სურდა მოლაპარაკებოდა იქ მყოფ პირებს, რათა მის ნაცნობებს პროდუქტის გადატანაში დახმარებოდნენ. საუბარში ადმინისტრაციულ საზღვართან მყოფი აფხაზეთის არაკანონიერი ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ, მათ შორის ე.წ. „მესაზღვრე" რაშიდ კანჯი-ოღლი. საუბარი შელაპარაკებაში გადაიზარდა, რა დროსაც კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, გიგა ოთხოზორია საქართველოს კონტროლირებად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩას ტერიტორიისკენ გაემართა. მას მუქარით, უკან დაედევნენ აფხაზეთის არაკანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული რაშიდ კანჯი-ოღლი. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ, უკვე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩას ტერიტორიაზე რაშიდ კანჯი-ოღლი დაეწია გიგა ოთხოზორიას და განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში ესროლა. მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია ძირს დაეცა, ხოლო კანჯი-ოღლიმ წაქცეულ გიგა ოთხოზორიას თავის არეში საკონტროლო გასროლით მიაყენა დაზიანება, შემდეგ კი თანმხლებ პირებთან ერთად დატოვა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შემთხვევის ადგილიდან მოხდა ნივთიერი მტკიცებულებების ამოღება, დაიკითხა 36 მოწმე, დაინიშნა სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის კომპლექსური-ტრასოლოგიური, ბიოლოგიური, ქიმიური ექსპერტიზა, კომპლექსური-ბალისტიკური, ბიოლოგიური ექსპერტიზა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე გამოძიების ფარგლებში ამოღებული და გაშიფრული იქნა ვიდეოფირები, რომელზეც ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა ჩატარდა.
პროკურატურამ რაშიდ კანჯი-ოღლის ბრალდება 21 მაისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) დაუსწრებლად წარუდგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე რაშიდ კანჯი-ოღლის აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და გამოტანილი იქნა დადგენილება ძებნის თაობაზე.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ რაშიდ კანჯი-ოღლი დაუსწრებლად, სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა", - ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.