logo_geo
eng_logo
წინასწარი მონაცემებით, 2016 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1, 6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
- +

10 მარტი. 2017. 14:48




 წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2016 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1, 6 მილიარდ  (1,645 მლნ.) აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 22%-ით აღემატება 2015 წლის წინასწარ მონაცემებს, ხოლო 5%-ით ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებს. 2016 წელს ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა რეინვესტიციების ოდენობა და მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32% შეადგინა.


ასევე წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 330 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2015 წლის მეოთხე კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 23%-ით, ხოლო ამავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე 1%-ით მეტია.

 

„ბოლო წლებში გაზრდილი საინვესტიციო ნაკადები გამოწვეულია მთავრობის მიერ გატარებული, ასევე დაგეგმილი ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმებით, რამაც დადებითი გავლენა იქონია ინვესტორების განწყობაზე", -  აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ.


მისივე განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით, რამაც გააუმჯობესა ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და ხელი შეუწყო სხვადასხვა ეკონომიკური სექტორის განვითარებას.


„საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური, მათ შორის საგადასახადო, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი რეფორმები, ევროპასთან უვიზო მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან ერთად ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას. საქართველო განაგრძობს წინსვლას ეკონომიკური თავისუფლებისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის მაჩვენებლებში", - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.

 

მისი თქმით, გასულ წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დარგობრივ ჭრილში შემდეგნაირად გადანაწილდა: ყველაზე მეტი, 645 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39%-ია. მეორე ადგილზე  ენერგეტიკის სექტორია 203 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 12%), ხოლო მესამეზე - მშენებლობა 163 მლნ. აშშ დოლარით (10%). 


აღსანიშნავია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა რეალურ სექტორში ინვესტიციების ზრდით იყო გამოწვეული. 2016 წელს ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში და 79% (53 მლნ. აშშ დოლარით მეტი ინვესტიცია) შეადგინა. ზრდის თვალსაზრისით ასევე გამოირჩეოდა  ენერგეტიკის (ზრდამ წინა წელთან შედარებით  64% - 79 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) და მშენებლობის სექტორები (ზრდამ წინა წელთან შედარებით  47% - 52 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა). ასევე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში - 10% (60 მლნ. აშშ დოლარი).


„იმ ქვეყნებს შორის,  საიდანაც 2016 წელს საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიციები შემოვიდა, აზერბაიჯანი ლიდერობს 578 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანის ინვესტიციების 35%). ასევე აღსანიშნავია 199 მლნ. აშშ დოლარით გაზრდილი ინვესტიციები თურქეთიდან, რაც 272 მლნ. აშშ დოლარია. მესამე ადგილზე გაერთიანებული სამეფოა, საიდანაც 121 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. მეოთხე და მეხუთე ადგილებს ნიდერლანდები და ჩეხეთი იკავებს  95 მლნ. და 93 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციებით", - განაცხადა ჯავახაძემ.


მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინსვლას ბიზნესის კეთებისა და ეკონომიკური თავისუფლების კუთხით ადასტურებს საქართველოს პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში, რაც ხელს უწყობს ქვეყნის მომავალ საინვესტიციო მიმზიდველობას. მისი განცხადებით, მსოფლიო ბანკის „Doing Business 2017" წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით 7 ადგილით გაუმჯობესდა და 190 ქვეყანას შორის 23-ე ადგილიდან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა. ასევე ათი ადგილით არის გაუმჯობესებული საქართველოს პოზიცია Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი" 2017-ის რეიტინგებში, სადაც მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის მე-13 ადგილზეა „უმეტესად თავისუფალი" სტატუსით.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner