logo_geo
eng_logo
დავით აღმაშენებლის გამზირი N31-ში მდებარე ისტორიული შენობის ძველი იერსახე წლის ბოლომდე აღდგება
- +

29 მარტი. 2016. 23:55


დავით აღმაშენებლის გამზირი N31-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რომის და სუნდუკიანის ქუჩებით მოსაზღვრული განაშენიანების ნაწილია. გამზირის ეს მონაკვეთი ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთიანი ურბანული მასშტაბით გამოირჩევა.


აღმაშენებლის N31-ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი XIX საუკუნის დასასრულსაა აგებული.


შენობის აივანი ფოთლოვანი და ხვეული დეკორატიული ორნამენტით არის შემკული.

შენობა აგურით არის ნაშენი, იგი შელესილია და შეღებილი. ფასადების გაფორმებაში, იმდროინდელი ეპოქისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ნეოკლასიცისტური პროფილები და როკოკოს სტილის ელემენტებია გამოყენებული.


ვარციხის ქუჩის ფასადზე ყურადღებას იქცევს ერთიმეორის გვერდით განლაგებული ლითონის გრეხილი ორნამენტით მდიდრულად გაფორმებული ეზოში შესასვლელი ჭიშკარი და სადაბრაზოს ხის კარი ლითონის აჟურული ცხაურით. ორივე მათგანი შენობის თანადროულია და გამოირჩევა დეკორის დამუშავების მაღალი ხარისხით.


პირველი სართული სავაჭრო ობიექტებს უკავია. ის არაერთხელ არის გადაკეთებული, დანაწევრებულია მაღაზიების კარებითა და ვიტრინებით.


სახლს აქვს ძალიან მცირე ჭისებრი ეზო, რომელიც ყველა მხრიდან შენობის ფარგლებშია მომწყვდეული. ეზოს ფასადს ძველი ელემენტებიდან მხოლოდ ხის რამდენიმე კრონშტაინი აქვს შერჩენილი.

სახლს აქვს სადარბაზოც, სადაც შესვლისთანავე ყურადღებას იქცევს ერთმარშიანი თეთრი მარმარილოს კიბე, რომელიც პირდაპირ მეორე სართულს უკავშირდება.


მთვარი ფასადები გარკვეული სახეცვლისა და დაზიანების მიუხედავად, თავდაპირველი სახითაა შემონახული. დავით აღმაშენებლის გამზირი N31-ში მდებარე შენობა პროექტ "ახალი ტფილისის" ის ერთ-ერთი მნიშნელოვანი ძეგლია, რომელიც ამჟამად რეაბილიტაციისა და რესტავრაციის პროცესშია. ისტორიული შენობა ძველ იერსახეს წლის ბოლომდე აღიდგენს და განახლებული სახით თბილისის ახალ ტურისტულ მარშრუტს შეუერთდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner