logo_geo
eng_logo
აშშ-ს საელჩომ დაღუპული ქართველი პოლიციელი ქალის სახელობის ორდენი დააწესა
- +

11 მარტი. 2017. 10:32


თბილისში დასრულდა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - „ქალები პოლიციაში", რომელიც საქართველოს შს სამინისტროს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობდა. ღონისძიებაში 18 ქვეყნის 300-მდე პოლიციელი  ქალი მონაწილეობდა.


კონფერენციის ფარგლებში, წელს პირველად აშშ-ს საელჩომ დააწესა კახეთის რეგიონში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის - მაია ჯავახიშვილის სახელობის ორდენი. პირველი ორდენები ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს - მაია ფელიშვილს, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის, და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ ამერიკელ პოლიციელს - კორტნი გეილს გადაეცათ. ღონისძიებას  გარდაცვლილი ქართველი პოლიციელის და - თინათინ ჯავახიშვილიც ესწრებოდა. ამერიკელ პოლიციელ ქალს მან ორდენი პირადად გადასცა.


კონფერენციაზე, ოთხი დღის განმავლობაში, ქალ-სამართალდამცველებს სამართლებრივი სფეროს სხვადასხვა თემაზე ტრენინგები ჩაუტარდათ. ღონისძიების მონაწილეებმა პრაქტიკული სავარჯიშოები შეასრულეს და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. დასასრულს, ყველა მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცა.


კონფერენცია  -„ქალები პოლიციაში" საქართველოში ყოველი წლის მარტში იმართება და  სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლებას, პოლიციელთა რიგებში ქალის როლის წარმოჩენას  და მათი მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner