logo_geo
eng_logo
თბილისის მერმა ნაძალადევის რაიონში მშენებარე ბაღი დაათვალიერა
- +

11 მარტი. 2017. 13:48



ნაძალადევის რაიონში, თემქაზე, ურეკის ქუჩის №4-ში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობის ძირითადი ნაწილი დასრულებულია.  მშენებარე ბაღში დღეს, თბილისის მერი დავით ნარმანია, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე იმყოფებოდნენ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.


ახალი ბაღი ყოფილი №113-ე ბაღის ტერიტორიაზე მდებარეობს. ორსართულიანი შენობა 1 483 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული. ბაღში 10 ჯგუფი, მათ შორის ორი ბაგა გაიხსნება და სკოლამდელი განათლების მიღებას 400-მდე ბავშვი შეძლებს. ახალ საბავშვო ბაღში 65-მდე ადამიანი დასაქმდება. შენობა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

 

„მიმდინარეობს საბავშვო ბაღების მშენებლობის მონიტორინგი მთელი ქალაქის მასშტაბით. ამ ეტაპზე პარალელურად ათზე მეტი ბაღი შენდება. კონკრეტულად ეს ბაღი, რომელიც თემქის მოსახლეობას მოუხსნის პრობლემას, გაიხსნება სექტემბერში. მანამდე ბაღი დასრულდება და აღიჭურვება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


ურეკის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და პირველი ნაკადის მიღებას 2017 წლის სექტემბრიდან შეძლებს. თბილისში ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა გრძელდება . სექტემბრისათვის დედაქალაქს  ხუთი ახალი ბაღი შეემატება.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner