logo_geo
eng_logo
„გორგიას“ კვანძი
- +

30 მარტი. 2016. 02:39


ძვირფასო მკითხველო, როგორც მოგეხსენებათ, „გორდიას კვანძი", ძველი ბერძნული ლეგენდის მიხედვით, ფრიგიის მეფე გორდიამ დახლართა და ვინც ამ კვანძს გახსნიდა, აზიის მბრძანებელი გახდებოდა, თუმცა, ალექსანდრე მაკედონელს კვანძის გახსნაზე არ უწვალია და იგი პირდაპირ მახვილით გაკვეთა. რაც შეეხება „გორგიას კვანძის" ამბავს, რომლის შესახებაც წინამდებარე წერილში მოგითხრობთ, მისი მთავარი მოქმედი პირები ჰიპერმარკეტ „გორგიას" მილიონერი მეპატრონე გია გორგოშაძე, არანაკლებ მილიონერი პარლამენტარი ნანა ყეინიშვილი და ამ ორი აფერისტის მიერ უსინდისოდ მოტყუებული გორგოშაძის ყოფილი მეუღლე, ქალბატონი ნინო დარსალია არიან.



აჭარელ გია გორგოშაძეს, რომლის პედაგოგი და პენსიონერი მამა ამჟამად ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კიბეში ცხოვრობს, ბათუმში პატარა მაღაზია ჰქონდა, სადაც ძირითადად ჩაქუჩები და სხვადასხვა ზომის ლურსმნები იყიდებოდა... გიაც ჯახირობდა, ხან ჩაქუჩს ურტყამდა ლურსმანზე, ხან - ჩაქუჩს ჩაქუჩზე, ხოლო მოგვიანებით ეს ჩაქუჩი თავშიც ჩაირტყა.


2003 წელს გია გორგოშაძემ თავისი წვრილი ბიზნესის უკეთ წარმართვის მიზნით მმართველად, ანუ მენეჯერად ოდესის გემთმშენებელი ინსტიტუტის კურსდამთავრებული ნინო დარსალია მოიწვია... მალე გორგოშაძე და დარსალია დაქორწინდნენ, ჯვარი დაიწერეს და ბიზნესის გაფართოება-განვითარებას ერთობლივი ძალებით შეუდგნენ...


ნინო დარსალიამ, რომელიც ბათუმში ცნობილი, პატივცემული და შეძლებული ოჯახის შვილია, საოჯახო ბიზნესის ასაღორძინებლად მეუღლეს თავისი კუთვნილი 2 კილოგრამი ოქრო მიართვა... ნიჭიერი და განათლებული ქალბატონის მოხერხებულობამ, გამოცდილებამ და ბიზნესის ცოდნამ მალე სწორედ ოქროს ნაყოფი გამოიღო და გორგოშაძე-დარსალიას შპს „გორგიამ", რომელიც ახლა უკვე მხოლოდ ლურსმნებითა და ჩაქუჩებით კი არა, თითქმის ყველა სახის სამშენებლო და სარემონტო მასალით ვაჭრობდა, ფრთები გაშალა!


ბედნიერმა და წარმატებულმა ცოლ-ქმარმა ბათუმში მომძლავრებისა და ფეხზე მყარად დადგომის შემდეგ მზერა თბილისს მიაპყრეს... გადაწყვიტეს, თავიანთი ახლად ყელმოღერებული ბიზნესი თბილისშიც გადმოეტანათ და ასეც მოიქცნენ...


ის დრო იყო, როცა სააკაშვილის ნაცისტური რეჟიმი ყარდა, აქოთებულ სტომაქს ადამიანების ძვლებითა და სისხლით ივსებდა, უამრავი ბიზნესმენი მოკლეს, დაიჭირეს, „გაპარსეს", გაატყავეს, ქარვასლები და საწყობები გადაუწვეს, მაგრამ „გორგია", ნინო დარსალიას ჭკუა-გონების წყალობით, ძლიერდებოდა, ფართოვდებოდა და მილიონებს იხვეჭდა...


და აი, ერთ მშვენიერ დღეს მიხეილ-ყაენის ბასკაკებმა გია გორგოშაძესაც შეუღრინეს - სასწრაფოდ 15 მილიონი ლარი მოგვიცუნცულე, თორემ დაგიჭერთ და შენს შემწვარ ღვიძლს ან ბაჩო ახალაიას შევაჭმევთ, ან არადა, ცოცხზე შეგსვამთ და გიული ალასანიას ბუხრიდან გაგაფრენთო!


გორგოშაძემ არც აცია, არც აცხელა,  ზუსტად ისე გამოეწყო, როგორც ყვარყვარე თუთაბერი - აგრაფინას კაბაში, ფულები უცხოეთის ბანკებში გადამალა და თურქეთში დურთა თავი.


შპს „გორგიას" ბიზნესი რომ არ ჩამოქცეულიყო, საქართველოში დარჩენილი მისი მეუღლე, ქალბატონი ნინო დარსალია დატრიალდა, იბრძოლა, თბილისში იოსებიძის ქუჩის № 57-ში მდებარე 320 კვ. მ. ფართობის ბინა, რომელიც 2004 წელს საკუთარი სახსრებით შეიძინა, სასწრაფოდ გაყიდა, სხვა თანხებიც შეაკოწიწა, 15 მილიონის ნაცვლად 5 მილიონი ლარი ბიუჯეტში შეიტანა და ბიზნესიც გადაარჩინა და მეუღლეც...


მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, სააკაშვილის ბასკაკებმა გია გორგოშაძეს წყევლა-შეჩვენება ახსნეს და შპს „გორგიას" თურქეთში გაქცეულ მეპატრონეს სამშობლოში დაბრუნების ნება დართეს. გორგოშაძე დევნილობიდან დაბრუნდა და ბედნიერად განაგრძო საოჯახო ბიზნესის მართვა, რომელიც ერთგულმა და ჭკვიანმა ცოლმა ხელუხლებელი, კიდევ უფრო აღორძინებული და გაფართოებული დაახვედრა!


ამასობაში, სად იყო და სად არა, „წითელი ჯვრის" ჩემოდნით ხელში, ნინო დარსალიასა და გია გორგოშიძის ალაყაფის კარზე საერთაშორისო ორგანიზაცია „წითელი ჯვრის" მაშინდელმა პრეზიდენტმა და დღეს უკვე პარლამენტარმა, კოალიცია „ქართული ოცნების" წევრმა ნანა ყეინიშვილმა მიაკაკუნა!


საქმეში გამოცდილმა და ჯვარცმული ქვეყნის „წითელი ჯვრის" პრეზიდენტმა, სუტკნეინა ნანა ყეინიშვილმა გორგოშაძეს ფრიად მაცდური გარიგება შესთავაზა - თუ გინდა, მიხეილ ყაენთან „სიტუაციას დაგილაგებ" და მეტსაც გეტყვი - აფრიკაში, განას რესპუბლიკაში, ოქროს ბიზნესში ჩაგრთავ და კიდევ უფრო მეტ ფულს გაშოვნინებო!


რამდენად რეალური იყო ეს ბიზნესი და რა მოილაპარაკეს სუტკნეინა ნანა ყეინიშვილმა და გია გორგოშაძემ ერთმანეთში, ეშმაკმა უწყის, მაგრამ ისე მოხდა, რომ მათ ნინო დარსალია დაიყოლიეს და „განას ოქროს ბიზნესში" ფულიც მას ჩაადებინეს - 87 ათასი ამერიკული დოლარი!


აი, სწორედ აქედან დაიწყო გორგოშაძე-ყეინიშვილის მიერ ნინო დარსალიას „გადაგდება", გაცრუებისა და მშრალზე დატოვების ბინძური და სამარცხვინო ქრონიკა.


როგორც მოგვიანებით გაირკვა, განას რესპუბლიკაში არავითარი „ოქროს ბიზნესი" არ დაწყებულა და გია გორგოშაძემ და ნანა ყეინიშვილმა ნინო დარსალიას 87 ათასი დოლარი თაღლითური გზით გამოსძალეს!


ბუნებრივად დაისმის კითხვა - რატომ უმუხთლა გია გორგოშაძემ ერთგულ მეუღლეს, რომელმაც მას მრავალმილიონიანი ბიზნესი შეუქმნა, გადაურჩინა და შეუნარჩუნა? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ისევ და ისევ ფრანგ კრიმინალისტებს უნდა დავესესხოთ და მათი საყვარელი გამოთქმა გავიხსენოთ - „ეძიე ქალი!"


როგორც შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, გია გორგოშაძეს მეუღლესთან მიმართებაში უფრო შორს მიმავალი გეგმა ჰქონია, რომელიც სასაცილოც გახლავთ, სატირალიც და გულის ამრევიც...


აღმოჩნდა, რომ გორგოშაძემ, რომელმაც, თურმე, შპს „გორგიაში" მომუშავე 20 წლის სტაჟიორ გოგონას დაადგა თვალი, ჯვარდაწერილი ცოლის ნინო დარსალიას „გადაგდება" და ერთობლივი ბიზნესიდან „მოტეხვა" განიზრახა!


ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად გია გორგოშაძემ თავი მოიგიჟიანა და ნაცნობ-უცნობებში ხმების გავრცელება დაიწყო - ჩემი ცოლი ჯადოს მიკეთებს და იქნებ კარგი მკითხავი მიმასწავლოთ, უნდა შევალოცინოო!


საქართველოში მკითხავებსა და მჩხიბავებს რა დალევს, და გორგოშაძეც დაფაცურდა... დატრიალდა ის ახალგაზრდა გოგონაც, რომელიც, თუ ბოროტ ხმებს დავერწმუნებით, გორგოშაძეს დღედაღამ „ლოცავდა" და შედეგმაც არ დააყოვნა - ბოდბეში, მოციქულთა სწორ წმინად ნინოს საუკუნო განსასვენებლის ქვემოთ, სადაც განთქმული წყარო და აბაზანაა, გია გორგოშაძემ ჩაყვინთა და გონება გაუნათდა!


დიახ, პატივცემულო მკითხველო, გია გოგოშაძე სრული სერიოზულობით ამტკიცებს და ხალხშიც ლაპარაკობს: ბოდბის წყაროზე ბანაობისას ხილვა მქონდა - ჯარდაწერილ მეუღლეს ნინო დარსალიას გაცილდი და ცოლად ის 20 წლის პრაქტიკანტი გოგონა შეირთეო!


გორგოშაძემ ხილვა მალე აიხდინა, მეუღლეს ყურით მოთრეული კონფლიქტის საბაბით დაშორდა და ცოლად პრაქტიკანტი თუ სტაჟიორი მოიყვანა!


2010 წელს გია გორგოშაძე და ნინო დარსალია გაიყარნენ... ქალბატონმა ნინომ ერთობლივი ძალებით შექმნილი საოჯახო ბიზნესიდან თავისი წილი მოითხოვა. მოწმეთა თანდასწრებით, რომლებსაც ორივე მხარე ენდობოდა, ნინო დარსალიას ყოფილმა მეუღლემ გია გოგოშაძემ პირობა მისცა, რომ თავის კუთვნილ ბიზნესწილებსა და ქონებას გადაუფორმებდა. მოგვიანებით კი, იმავე მოწმეთა თანდასწრებით, გორგოშაძემ დარსალიას ბიზნესწილებისა და ქონების სანაცვლოდ დათქმულ დროში 10 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდა შესთავაზა!


დათქმული დრო გავიდა, მაგრამ გია გორგოშაძე ყოფილ მეუღლეს არც 10 მილიონს აძლევდა, არც ბიზნესწილებსა და არც ქონებას!


როცა ქალბატონმა ნინომ ხმა აიმაღლა და თავისი წილი მოითხოვა, რომელიღაც შავი ხვრელიდან ისევ გამოსუნსულდა „წითელი ჯვრის" ჩემოდნით ხელდამშვენებული სუტკნეინა ნანა ყეინიშვილი და ნინო დარსალიას შეუტია - რას მიჰქარავ, არაფერი გეკუთვნისო!


დარსალიას მდგომარეობა კიდვ უფრო დამძიმდა და გართულდა მას შემდეგ, რაც ნანა „ყეენმა" ტყავი გამოიცვალა, „ქართულ ოცნებაში" ამოჰყო თავი და პარლამენტარი გახდა. სუტკნეინა ყეინიშვილმა ახლა უკვე სახელმწიფოს სახელით მოუღერა მუშტი ნინო დარსალიას - მთელი პროკურატურა ჩემია, ციხეში ამოგალპობ, მოუსავლეთში გაგისტუმრებო!


მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ეს საქმე ძიებაშია და ვნახოთ, რა მოხდება!


ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ არა გვგონია, ნანა ყეინიშვილს „წითელი ჯვრის" ჩემოდანში ან მელიის ქურქის ჯიბეში პროკურატურაც ედოს და აფერისტი ქმრის მიერ „გადაგდებული" ქალბატონი იმავე პროკურატურამ უპატრონოდ დატოვოს!


რაც შეეხება გია გორგოშაძის ბიზნესსაქმიანობას, მკითხავებთან სიარულსა და ბოდბეში ჩაყურყუმელავების შემდეგ მისი გონების გასხივოსნებას, გვჯერა, ამ საკითხებს პროკურატურა გულისყურით შეისწავლის, მანამდე კი, მკითხველს განსჯისათვის ვუტოვებთ გორგოშაძის მიერ ნოტარიულად დამტკიცებულ დოკუმენტს ერთადერთი შეკითხვით - არის თუ არა ამ ფურცელზე ხელის მომწერი ადამიანი თაღლითი?

 

ადმინისტრაციული სარჩელი ??????


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner