logo_geo
eng_logo
„წმიდა გრიგოლ ფერაძის წერილები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ქრისტეფორე მესამეს“
- +

11 მარტი. 2017. 22:44



ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„წმიდა გრიგოლ ფერაძის წერილები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ქრისტეფორე მესამეს:

 

„თქვენო უწმიდესობავ!

 

ამას წინათ შევიტყვე ამბავი თქვენი საკათოლიკოსო ტახტზე აბრძანების შესახებ, გისურვებთ ღვთის შეწევნას და კეთილდღეობას ამ მძიმე დღის სატვირთველად. თუ ჩემს ამბავს იკითხავთ, ვარ ამჟამად ბონის უნივერსიტეტში პროფესორის ადგილზედ და თებერვლის ბოლოს ვიგზავნები ვენაში მხითარისტებთან სომხური ლიტერატურის საფუძვლიანად შესასწავლად. დავასრულე 1926 წელს დისერტაცია „ქართული ბერობის ისტორია." სამწუხაროდ, ჯერ მთლიანად გამოცემული არაა, მხოლოდ ნაწილების გამოცემა მოვახერხე: 1) დასკვნა, დაიბეჭდა 1926 წ. ბერნში ანტათენიტების ორგანოში. 2) ბერობის დასაწყისი საქართველოში ცამეტ სირიელ მამათა პრობლემა, დაიბეჭდა 1927 წელს გერმანიაში. 3) ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების მოღვაწეობის შესახებ გამოვეცი ფრანგულად 1927 წელს. ეს სამივე შრომა გამოვაგზავნე თბილისში საკათოლიკოსო საბჭოს მისამართით. გარდა ამისა, პროფესორ ბაუმტარესთან ერთად გამოვეცი კორნელი კეკელიძის იერუსალიმის განჩინება და ამჟამად იბეჭდება გერმანულად ქართული ლიტერატურის მიმოხილვა დასაწყისიდან X საუკუნემდე.

 

საქართველოში დედაჩემის გარდა არავისთან კავშირი არ მაქვს, ყველამ თითქოს დამივიწყა. არც ნებას მაძლევენ სახლში დაბრუნებისას, არ ვიცი მიზეზი. დაახლოებით ოთხ-ხუთ წელიწადს კიდევ დავრჩები აქ სემიტურ ფილოლოგიაში (ებრაული, სირიული, არამეული და არაბულ ენათა) ცოდნის გასაღრმავებლად, რომელთაც უკვე 5 წელიწადს თეოლოგიასთან ერთად ვსწავლობდი. ვეცდები კიდევ, იქნება მომიხერხდეს ნებართვის მიღება და თუ ეს მომიხერხდა, რომელიმე მართლმადიდებელ ქვეყანაში წავალ და იქ ხუცესის სამსახურს მოვძებნი. გერმანიაში სამუდამოდ დარჩენა, თუმც აქ ნივთიერად სრულიად უზრუნველყოფილი ვარ და აკადემიურ კარიერასაც ადვილად გავაკეთებ, მე ნაკლებად მაინტერესებს, ვინაიდან ჩემ მიზანს შეადგენდა და შეადგენს სასულიერო დარგში მოღვაწეობა. მრავალი სალამი მეუფეებს: კალისტრატეს, დავითს, მელქისედეკს, პავლეს, სტეფანეს, იოანეს, ეფრემს."

 

გრიგოლ ფერაძემ პირველ წერილს სულ მალე მეორეც მოაყოლა: „თქვენს უწმიდესობას მოეხსენება, 1921 წლის გელათის III საეკლესიო კრების დადგენილებით მე ვიყავი გამოგზავნილი გერმანიაში ღვთისმეტყველების შესასწავლად არტურ ლაისტის დახმარებითა და გზის ჩვენებით. უკვე ორი წელიწადია, რაც მივაღწიე ჩემს მიზანს ე.ი. შევისწავლე ღვთისმეტყველება, არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ ბელგიაში, ინგლისში, ამ ორი წლის წინ ვიყავი მიწვეული ჩემს ძვირფას მასწავლებელ პროფ. გუსენის თანამოადგილედ ბონში ქართულ-სომხური ფილოლოგიის კათედრაზე. მეცნიერულად მაქვს ყოველგვარი საშუალება წარმოდგენისა, ნივთიერადაც სრულად უზრუნველყოფილი ვარ, მაგრამ ვკადნიერდები მისი უწმიდესობის წინაშე თხოვნით, ვინაიდან მეცნიერული მუშაობა სრულად არ მაკმაყოფილებს, უმორჩილესად გთხოვთ, დამეხმაროთ საქართველოში დაბრუნებაში, ჩვენ მრავალტანჯული ეკლესიის წიაღში სამუშაოდ.

1928 წლის 15 იანვარი."

 

P.S. პატრიარქმა ქრისტეფორემ კარგად იცოდა მისი დაბრუნება უეჭველ დაპატიმრებას და დახვრეტას უდრიდა, ამიტომ უარი უთხრა სამშობლოში დაბრუნებაზე", - წერს სერგო ვარდოსანიძე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner