ომბუდსმენის აპარატი ბათუმში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება და აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. აჭარაში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ციალა ქათამაძემ განაცხადა, რომ ბათუმში დაკავებული ექვსივე პირი აცხადებს, რომ პოლიციის მხრიდან დისკრიმინაციულ ქმედებებს ან უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი არ ჰქონია.
„ბათუმში მიმდინარე აქციას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ვაკვირდებით. შევხვდით ექვსივე დაკავებულს, რომლებიც აცხადებენ, რომ არანაირი პრეტენზია პოლიციელების მიმართ, დაკავებისას უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე არ აქვთ და ასევე ადგილი არ ჰქონია გარკვეული დისკრიმინაციული ტერმინების გამოყენებასაც. გავაგრძელებთ დაკვირვებას. თუმცა სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს, როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე შსსს სიმშვიდისკენ. მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იქნას როგორც გამოხატვისა და მანიფესტაციის უფლება, ასევე სიმშვიდის წესრიგისა და უსაფრთხოების უფლება", - განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოსახლეობასა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. ჭავჭავაძის ქუჩაზე დღეს ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მძღოლს ჯარიმა დაუწერა, რასაც მოქალაქეების პროტესტი და გზის გადაკეტვა მოჰყვა.