სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე ლევან იზორიამ სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ფარული ვიდეოჩანაწერების საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, არჩევნების შემდეგ იყო პერიოდი, როდესაც, შესაძლებლობა არსებობდა ფარული ვიდეოჩანაწერები ქვეყნიდან გაეტანათ. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა ვიდეოები ატვირთულიყო უკრაინიდან შვედეთიდან ან ლიტვიდან.
„კადრების გატანას უნდა ერთი დღე. მე შეგნებულად გითხარით, რომ იმ პერიოდში როდესაც ოქტომბრის თვეში, თითქმის ერთი თვე შესაძლებლობა ჰქონდათ მავანთ, ეს კადრები გაეტანათ, საკმარისი იყო იმისთვის, რომ დიახ, გაეტანათ. რეაგირებას როგორ მოვახდენდით, როდესაც უფლებამოსილებას არ ვახორციელებდით. შესაბამისად, შეიძლება კითხვა გაჩნდეს იმ მომენტში რეაგირებაზე. იმ მომენტში, ჩვენ უფლებამოსილებებს არ ვახორციელებდით. გატანილია თუ არა კადრები, საიდან ხდება ამ კადრების გავრცელება და ატვირთვა - თქვენ გახსოვთ, რომ გამოძიების ფარგლებში, საერთაშორისო მომსახურების ცენტრებს მივმართეთ დახმარებისთვის. მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ რაღაც ვიდეოები აიტვირთა კონკრეტული ქვეყნებიდან. საუბარი იყო უკრაინაზე, შვედეთზე და ლიტვაზე", - განაცხადა იზორიამ.