13 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული დრამატურგიული კონკურსის „ახალი ქართული პიესა - 2017" გამარჯვებულებს გამოავლენს.
ღონისძიებას ასევე გაუძღვებიან მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი მანანა ანთაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი დეა მეტრეველი.
კონკურსი ახალი ქართული პიესა, ტრადიციულად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. კონკურსის მიზანი თანამედროვე ორიგინალი და ნათარგმნი პიესების გამოვლენა, ავტორების წახალისება და ამავდროულად, თეატრების რეპერტუარის გამდიდრებაა.
2017 წლის კონკურსზე წარმოდგენილი იყო 18 პიესა. ჟიურის ხუთმა წევრმა, სამი მათგანი შეარჩია, რომელთა ვინაობაც დაჯილდოების დღეს გახდება ცნობილი. გამარჯვებულებს ფულადი პრემიები და ფონდის პრიზი „თუმანიშვილის ვაშლი" გადაეცემათ.
მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის განვითარების ფონდმა თანამშრომლობა დაიწყო ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან და წელს, კონკურსი „ახალი ქართული პიესა 2017" ვრცელ, საერთაშორისო ფორმატშია წარმოდგენილი. სამივე გამარჯვებული პიესა ითარგმნება გერმანულ ენაზე, გამოიცემა და წარდგენილი იქნება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2018 წელს, სადაც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყანაა.