საქართველოს მორაგებთა ნაკრებმა „დინამო არენას" სტადიონზე რუსეთის ნაკრები ანგარიშით 28:14 დაამარცხა. "ბორჯღალოსნებმა" რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმეს.
"ბორჯღალოსნებმა" ანგარიშის გახსნა მალევე, მე-4 წუთზე შეძლეს. ლელოს დამიწება გიორგი კოშაძემ მოახერხა, რომელმაც ნაკრებში ჩატარებულ მეოთხე შეხვედრაში უკვე მეოთხე ლელო მიითვალა.
მერაბ კვირიკაშვილმა მახვილი კუთხიდან გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 7:0 გახადა.
26-ე წუთზე საქართველომ კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხა. მერაბ კვირიკაშვილმა ულამაზესი სოლო რეიდის შემდეგ, სადაც რამდენიმე რუსი მორაგბე ჩამოიტოვა, პასი ვასილ ლობჟანიძეს მისცა, რომელსაც ლელოს დამიწება
არ გასჭირვებია. კვირიკაშვილმა კი გარდასხვა კვლავ ზუსტად შეასრულა - 14:0.
ტაიმის მიწურულს რუსებს სხვაობის შემცირება შეეძლოთ, თუმცა ჯარიმა არაზუსტად შეასრულეს.
საბოლოოდ ტაიმი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით ანგარიშით 14:0 დასრულდა.
50-ე წუთზე ვასილ ლობჟანიძემ უკვე მეორე ლელო მიითვალა, რასაც კვირიკაშვილმა გარდასახვით 2 ქულა დაუმატა და ანგარიში 21:0 გახადა.
52-ე წუთზე უსიამოვნო ფაქტი მოხდა - მამუკა გორგოძესა და რუს მორაგებს შორის მცირე ინციდენტი დაფიქსირდა, თუმცა მალევე განიმუხტა.
55-ე წუთზე რუსებმაც შეძლოს ლელოს დადება. 5 ქულა იური კუშნაროვმა ჩაიწერა. რუსებმა გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს 21:7.
58-ე წუთზე კვირკაშვილს სხვაობის გაზრდა შეეძლო, თუმცა ჯარიმა ვერ გაიტანა.
67-ე წუთზე კი დავით კაჭარავამ ჩაიწერა ლელო საკუთარ ანგარიშზე, კვირიკაშვილს ამჯერად სიზუსტემ არ უმტყუნა - 28:7.
75-ე წუთზე რუსებმა მეორე ლელოს დადება შეძლეს და გარდასახვაც გაიტანეს - 28:14.
საბოლოოდ საქართველომ რუსეთი ანგარიშით 28:14 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებს რუსეთის გუნდთან აქამდე 20-ჯერ უთამაშია. 18 მატჩში ქართველებმა მოიგეს, ერთი ფრედ დასრულდა, ერთშიც გამარჯვება რუსებს დარჩათ 1993 წელს.