პარლამენტის წევრი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„ვიზა-ლიბერალიზაცია უმნიშვნელოვანესი აქტია ჩვენი მოქალაქეებისათვის. განსაკუთრებით, იმ კატეგორიის ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ევროპა და ევროპული აზროვნება მანდილოსნისთვის ნიშნავს პლაკატზე საკუთარი სასქესო ორგანოს გამოსახვას და ემოციურ სკანდირებას, რომ მათ სურთ "ორგაზმი მამაკაცის გარეშე". ევროპა და ევროპული აზროვნება ნიშნავს, რომ შენ პატივს სცემ საზოგადოებას და თავს არავის ახვევ - პირადი ცხოვრება მამაკაცის გარეშე გსურს, თუ მამაკაცის თანხლებით. არავის აინტერესებს: თავისუფალია შენი სასქესო ორგანო, თუ ოკუპირებული. არის საკითხების მთელი წყება, რასაც ტაბუ კი არ ადევს... უბრალოდ, ეს საკითხები იმდენად ინტიმურია, რომ საჯარო მსჯელობასა და დისკუსიას არ საჭიროებს, მაგრამ საქართველოში არიან თითქოსდა მედასავლეთეები, რომლებსაც ახალგაზრდების ნაწილი (ჯერ არც რომში რომ ყოფილან, არც პარიზში, არც ბერლინსა თუ ამსტერდამში) შეცდომაში შეჰყავთ, თითქოს დასავლური აზროვნება და ცხოვრების წესი- ესაა მხოლოდ უარის თქმა ტრადიციაზე, რწმენაზე, სქესზე, ეროვნებაზე... და თითქოს დასავლეთი ესაა მხოლოდ სრული გაშიშვლება და პრეზენტაცია ადამიანური ინსტიქტების. საკმარისია ეს ახალგაზრდები მოხვდნენ პარიზში, რომში, პრაღასა თუ ბრიუსელში, რომ დაინახონ, რას ნიშნავს გამოხატვის თავისუფლება და თავისუფლება საერთოდ. მათი დიდი ნაწილი მიხვდება, რომ ევროპაში სასქესო ორგანოთი დამშვენებული პლაკატი და სკანდირება არაა საჭირო იმისათვის, რომ იცხოვრო ისე, როგორც ეს შენ გსურს. ეს შენი ცხოვრება შენია და არავინ არც გაკრიტიკებს და არც ყურადღებას გაქცევს. და მთავარი- არც შენ ცდილობ ყურადღება მიიპყრო და სამყაროს გააგებინო, მამაკაცის გარეშე აღწევ წარმატებას კარიერასა და სექსში, თუ ნიაგთან ერთად. აქ არც ფემინიზმია შუაში და არც გენდერული თანასწორობა. გოიმობაა- თავში... და თავშია არაინფორმირებულობა!", - წერს ინაშვილი.