ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ცესკო-ს ინფორმაციით, ე.წ. საპარლამენტო არჩევნები არაღიარებული რესპუბლიკის 35-ვე ოლქში შედგა.
დე ფაქტო ცესკო-ს წარმომადგენლის ელენა ლაბახუას თქმით, "35-ვე ოლქში აქტივობამ 25%-ს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ რესპუბლიკის მასშტაბით არჩევნები შედგა".
მისი ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა 49,18%-მა, ანუ 64692-მა ადამიანმა მიიღო.
ე.წ. არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. "პირველთან" საუბარში ადგილობრივები აცხადებენ, რომ საარჩევნო დღის განმავლობაში დაძაბულობა არ იგრძნობოდა. მათი თქმით, ადგილი ჰქონდა ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტებს, კერძოდ, ოპოზიციის მიერ საარჩევნო ხმის მიცემის უფლების მქონე ეთნიკურად არაქართველებისათვის თანხისა და საკვები პროდუქტების დარიგებას.
თუ ვინ გაიმარჯვა არაღიარებულ რესპუბლიკის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში, ხვალ დილის საათებში გახდება ცნობილი.
არაღიარებული აფხაზეთის დე ფაქტო ერთპალატიან პარლამენტში მოსახვედრად 137 კანდიდატი იბრძვის. აქედან 113 კანდიდატი საინიციატივო ჯგუფმა დაასახელა, 24 - პარტია "აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმმა", "ამცახარამ", "აინარმა" და "სამართლიანობისა და განვითარების ეროვნულმა ფრონტმა".
"აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმი" სახელისუფლებო პატიად ითვლება, "ამცახარა" - ოპოზიციურ პატიად. რაც შეეხება "აინარსა" და "სამართლიანობისა და განვითარების ეროვნულ ფრონტს" ისინი საკუთარ თავს ცენტრისტებად მიიჩნევენ. ყველა პატია რუსეთთან თანამშრომლობისკენ არის ორიენტირებულები.
ოლქში კანდიდატს გამარჯვებისათვის 50% პლუს ერთი ხმა სჭირდება. თუ კონკურენტ კანდიდატთაგან ვერცერთი ვერ მოიპოვებს ხმათა სათადო რაოდენობას, ასეთ შემთხვევაში, ცესკო მეორე ტურს მომდევნო 2 კვირის განმავლობაში ნიშნავს. განმეორებითი არჩევნები პირველი ტურიდან 2 თვის განმავლობაში უნდა გაიმართოს.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, მათი ოკუპაცია განახორციელა და დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.