logo_geo
eng_logo
პროკურორი: გიორგი მამალაძემ თავი ვერ შეიკავა და თქვა, რომ შორენა თეთრუაშვილის სიკვდილი გაუხარდება
- +

13 მარტი. 2017. 13:37



პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ სრული ვიდეომასალა რამდენიმესაათიანია და გასაჯაროვდა მხოლოდ ნაწილი, რაც, მისი თქმით, არ ნიშნავს არც მონტაჟს და არც  შინაარსის შეცვლას.


რა მონტაჟზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როცა ბრალდებულის შეხვედრის მთავარი მიზანი სწორედ ციანიდის შეძენა იყო. გამოქვეყნებულ ჩანაწერებში გიორგი მამალაძე, გარდა ციანიდის შეძენისა, არაფერზე ლაპარაკობს. ადვოკატები იმასაც აცხადებდნენ, რომ ჩანაწერებში არსად იყო საუბარი ციანიდზე, თუმცა გამოქვეყნების შემდეგ, ნათლად გამოჩნდა, რომ ცრუობდნენ. ახლაც უტიფრად აცხადებენ, რომ მასალა დამონტაჟებულია. რაც შეეხება სრულ ვიდეომასალას, ის რამდენიმესაათიანია და გასაჯაროვდა მხოლოდ ნაწილი, რაც არ ნიშნავს არც მონტაჟს და არც - შინაარსის შეცვლას. მთელ გამოძიების პროცესს ტელეეთერში ვერ გადავიტანთ. ჩვენი მიზანია, მოპოვებული მტკიცებულებებით წარვდგეთ სასამართლოში და იქ დავამტკიცოთ კონკრეტულ პირთა ბრალეულობა. ადვოკატები ვერ უარყოფენ, რომ ბრალდებული ითხოვს საწამლავს, რომელიც დააყენებს სასიკვდილო შედეგს და მასკიდია", ექსპერტიზა დაადგენს თუ არა ჭიქაში ციანიდის კვალს. ეს არის ბრალდებულის სიტყვები, რაც უწყვეტი კადრია და მონტაჟზე ლაპარაკი არასერიოზულია", -აცხადებს არჩილ ტყეშელაშვილი.

 

მისი თქმით, სიცრუეა, რომ ბარგის გამოტანას ექვსი საათი დასჭირდა.


ეს სიცრუეა, ბრალდებულის დაკავებისთანავე ბარგი დაილუქა და საგამოძიებო ორგანოში გადაიტანეს. პირველ ეტაპზე, გავჩხრიკეთ ბრალდებული, რამაც გარკვეულ ხანს გასტანა. მას ამ დროს არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ აღმოაჩნდა, გამოიყურებოდა მშვიდად და არც ჯანმრთელობას უჩიოდა. ამ დროს ბარგი დალუქული ინახებოდა. შემდეგ, ბრალდებულს განვუმარტეთ, რომ მისი პირადი ხელბარგი დალუქული იყო, მისი თანდასწრებით უნდა მომხდარიყო დეტალური დათვალიერება. ამ ინფორმაციის მოსმენისთანავე, ანერვიულდა და შეუძლოდ გახდა, მოითხოვა სამედიცინო დახმარების გამოძახება. გამოცხადდნენ ექიმები, გასინჯეს, შედგა სამედიცინო დოკუმენტაცია. ამ პროცედურებმა გასტანა რამდენიმე საათს. როდესაც ხელბარგის დათვალიერება დავაპირეთ, ბრალდებულმა კატეგორიულად მოითხოვა, მიგვეცა დრო ადვოკატის ასაყვანად და ადვოკატი დასწრებოდა ამ პროცესს. ადვოკატი რამდენიმე საათში მოვიდა. როდესაც დეტალურად შეამოწმეს ბარგი, დარწმუნდნენ, რომ ლუქის მთლიანობა არ იყო დარღვეული. ჩემოდანს ჰქონდა კოდური საკეტი, რომელიც ბრალდებულმა საკუთარი ხელით გახსნა და მხოლოდ მაშინ დაიწყო დათვალიერების პროცესი. ადვოკატები ცდილობენ, სიცრუის ტირაჟირებით, კიდევ ერთხელ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში", -აცხადებს პროკურორი.


მისი თქმით, დადასტურებულია, რომ გიორგი მამალაძე ძლიერმოქმედი შხამით მიემგზავრებოდა გერმანიაში თეთრუაშვილის მოსაკლავად.


„ეს მისი სიტყვებია. თეთრუაშვილს გიორგი მამალაძე აღიქვამდა დამაბრკოლებლად, რასაც დაუფარავად აცხადებს კიდეც. ბრალდებულს იმდენად სძულდა დაზარალებული, რომ ციხეში დაკითხვისას, თავი ვერ შეიკავა და თქვა, რომ შორენა თეთრუაშვილის სიკვდილი გაუხარდებოდა, რაც ადვოკატებმა სასწრაფოდ ამოშალეს ოქმიდან, თუმცა ეს ვიდეოკამერამ დააფიქსირა. საქმეზე არსებობს სხვა მტკიცებულებებიც, რომელთა საფუძველზეც, ვვარაუდობთ, რომ მამალაძე გეგმავდა სხვა პირის მკვლელობასაც", - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner