ტერორისტულ საფრთხეებზე მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესებას 2015 წელს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში, რომელიც სუს-ის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ პარლამენტში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე წარადგინა.
იზორიას ინფორმაციით, განხორციელდა ტერორისტული თავდასხმის პოტენციური სამიზნე სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტებისა და მათი დამხმარე შენობა-ნაგებობების პასპორტიზაცია და რისკების ანალიზი.
"მუდმივად ხდებოდა ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი სპეცდანაყოფების მომზადება, გადამზადება როგორც ტაქტიკური მოქმედებების (სნაიპერის კურსები, ანტიტერორისტული ღონისძიებები ქალაქის პირობებში, ტერორისტების ბანაკების განადგურების ოპერაციები, სამთო მომზადების კურსები და ა.შ.), განაღმვითი სამუშაოების, ისე მასობრივი განადგურების საშუალებების გამოვლენისა და გაუვნებელყოფის კუთხით. ამ მიმართულებით ხაზგასასმელია საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა. საანგარიშო პერიოდში ასევე გაუმჯობესდა ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ტაქტიკური დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა", - აღნიშნულია დოკუმენტში.