„მთელი ის ინფორმაცია, რასაც გიორგი მამალაძე გვაწვდის, არის მისი უსუსური მცდელობა, სხვას გადააბრალოს მისთვის ბრალად შერაცხული და თავი დააღწიოს მოსალოდნელ პასუხისმგებლობას", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. „ციანიდის საქმის" პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა.
პროკურორის თქმით, სახელმწიფო ბრალდების მიერ დასმულ მნიშვნელოვან შეკითხვებს გიორგი მამალაძემ პასუხი ვერ გასცა. მისივე განცხადებით, გიორგი მამალაძის მიერ მიცემული ჩვენება ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
„ჩვენს მიერ დასმულ ვერც ერთ მნიშვნელოვან შეკითხვას გიორგი მამალაძემ დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა. მისი ნაამბობი მთლიანად წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან და იმ ჩანაწერებთან, რომელიც ჩვენ გავასაჯაროეთ. მთელი ის ინფორმაცია, რასაც გიორგი მამალაძე გვაწვდის, არის მისი უსუსური მცდელობა, სხვას გადააბრალოს მისთვის ბრალად შერაცხული და თავი დააღწიოს მოსალოდნელ პასუხისმგებლობას. ბრალდებულის ჩვენება მთლიანად აბსურდულია. იგი თავიდან ამბობდა, რომ შორენა თეთრუაშვილი ციანიდის შეძენას მისი ახლობელი ოქრომჭედლისთვის ცდილობდა, შემდეგ განაცხადა, რომ ციანიდით შორენა თეთრუაშვილი აპირებდა თვითმკვლელობას. მან კიდევ ერთი ვერსია მოიფიქრა, ვითომდა გავრცელებულ ჩანაწერებში ის ხუმრობდა", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
კითხვაზე, რა ფორმით ფიგურირებს საქმეში პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი, საქმის პროკურორი აცხადებს, რომ ოხანაშვილს ამ დროისთვის მოწმის სტატუსი აქვს და ის ერთხელ დაიკითხა.
„სოსო ოხანაშვილს აქვს მოწმის სტატუსი და იგი დაიკითხა ერთხელ. თუ იქნება საჭიროება, დაიკითხება ნებისმიერი პირი, რომელსაც მიზანშეწონილად ჩათვლის გამოძიება", - აღნიშნა საქმის პროკურორმა.
რაც შეეხება ციანიდის საკითხს, პროკურორი აცხადებს, რომ გამოძიებას აქვს სხვადასხვა ვერსიები, რომელსაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გაასაჯაროებს.