logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ბათუმური გაზაფხული, ანუ, ისტორია ასწავლის იმას, რომ... არაფერს ასწავლის!
- +

14 მარტი. 2017. 00:27

ბათუმური გაზაფხული,

ანუ,

ისტორია ასწავლის იმას, რომ... არაფერს ასწავლის!

 

(ციკლიდან არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი!)

 

+++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++

 

წუხელ, Facebook-ში, ჩემი უძველესი მეგობრის ჩანაწერს წავაწყდი:

 

ილია ლეკიშვილი: გაფრთხილება, შენიშვნა, ამოღებულია პოლიციელების მეტყველებიდან? პრევენცია, ასეთ ქმედებას პოლიცია არ ცნობს? რატომ პირდაპირ ჯარიმა? ვიდრე თვითმიზანი იქნება ბიუჯეტის შევსება ჯარიმებით, მავანი და მავანი ეცდება ცეცხლზე ნავთი ასხას, ხალხს უჭირს და ეს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, განა პოლიცია ხალხის ფულით არ ფინანსდება? ქვეყნის მტრები, ყოველთვის ეცდებიან პოლიციისა და ხალხის დაპირისპირებას, რომ შემდეგ ყველაფერი უმართავ პროცესებში გადაიზარდოს, ჩვენ პოლიციურ რეჟიმში 9 წელი ვიცხოვრეთ და ასეთ ქმედებებს ხალხი აღარ აიტანს, მეტი პრევენცია, მეტი სითბო საკუთარი მოქალაქეების მიმართ, არ შეიძლება პოლიციელი ყველა მოქალაქეში კრიმინალს ხედავდეს...

 

ვეტერანი ჟურნალისტი, წარსულში საქართველოს რადიოს პოპულარული წამყვანი მოუწოდებს სამართალდამცავებს:

 

მეტი სითბო საკუთარი მოქალაქეების მიმართ!

 

და იქვე დასძენს:

არ შეიძლება პოლიციელი ყველა მოქალაქეში კრიმინალს ხედავდეს...

 

აბსოლუტურად სწორი მოწოდებაა და მეტისმეტად ყურადსაღები, ანგარიშგასაწევი შენიშვნაა ბრძენი კაცის მხრიდან! მან კარგად იცის ეს თემა! ისიც, თუ რა მოსდევს მის უგულვებელყოფას.

 

და ეს შენიშვნა მარტო რიგით პოლიციელების გასაგონად არ არის ნათქვამი!

 

უფრო პოლიციის (არა მარტო) ჩინოსანთა საყურადღებოდ!

 

ასევე, მთელ ჩინოვნიკურ აპარატს ეხება-პირველ რიგში!

 

მინისტრებს, ვიცე-პრემიერებს, პრემიერს - უწინარესად!

 

პირადი მაგალითი, ბატონებო, პირადი!!!

 

პატარა ბავშვის მოფერება, მიწისქვეშა გადასასვლელში დაცვის გარეშე გასეირნება და სხვა მსგავსი ფაქტების PR-გაშუქება, კონკრეტულ შემთხვევაში, შესაძლოა მომგებიანი იყოს, მაგრამ საერთო ფონი იმდენად მძიმეა, რომ... თავად ასეთი მოვლენებს მოსახლეობის ერთი ნაწილი ცინიზმის და პრიმიტივიზმის გამოვლინებად თვლის! სამწუხაროდ, ეს ჩანს ყველა ფეხის ნაბიჯზე.

 

ის რაც მოხდა და ხდება ამ დღეებში არამარტო სამარცხვინოა, არა მარტო გულსატკენი და აღმაშფოთებელი, არამედ მეტისმეტად დამაფიქრებელი!

 

ბათუმი ამ მხრივ გამონაკლისი არ გახლავთ. ამაზე წერს პრესა, ამის შესახებ მიდის საუბარი ტელევიზიით, რადიოთი.

 

სულ ცოტა ხნის წინ რეპორტიორი, საქართველოს რესპუბლიკა წერდნენ ამის შესახებ. წერდნენ კონკრეტულად ბათუმზე, კონკრეტული ფაქტებით, კონკრეტულ პიროვნებებზე. ეწყინათ! ცხვირი ჩამოუშვეს! გაიბუტნენ! და არავითარი რეაგირება! შეაყარე კედელს ცერცვი!.

 

შეაყარე და მოიმკი კიდეც შედეგს: პოლიტიკური თუ ზნეობრივი აღშფოთების, მომავალ არჩევნებში გარკვეული ხმების დაკარგვის გარდა, ტურისტული სეზონის წინ მსგავსი ნაღმის აფეთქება ბათუმს, აჭარას, ანუ, მთელ საქართველოს უცილობლივ მოუტანს კონკრეტულ და რეალურ ეკონომიკურ დანაკარგს. მას შემდეგ რაც საზღვარგარეთულმა მედიამ გამოაქვეყნა ვანდალიზმისა და პოლიციაზე თავდასხმის კადრები, შესაძლოა, დაფრთხეს პოტენციური ტურისტი და დამსვენებელი. ეს კი გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას, ბიუჯეტში და ბიზნესის შემოსავლების დაკარგვას. სწორედ ამას ქვია უჭკუობა, საკუთარი ოჯახების, კუთხის და ქვეყნის ინტერესების ფეხებზე დაკიდება.

 

ვის მოვკითხოთ? ნიღბიან ბიჭბუჭებს თუ ულტიმატუმების ენაზე ყბედ გატუტუცებულ ხაბაზისტებს? ეგებ, იმ პოლიციელებს, ვისაც ხალხთან საუბარი მხოლოდ ჯარიმის გამოწერის ენაზე ხელეწიფება? თუ ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში, ადგილობრივს?

 

ერმაკოვების და მისი გუნდელების იმედი ნუ გაქვთ. ჭკუას მაინც ვერ ისწავლიან. არ ეშინიათ! არ ერიდებათ! იციან, რომ მათი ბედ-იღბალი არ ეკითხება იმ ხალხს, ვინც თავადვე ფეხებზე კიდიათ.

 

მარტო აქ და ამ შემთხვევის გამო არ ვრეაგირებ. სხვა რამეც მედარდება, ზოგადიც, რაც ადამიანებისადმი დამოკიდებულებას ეხება და კონკრეტულიც, რამეთუ იგი შეეხო იმ ადამიანებს, ვისაც კარგად ვიცნობ, ვინც ჩემს თვალწინ გაიზარდა, მიიღო კარგი განათლება (საქართველოში!!!!), დაიხვეწა, ჩამოყალიბდა ქვეყნის მსახურად. ახლა ისინი უმუშევრები დარჩნენ. იმიტომ, რომ ახლა შემცირებები მიდის. ტრაგედიამდე შეიძლება მივიდეს ცალკეული შემთხვევები.

 

ოპტიმიზაციის ეს აუცილებელი (!!!!) პროცესი თავად არის მტკივნეული და ამას რომ სიუხეშე, სიხისტე, უგულობა, ნეპოტიზმი, კომაროველობა და ქართუჯგუფელობა, კიდევ რაღაც-რაღაცეები ემატება, მაშინ უკმაყოფილების და ნაწყენი პერსონების რიცხვი კატასტროფულად მატულობს.

 

კაცს რომ მომავალს წაართმევ, ან გაურთულებ, ის წარსულზე იწყებს ფიქრს! და არა მარტო წარსულზე! ის მისი გაჭირვების მონათესავეებთან ეძებს საერთო ენის გამონახვას. სწორედ ასეთი კონტიგენტი (ყველა არა, მაგრამ არც თუ მცირერიცხოვანი ნაწილი) ამდიდრებს უკმაყოფილოთა ჯარს. სწორედ ასეთებს ეძებენ ისინი, ვინც მერე აწყობს მაიდანს,ბათუმს, მარნეულს...

 

არ ვიცი ვინ გენიოსმა და როგორი პოლიტიკური თუ მენეჯერული წარსულის მქონე მორიგმა კომბლეთმცოდნე- ძლიერმა პერსონამ მოიფიქრა-შეარჩია თარიღი, მაგრამ ზოგადად ახალი წლის (!!!!) წინა დღეებში (!!!!), კონკრეტრულად კი 31 დეკემბერს (!!!!), შტატების შემცირების მიზნით სახელმწიფო აპარატის თანამშრომელთა მასობრივი განთავისუფლება პოლიტიკური კრეტინიზმის და ადამიანური უგულობის ქრესტომატიული ნიმუშია.

 

ამასთან დაკავშირებით მახსენდება რამდენიმე წლისწინანდელი შემთხვევა, როცა ერთმა ბრიყვმა ბოსმა მის დაქვემდებარებაში მყოფი ფეხბურთელთა გუნდის უფროსის თანამდებობიდან გაანთავისუფლა დათო ყიფიანის ვაჟი და ეს ზუსტად (!) დაამთხვია ლეგენდის დაბადების დღეს (!). ალბათ, სხვა დროს ინციდენტი ჩვეულებრივ სინანულს გამოიწვევდა, მაგრამ როცა ეს გადაწყვეტილება გამოაცხადეს სასაფლაოზე, დათოს ხსოვნისადმი პატივსაცემად მისული ასეულობით ადამიანის აღშფოთებას საზღვარი არ ქონდა და... თქვენ წარმოიდგინეთ, როგორ გადატრიალდებოდნენ საფლავში იმ ბოსის მშობლები, რომელთა მისამართით ისმოდა დაუფარავი ლანძღვა-გინება, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გაზარდეს ასეთი გულიანი, წინდახედული კაცუნა, რომლის უმწიკვლო რეპუტაციზე ლეგენდები დადიოდა. და როცა მას, მომდევნო ხელისუფლებამ არაერთი მოპარულ-ქრთამად აღებული მილიონი მოატანინა და ციხეში ჩასვა, ბევრს არ წამოცდენია თანაგრძნობის სიტყვები. ასე იცის ზედმეტმა სიბრძნემ!

 

შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს ის, თუ რა კავშირშია ეს თემა ბათუმის სამწუხარო-სამარცხვინო ფაქტთან. მაგრამ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს და წინანდელი უსიამო მოვლენები (მეჩეთთან დაკავშირებული), სწორედ ადამიანებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულების, მოსახლეობასთან გულრწფელი ურთიერთობის, ახსნა-განმარტებითი ინფორმაციის დეფიციტის, ავტონომიურ (!) რესპუბლიკაში (და არა მარტო იქ) კადრების შერჩევის სფეროში არსებული ნაკლოვანებების სიბრტყეში უნდა იქნეს განხილული.

 

ახლა ყველას , მართებულად თუ სრულიად უსაფუძვლოდ აკერია პირზე .. თათრის თემა - ვითომ, რომელიღაც ჩინოსნის წამოროშვა. დარწმუნებული ვარ, რომ ოფიციალურ დონეზე, არაფერი მსგავსი არ თქმულა და ამის მტკიცება აბსოლუტური სისულელე გახლავთ! მაგრამ, ნათქვამია, ცოდვა გამოტეხილი ჯობსო: განა ყოფით დონეზე, ვინმე ხეპრეს არ უყბედია მსგავსი რამ? რეაქცია გვქონდა ადექვატური? არადა, უმკაცრესი პასუხი უნდა გაეცეს ასეთ ხუმრობებს, ასეთ ბოდვებს, შანთით უნდა ამოიწვას სულ მცირე ფესვიც კი, თუ კი სადმე არსებობს ნოყიერი ნიადაგი მისი აყვავილებისთვის.

 

მმართველობითი აპარატის წინა თაობებს კარგად ქონდათ შეგნებული, რომ აჭარა, მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პრაქტიკა სპეციფიკური სფეროა და იგი ერთობ ფაქიზ მიდგომა-მოპყრობას მოითხოვს. ზოგიერთ ცხელ თავს დაუფიქრებლად რომ ჭრის და კერავს, მართებს არა მარტო ამ თემის ღრმა გააზრება, არამედ, სერიოზული თავშეკავებაც მაშინ, როცა საუბრობს აჭარის ავტონომის არსებობის მართებულობაზე, მასთან დაკავშირებულ ისტორიულ, სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ, დიპლომატურ და რელიგიურ პრობლემატიკაზე. რაც შეეხება .. აჭარის სეპარატიზმის თემას, ამაზე წერა კი არა, საკუთარ გონებაში ფიქრად გაელვებაც კი დაუშვებელია და მისი ავტორი (თუ გულწრფელია) - სამკურნალოა, და თუ შეგნებულად ბჟუტურობს მეცნიერულ-პუბლიცისტურად - დასაგმობი, რამეთუ ამ .. იდეის შეგნებულად მქადაგებელი საქართველოს მტრების წისქვილზე ასხამს წყალს და, აქედან გამომდინარე, იგი პატრიოტის ნიღაბამოფარებული აშკარა მტერია!

 

ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ სფეროში ბრძნულად დალაგებულ პრაქტიკაში დევს აფხაზეთსა და ოსეთთან ურთიერთობის გაჯანსაღების გასაღებიც. ეს სისხლხორცეულად უნდა შეიგნონ საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სცენაზე მოთამაშე ძალებმა, რომლებმაც ხელისუფლებისთვის ბრძოლისას საკუთარ თავს კატეგორიულად უნდა აუკრძალონ ეროვნულ-ეთნიკური აქცენტების დაუფიქრებლად გამოყენება. და ამ თემისადმი ფაქიზი, გაწონასწორებული მიდგომის სულისკვეთებით გამოაწრთონ პოლიტიკოსთა ახალგაზრდა თაობები. განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს, ამ შემთხვევაში, მართვის აპარატი, რომლის ზოგიერთ წარმომადგენელს, სამწუხაროდ, გათავისებული აქვს უჭკუოთათვის დამახასიათებელი დევიზი: მე ვარ და ჩემი ნაბადი!

 

 

გამოძიება ალბათ დაადგენს რეალურ მიზეზებს, მაგრამ არცთუ ბოლო რიგში იქნება ზოგიერთი, კონკრეტული პოლიციელის მხრიდან უბრალოდ უკულტურო მიმართვა ან სხვისი ჭირის ღობეს ჩხირის პრინციპი.

 

ეს მოსაზრება, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს ზოგადად პოლიციისადმი უნდობლობის, მისდამი რაიმე უარყოფითი დამოკიდებულების გამოვლნებას. პირიქით! ასევე, წამით არ მინდა ვინმემ დაუშვას პროვოკატორთა ქმედების ან ვანდალიზმის იოტისოდენა გამართლებაც კი. აქაც, პირიქით! ამ სამარცხვინო, აღმაშფოთებელი, კანონის აბუჩად აგდების აქციის ორგანიზატორები და ვანდალური აქტების უშუალო შემსრულებლები კანონის სრული მოთხოვნების შესაბამისად უნდა შეფასდნენ, მათთან ენის მოჩლექით საუბარი ყოვლად დაუშვებელია. მაგრამ აქსიომაა ისიც, რომ სამართალდაცვის მეთოდი არ ნიშნავს მხოლოდ ძალისმიერ ქმედებას- ხელების გადაგრეხვას, ბორკილების დადებას მანქანაში ვინმეს ძალით ჩატენვას... და თუ მოქალაქეებისგან მოვითხოვთ კანონისადმი და მისი წარმომადგენლებისადმი პატივისცემას და უყოყმანო დამორჩილებას, ადამიანებს - მოქალაქეებს ასჯერ, ათასჯერ მეტად ჭირდებათ უფრო მეტი ყურადღება, სითბო, ზრუნვა და პატივისცემა ხელისუფლების (რიგითი პოლიციელიდან პრეზიდენტამდე) მხრიდან.

 

(ამ მხრივ გამიჭირდება ბევრი მაგალითის მოტანა, მაგრამ უნიკალური და მისასალმებელია მინისტრის კახი კახიშვილის და მისი აპარატის მიერ გადადგმული ნაბიჯები. ოღონდ, პარადოქსი ის არის, რომ კახიშვილი პატიმრებზე მუდმივად ზრუნავს (რას ერთობ დასაფასებელია), ხოლო თავისუფლებაში მყოფი ადამიანებისადმი ზრუნვა, ეტყობა, ციკლურია და მომავალი არჩევნების წინა პერიოდში უნდა ველოდოთ).

 

და ეს ყურადღება ისე ბღუჯა-ბღუჯად უნდა ვლინდებოდეს, რომ მოსახლეობას სასიამოვნოდ აჟრიალებდეს და არა ისე (დედების მოკითხვით), როგორც მაშინ, როცა ეცნობა იმ პრემიების რაოდენობას, ასე ურცხვად რომ აჯილდოვებენ საკუთარ თავს ხალხის მსახური პერსონები და უტიფრად ამართლებენ ყოველგვარ ზღვარგადასულობას (ამ შემთხვევაში, ცეესკო- ქალბატონი ბოსის შემთხვევა აბსოლუტურად უნიკალურია). და მერე ვინმეს უკვირს რატომ მიმართავენ ადამიანები ქუჩას?

 

 

დიახ, ქუჩას და, ვვარაუდობ, რომ ნელ-ნელა ქუჩა გადაიქცევა პოლიტიკური პაექრობა-დაპირისპირების არენად. მით უმეტეს, მარტი (!!!) დადგა და... დათბობა წინ გველის!

 

სხვათაშორის, თავის დროზე, კომუნისტები ხელისუფლებაში მოვიდნენ "ქუჩით"! და როცა დაკარგეს ქუჩა, დაკარგეს ხელისუფლებაც...

 

ნაცმოძრაობაც მოვიდა ქუჩით და ადექვატური ლოზუნგებით! 2012 წლის არჩევნებამდე სამი დღით თავისუფლების მოედანზე და რუსთაველის პროსპექტზე გამართულმა ქოცების დემონსტრაციამ დაანონსა ნაცების მხრიდამ ქუჩის დაკარგვა! შედეგი ცნობილია! ანუ, ქართული ოცნებაც პოლიტიკაში მოვიდა ქუჩით და, ალბათ, არ უნდა იყოს საკამათო ის მოვლენა, რომ მმართველი ძალა კარგავს კონტროლს ქუჩაზე.

 

და ეს მოსაზრება რომ სწორად იქნეს აღქმული, ვაზუსტებ: ქუჩით მოსვლა არ ნიშნავს ქუჩურ საუბარს და ქცევა-ქმედებას, ისე, როგორც ეს მოხდა ბათუმში.

 

ბათუმურმა გაზაფხულმა დაგვანახა, რომ ქუჩა დავიწყებული არ არის! და რაც არ უნდა გულნატკენი ვიყოთ ვანდალიზმით, ზოგიერთების პრიმიტიული აზროვნებით, ბილწსიტყვაობით, აშკარა პროვოკატორთა აბსოლუტურად მიუღებელი ულტიმატუმებით, უნდა ვაღაროთ, რომ მოგვწონს თუ არა, ყველაფერი მეტყველებს იმის საშიშროებაზე, რომ ქუჩა კვლავ რჩება პოლიტიკური ბრძოლის იარაღად. ამ იარაღს ახლა ასუფთავებენ, ამზადებენ, იყენებენ მოსამზადებლად, გასაწვრთნელად ისინი, ვისაც ამ მხრივ მეტი გამოცდილება აქვს.

 

პოლიტიკური პრაქტიკა მარტო გონიერებაზე არ არის გათვლილ-დაფუძნებული! რისკს და თავხედობას თავისი წილი შეაქვს გამარჯვებაში (ვარდების რევოლუცია ამის დასტურია). დღევანდელმა პოლიტიკურმა სპექტრმა უნებლიედ გასცა საიდუმლო. კი, კოკამ წყალი ამჯერად არ მოიტანა, მაგრამ, ხომ გაგვიგია, ცდა ბედის მონახევრეაო...

 

ბათუმური გაზაფხული გაკვეთილია. გაკვეთილი ნიჭიერი, დაფიქრებული, სწავლას მოწყურებული მოსწავლეებისთვის. ამ ინციდენტმა გამოცდილება უნდა შემატოს მათ ვისაც სწავლა უნდა, ვისაც ქვეყანა უყვარს თავის თავში და არა საკუთარი თავი ქვაყანაში. რატომღაც მგონია, რომ...

 

მეტისმეტად სამწუხაროა, რომ ქართული ოცნება, მისი მთავრობა, მისი ორ-სამ თვეში ცხვირაწეული და სხვისი ძალით გადიდგულებული ელიტა კიდევ ერთხელ ადასტურებს კლასიკას: ისტორია ასწავლის იმას, რომ... არაფერს ასწავლის!

 

ასეა ეს, როგორც ჩვენი დათა იტყოდა, თუთაშხია!

 

ტაში, კუკური!!!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner