logo_geo
eng_logo
„ნაციონალების აქციაში ჩართვა და გააქტიურება კიდევ უფრო ბევრ შეკითხვას აჩენს…“
- +

14 მარტი. 2017. 00:52



როცა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე ჩნდება, სულერთია ხოლმე, ვინ თამაშობს „სასარგებლო იდიოტის" როლს; ვინ არის პროვოკაციული ჯაჭვის ერთ-ერთი საწყისი რგოლი. კარგად ორგანიზებული პროვოკაცია კი არა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ქვები მოიმარაგო და ზუსტად იცოდე, ვინ რა როლი უნდა ითამაშოს უკვე შემდეგ მღვრიე წყალში თევზის დასაჭერად, არამედ ისიც კარგად უნდა გათვალო, რომ არეულობის კვალი შენამდე არ მოვიდეს.


არ არის გამორიცხული, ბათუმში „სასარგებლო იდიოტის" როლში მერაბ ღოღობერიძე აღმოჩენილიყო. „ნაციონალური მოძრაობა" ახლა ამ პირთან ყოველგვარ ურთიერთობას უარყოფს და არგუმენტად ღოღობერიძის წარსული საქმიანობა მოჰყავს - ის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის სახლს, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად, ქვებს უშენდა.


მაშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დარწმუნებით აცხადებდა, რომ აქცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ იყო პროვოცირებული.


ამ არგუმენტის ლოგიკა ასეთია: ნაციონალები იმ პირს ხომ არ შეეკვრებოდნენ, რომელიც ადრე მათ ქვებს უშენდა? დამეთანხმებით, სუსტი არგუმენტია, პოლიტიკური ინტერესები და ამბიციები ასეთ ფაქტორებს არ ცნობს. ამის მაგალითი ქართულ პოლიტიკაშიც საკმარისზე მეტია. იგივე ნაციონალებმა ნინო ბურჯანაძეს პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსი ეძახეს და ყველა პარტიას, ვინც მასთან მოლაპარაკებებს მართავდა, მოღალატეებად მოიხსენიებდნენ, თუმცა, ახლა თავად ნაციონალები თანამშრომლობენ აქტიურად მის პარტიასთან სხვადასხვა ფორმატში. ასე რომ, ღოღობერიძის წარსული არგუმენტად აქ არ გამოდგება.


არსებობს მედლის მეორე მხარე და ამ მხარეზე მიხეილ სააკაშვილი დგას საკუთარი სერიოზული რევოლუციური განწყობებით. „ენმ"-ს გაყოფაც სწორედ მის გეგმებთან შეუთავსებლობამ გამოიწვია. ახლა ამბობენ, რომ მას გიჟური გეგმები ჰქონდა და მუდმივად ითხოვდა ხალხის ქუჩაში გამოყვანას და ხელისუფლების რევოლუციის გზით დამხობას. „ენმ"-დან გამოყოფილ პოლიტიკოსებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ისინი ვერ ხედავენ რევოლუციის მოწყობის ვერც აუცილებლობას და ვერც საჭიროებას, რომ დემოკრატიული პროცესები ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილებას გულისხმობს.


შემთხვევითი არ არის, რომ „ენმ"-ში დარჩენილმა რადიკალებმა ბათუმის აქციას - და ეს მაშინ, როცა აქციის მონაწილეები მანქანებს წვავდნენ, პოლიციელებს ქვებს უშენდნენ და სახიფათო ლოზუნგებს ისროდნენ - სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს და სოლიდარობის აქციები მოაწყვეს როგორც ქუთაისში, ისე ზუგდიდსა და თბილისში. დედაქალაქში ნიკა რურუა და აკო მინაშვილი გამოვიდნენ. მოგვიანებით კი „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა და მიხეილ სააკაშვილის სტუდენტობის მეგობარმა ლევან ვარშალომიძემ მეორე დღეს, ანუ კვირა საღამოს აქცია დააანონსა და მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. სოციალურ ქსელებში კი გაისმა პოლიტიკური მოწოდებები: გადადგეს მთავრობა, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.


ყველაფერი კი „სასარგებლო იდიოტიდან" დაიწყო. საუბარია მერაბ ღოღობერიძეზე, რომელიც სახიფათო და პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებდა (ჩვენ შეგნებულად არ ვახდენთ მისი ფრაზების ტირაჟირებას). საინტერესოა, რომ შაბათის აქციამდე რამდენიმე დღით ადრე მან რამდენჯერმე სცადა აქციების გამართვა, თუმცა მხოლოდ ოთხი ადამიანი შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარაში არანაირი ნეგატიური განწყობები არ არსებობდა. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა „პრაიმტაიმთან" პირად საუბრებში აღნიშნეს, რომ ღოღობერიძე სწორედ „ნაციონალურ მოძრაობასთან" ურთიერთობდა ბოლო დროს. ამ კონტექსტში სოცქსელებში გაიჟღერა ელგუჯა ბაგრატიონის გვარმა, რომელიც აჭარაში ნაციონალების ერთ-ერთი ლიდერია.


ადგილობრივების თქმით, აქცია აშკარად კარგად ორგანიზებული იყო და თითქოს ყველამ კარგად იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა და როგორ უნდა ემოქმედა. აქციის რადიკალურად განწყობილ მონაწილეებს სახე დაფარული ჰქონდათ და ჟურნალისტებს ეუბნებოდნენ, ნუ გვიღებთ, პოლიცია ამოგვიცნობსო.


ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ აქციაში ბათუმელების ძალიან ცოტა ნაწილი მონაწილეობდა, სოციალურ ქსელშიც აჭარის მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი ამ აქციას არ შეერთებიან.


კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, ბათუმელი გიორგი გოგიბერიძე თავის ქალაქში მომხდარ არეულობას სოციალური ქსელით ეხმაურება:

 

„ბათუმელები არაა ეს ხალხი!

 

ჩემი რამდენიმე მეგობარია იქ, რომლებსაც ახლომახლო კომერციული ფართი აქვთ ნაქირავები. ბათუმელი ვერავინ ვნახეთო, არადა 37-40 წლის ხალხია... სახეზე მაინც იცნობენ ბათუმელებს! ნუ, გარდა ზოგიერთი პარტიის წარმომადგენლისა...", - წერს გოგიბერიძე.


წინასწარი ინფორმაციით, მთავარი მამოძრავებელი ძალა კობა ხაბაზი და მისი „თავისუფალი ზონა" იყო, რომელიც, ასევე, მიხეილ სააკაშვილზეა მიბმული. თავად ხაბაზი შაბათს საღამოს, ნიკა რურუასთან და აკო მინაშვილთან ერთად, თბილისში პარლამენტის წინ გამოჩნდა. ipress.ge წერს:


„მათ [აქციის მონაწილეებს] თავიანთი მოთხოვნები აქვთ, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლებს უყენებენ. ეს მოთხოვნები გააჟღერა ირაკლი ჩხვირკვიამ, რომელიც მედიასთან ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის" სახელით ურთიერთობს.


მისი თქმით, ის სპეციალურად ჩავიდა ბათუმში იმისთვის, რომ ამ ხალხს გვერდით დასდგომოდა.


ჩხვირკვიამ ბათუმში, ნიღბიანებთან ერთად, სპეციალური განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა.


ჩხვირკიამ მოითხოვა, საპატრულო პოლიციის უფროსის გადაყენება. ის არეულობაში მონაწილეების სახელით ითხოვს შს მინისტრთან შეხვედრას და მისგან აღნიშნული პირებისთვის ხელშეუხებლობის გარანტიის მიღებას. მან ხელისუფლებას 1,5 საათი მისცა და პირობა დადო, რომ ამ დროის განმავლობაში ქვების სროლა არ გაგრძელდება:


„მე მინდა ამ ბიჭების სახელით ვთქვა, რომ არ იქნება ქვების სროლა, არ იქნება ცეცხლის დანთება და არაფერი. ვიდგებით მშვიდობიანად, მოწესრიგებულად, ისე, როგორც აჭარელ და ქართველ ხალხს შეეფერება".


ინფორმაციისთვის:


არეულობა მოჰყვა ინციდენტს, რომელიც მოქალაქესა და საპატრულო პოლიციის თანამშრომელს შორის მოხდა - პოლიციელმა არასწორი პარკირებისთვის მოქალაქეს ჯარიმა გამოუწერა. როგორც მოქალაქე ჯიმი ვარშანიძემ განაცხადა, ის ძმის სასაფლაოდან მოდიოდა, მანქანაში მამა ეჯდა და მისთვის აფთიაქში სასწრაფოდ წამალი უნდა შეეძინა, თუმცა ეს ვითარება საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა არ გაითვალისწინა და ჯარიმა მაინც გამოწერა.


ვარშანიძემ პატრულს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც შემდეგ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ინციდენტში იქვე მყოფი გამვლელებიც ჩაერთვნენ, რომლებმაც მამა-შვილის დაცვა სცადეს. პოლიციამ ინციდენტის ადგილას 6 ადამიანი დააკავა, მათ შორის ჯიმი ვარშანიძეც.


ამის შემდეგ უკვე აქცია სერიოზულ და სახიფათო ხასიათს იღებს და აქტიურობს როგორც მერაბ ღოღობერიძე თავისი პროვოკაციული ლოზუნგებით, ისე „თავისუფალი ზონა"...


კიდევ უფრო სახიფათო განმარტება გააკეთა მერაბ ღოღობერიძემ უკვე კვირას, ვანდალური აქციის მეორე დღეს. მან თქვა, რომ რასაც აპროტესტებდა, ეს თავად კი არ მოისმინა, არამედ ასე გადასცეს. „სუფრასთან, სადაც ბატონი კახა ბუხრაძე [საპატრულო პოლიციის უფროსი, ვის გადაყენებასაც მოითხოვდა ღოღობერიძე] ადგილობრივ პოლიციელებთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, იქ მან ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა. რაც სააშკარაოზე გამოიტანეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა. მე პირადად არ მომისმენია, გადმოცემით ვიცი", - აღნიშნა ღოღობერიძემ „რუსთავი 2"-თან ინტერვიუში.


გამოძიება მიმდინარეობს... საინტერესოა, რომ დაკავებულებიდან არც ერთი არ ადასტურებს პოლიციის მხრიდან რაიმე სახის ზეწოლას, ისინი არ უარყოფენ, რომ მანქანა არასწორად ჰყავდათ გაჩერებული, ღოღობერიძე აცხადებს, რომ ეგრეთ წოდებული ჰომოფობიური განცხადებები საპატრულო პოლიციის უფროსისგან პირადად მას არ მოუსმენია და მხოლოდ გადმოცემით იცის, ვისგან - არ აკონკრეტებს... და მაშინ ნაციონალების აქციაში ჩართვა და გააქტიურება კიდევ უფრო ბევრ შეკითხვას აჩენს...


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner