საინფორმაციო სააგენტო Апсныпресс ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტი დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტარად აირჩიეს.
სააგენტოს თანახმად, ალექსანდრ ანქვაბმა თავის რაიონში (გუდაუთის) ამომრჩეველთა ხმების 52% მეტის მოგროვება შეძლო. ოკუპირებულ აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნები კვირას, 12 მარტს გაიმართა. 35 ადგილისთვის 135 ადამიანი იბრძოდა. პირველ ტურში 12 დეპუტატი აირჩიეს. ე.წ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 22 ოლქში განმეორებითი არჩევნები ჩატარდება.
ანქვაბის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, 2011 წლის ოქტომბერში, გალის რაიონის სკოლებიდან იმ კადრების გათავისუფლება დაიწყეს, რომლებმაც მას მხარი არ დაუჭირეს. კერძოდ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს გალის მეორე სკოლისა და ფიჩორის სკოლის ქართველი დირექტორები.
ანქვაბმა, რომელიც პრეზიდენტის პოსტს 2011 წლიდან იკავებდა, აღნიშნული თანამდებობა 2014 წლის ივნისში მას შემდეგ დატოვა, რაც მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი პარტია "ეროვნული ერთიანობის ფორუმი" იყო. მისი გადადგომის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტად რაულ ხაჯიმბა აირჩიეს.