ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში წერს:
„ნიუსში წავიკითხე: 2016-ში თბილისში ახალი შენობების მოცულობა წინა წელთან შედარებით 65.4%-ით გაიზარდა და 1.44 მილიონი კვ/მ შეადგინა. თბილისში 1კვ/მ-ის საშუალო ფასი კი 866$-ია.
გამოდის, რომ მხოლოდ ახალი! ფართების ღირებულება $1.2 მილიარდზე მეტია.
თუ ასეთი ღატაკი ქვეყანა ვართ, ვიღა ყიდულობს ბინებს? თუნდაც იპოთეკით? $1.2 მლრდ მხოლოდ ახალი ფართებია და მხოლოდ თბილისში. ბათუმში? სხვა ქალაქებში? ძველი ბინები? ეს თანხა მინიმუმ $5 მილიარდზე ავა. ჰოდა, საინტერესოა, როგორ ახერხებს მშიერი და გაძვალტყავებული ქვეყანა ბინათმშენებლობის ტემპების ზრდასაც და რესტორნების ბიზნესის განვითარებასაც. თბილისში 2 ათასზე მეტი მოქმედი კაფე და რესტორანია, როგორ მუშაობენ, თუ კლიენტი არ ჰყავთ? როგორ გადაივსო ქვეყანა ავტოტრანსპორტით? თუნდაც ვთქვათ, რომ ავტოტრანსპორტის 90%-ის ღირებულება 1000$-ია, როგორ ახერხებს მშიერი და გაძვალტყავებული ერი ამ ფულის შოვნას? და შემდეგ ამ მანქანისთვის საწვავის ყიდვას? ვინ ახსნის ამ უცნაურობას?
თუ ეს ძველი საბჭოთა საქართველოს პარადოქსის გაგრძელებაა?" - წერს უძილაური.