შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრაზე, სადაც ბათუმში 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, განაცხადა, რომ პოლიცია არ ჩაერია აქციაზე მიმდინარე პროცესებში იქამდე, სანამ ქუჩაში მხოლოდ „კრიმინალები არ დარჩნენ".
მისივე თქმით, შსს-ს აქვს იმის ძალა და რესურსი, რომ აქციაზე შეკრებილი ხალხი დაეშალა, თუმცა „ეს პოლიციამ ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გაფრთხილების მოტივით არ გააკეთა".
„ჩვენ არ გამოვედით, სანამ ბოლომდე არ დაიწმინდა აქცია. ჩვენ გვქონდა ოპერატიული ინფორმაცია გარედან, რომ ვინც ცნობისმოყვარეობის მიზნით იყო მოსული, ეს ადამიანები წავიდოდნენ და დაიშლებოდნენ. როგორც კი ადგილზე დარჩნენ კრიმინალები, მერე უკვე ჩვენ ჩავერიეთ. უფრო მეტად გვიღირს თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ვიდრე ორი-სამი დამწვარი მანქანა. იმ შეურაცხყოფასაც ავიტანთ, რაც მოგვაყენეს. ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება და ჩვენ ამას მაქსიმალურად ვიჩენთ. მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისა, რაც შეგვეძლო - მოთმინებას ვგულისხმობ. დილისკენ, როდესაც უკვე შეიმჩნეოდა, რომ კრიმინალების მეტი იქ არავინ აღარ იყო, ჩვენ გამოვედით. თუ დაზიანებულია ვინმე, ისევ პოლიციის თანამშრომლები არიან დაზიანებული. ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია. ჩვენს თავს იმის უფლებას ვერ მივცემდით, რომ გამოგვეყენებინა უხეში ძალა. შეიძლება მომხდარიყო ჭყლეტა და 100%-ით გეუბნებით, რომ იქ ადამიანები ძალიან სერიოზულად დაზარალდებოდნენ", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შს მინისტრის თქმით, პირადად იძლევა იმის პირობას, რომ სიმშვიდე არამარტო აჭარაში, არამედ მთელ საქართველოში იქნება.