განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მეოთხე მოადგილე თემურ მურღულია სოციალურ ქსელში „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:
„ერთმა, ჩემთვის ფრიად საპატივცემულო ადამიანმა ძალიან ძნელად მოსასმენი სიტყვებით მომმართა „რუსთავი 2"-ის საქმეზე პოზიციის გამო. ამიტომ, მასაც და ყველა სხვას, ვინც შეიძლება მსგავსი აზრი ჰქონდეს, ხაზგასმით მინდა ვუთხრა:
1. არ ვიცი ლეგიტიმურია თუ არა „რუსთავის 2"-ის ხალვაშისთვის დაბრუნება. საქმეს არ გავცნობივარ, არ მაქვს საფუძველი ეჭვი შევიტანო გადაწყვეტილებაში;
2. არ ვიცი იქნება თუ არა ტელევიზია უკეთესი ან უარესი, ამას დრო გვიჩვენებს. ხალვაშისდროიდელი სარედაქციო პოლიტიკაც მახსოვს, მაგრამ იმასაც ვითვალიწინებ, რომ დღეს სრულიად განსხვავებული პოლიტიკური გარემოა;
ამავდროულად, იმედი მაქვს, რომ მომავალში:
3. „რუსთავი 2"-თან ინტერვიუს ჩაწერისას არ დამჭირდება საკონტროლო კამერის დაყენება, იმის შიშით, რომ რამე უკუღმართად არ დაამონტაჟონ;
4. არ დამჭირდება facebook-ზე „რუსთავი 2"-ზე გასული ინფორმაციის გამაბათილებელი დოკუმენტების დადება;
5. არ დამჭრდება „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტთან იმაზე ვაჭრობა, რამდენ დაუმონტაჟებელ წამს გაუშვებს ეთერში;
6. „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტთან კომენტარის მიღმა საუბრისას, არ მექნება განცდა, რომ მაინც მიწერენ;
7. პიარის სამსახურს არ ვეტყვი, მარტო „რუსთავი 2"-ს არ ჩავეწერები, მხოლოდ მაშინ, თუ სხვა ტელევიზიებიც აკეთებენ თემაზე სიუჟეტსთქო.
ოპონენტი მეტყვის, რას ეწერები, თუ ამდენი პრეტენზია გაქვსო, კეთილმოსურნე - მაინც რომ აძლევდით ინტერვიუს, იმით უქმნიდით რეიტინგსო. მე კი გეტყვით, რომ სახელმწიფო მოხელეს არა აქვს იმის ფუფუნება, არჩიოს ვისთან გააკეთებს კომენტარს და ვისთან, არა - უმეტეს შემთხვევაში ეს გრდაუვალი აუცილებლობაა", - წერს მურღულია.