logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ნახეთ სხვა ქვეყნის მაგალითები და დარწმუნდებით რომ ევროპული რეაგირება გვქონდა
- +

15 მარტი. 2017. 00:54



საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში, გადაცემა „რეაქციაში" ბათუმის მოვლენების შეფასებისას განაცხადა, რომ მთავრობის რეაქციები და პოლიციის მხრიდან რეაგირება დროში ძალიან ადეკვატური, ფრთხილი, სამართლიანი იყო.


 „მე მიმაჩნია, რომ მთავრობის რეაქციები და პოლიციის მხრიდან რეაგირება დროში, იმ ადგილმდებარეობის, (სადაც ეს მოხდა) და კონტექსტის გათვალისწინებით ძალიან ადეკვატური, ფრთხილი და სამართლიანი იყო. ვისაც დაგვიანებად მიიჩნიეს, დღეს მათაც ნახეს რომ ეს ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო. ეს იყო აწონ-დაწონილი ტაქტიკა, რომელიც საბოლოო ჯამში იყო სრულიად ახალი მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებთან ურთიერთობაში, მათ შორის იმ მოქალაქეებთანაც, რომლებიც შესაძლოა ჩართულნი არიან ესკალაციაში.

 

სად იყო პრემიერი და სად იყო მთავრობა ამაზე გიპასუხებთ, მაგრამ შეკითხვები აქ უკვე არსებობს, სად იყო „ნაცმოძრაობა" და მისი ლიდერები. რეაგირება ამაზე არ დაწყებულა დილის 5 საათზე, როგორც ოპონენტებს ამის მიყიდვა დემაგოგიურად უნდათ საზოგადოებისთვის. როგორც კი დაიძაბა ვითარება რეაგირება მაშინვე დაიწყო. მინისტრის მოადგილე პირადად ჩავიდა ბათუმში და ის ხელმძღვანელობდა პოლიციის ქმედებებს.

 

ინგა, პირადად თქვენთან მაქვს თხოვნა და ასევე ყველა ჟურნალისტთან. წარმოდგენა რომ შეგვექმნას, როგორი ახალი, როგორი ევროპული რეაგირება ჰქონდა ხელისუფლებას, იქნებ ნახოთ სხვა ქვეყნების სხვა ქალაქებში როდესაც საპროტესტო აქციები გადაიზრდება ხოლმე ძალადობაში რა რეაგირება ხდება ხოლმე პოლიციის მხრიდან. საინტერესო იქნება შედარებები.

 

რაც შეეხება პრემიერს, ის იმთავითვე მთავრობასთან ერთად იღებდა გადაწყვეტილებას. თუ ჩვენ თვალთმაქცობის რეჟიმში არ ვიყავით და ზოგიერთი წარსული ხელმძღვანელისგან განსხვავებით ტელეთათბირები არ ჩავატარეთ, ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობამ ეს ყველაფერი დილის 5 საათამდე რეაგირების გარეშე დატოვა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner