logo_geo
eng_logo
ლექსო ლეკიაშვილი - რევოლუციანიდი
- +

15 მარტი. 2017. 13:22



როცა შენი მოწინააღმდეგე შეცდომას უშვებს,

ხელს ნუ შეუშლი,

უზრდელობაა.

უცნობი ავტორი


ბოლო რამდენიმე კვირაა, ისეთი ამბები მიდის საპატრიარქოში, ჩვენთვის ღმერთსა და ისტორიულ გამოცდილებას ცოტა ცივი გონება და იუმორის გრძნობა რომ ებოძებინა, ლარის კურსს მარტო პოპკორნის ბიზნესი გაამყარებდა.


დაპირისპირებაცაა და დაპირისპირებაც - ინსტიტუტი, რომელიც დღემდე ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობდა საქართველოში და, ასე თუ ისე, სხვა ინსტიტუტებისგან განსხვავებით, მონოლითურობასაც ინარჩუნებდა, ორ კვირაში ისე დაიხლიჩა და ისეთი ბრძოლის ველად იქცა, გავგამელა და თერმოპილე მიმიქარავს.


პირდაპირ გეტყვით - მე არც თეოლოგი ვარ, არც კონსპირაციის თეორიების შემთხზველ-დამჯერებელი და არც ბრმადმორწმუნე მრევლი.


მე ზემოხსენებული ბიზნესის მომხმარებელი ვარ და დიდი იმედი მაქვს, პოპკორნი არ ასუქებს.


მაგრამ მგონია, რომ ეს ყველაფერი, რაც ხდება, ძალიან კარგია და დადებითად იმუშავებს ზოგად პროცესებზე.


კარგია, მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდება და ვინ გაიმარჯვებს ამ დაპირისპირებაში.


ასე ხდება ყოველთვის - საქართველოს უახლეს ისტორიას რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ ყველა მიკროეპოქის მიმდინარეობასა და დასრულებას კონკრეტული ინსტიტუციისა თუ სოციალური სტატუსის ავტორიტეტი ეწირებოდა.


კომუნისტური ეპოქის, ე. წ. „პარტიული ნომენკლატურის" ავტორიტეტი ეროვნული მოძრაობის გამოჩენისთანავე დასრულდა.


ეროვნულმა მოძრაობამ სათანადო ავტორიტეტად ჩამოყალიბება ვერც მოასწრო და ვისთვისაც მოასწრო, ისინი უბრალოდ გაანადგურეს.


90-იანებთან ერთად, „ვარდების რევოლუციით" სამუდამოდ დასრულდა კრიმინალური ავტორიტეტების ეპოქა.


2012 წელს, მიშასთან და „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობასთან ერთად დასრულდა რევოლუციონერი პოლიტიკოსების ავტორიტეტის პერიოდი.


„ქართულ ოცნებასთან" ერთად რომელი ავტორიტეტის დრო წავა, ამას ვერ გეტყვით  - ჯერ არ დასრულებულა - ეს ერთი და ამ პოლიტიკურ ძალას ავტორიტეტის რომ არაფერი სცხია, მაგაში დამეთანხმებით - ეს ორი.


და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, 90-იანების დასაწყისიდან 2017-ის დასაწყისამდე, ერთადერთ, ხელშეუხებელ და ძლიერ ავტორიტეტად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მისი საჭეთმპყრობელი რჩებოდა.


2013 წლის 17 მაისი გახდა პირველი ინდიკატორი იმისა, რომ საქართველოს ეკლესია, საზოგადოების მხრიდან ჰიპერტროფირებული ნდობით, პრორუსული პროპაგანდითა და ბოლომდე გახსნილი მადით ყველაზე სერიოზულ საფრთხედ შეიძლებოდა ქცეულიყო ქართული სახელმწიფოსთვის.


აქ უნდა აღინიშნოს ორი ფაქტორი:


1. 90-იან წლებში მოთარეშე კრიმინალების უმეტესობამ, ვინც კი ტყვიასა და ციხეს გადაურჩა, ეკლესიას შეაფარა თავი და ამჟამად არსებული სიტუაცია სწორედ ამის შედეგი მგონია;


2. ეკლესიის ასეთ გამომძალველ პოლიტიკას სახელმწიფოს მიმართ ხელს თავად სახელმწიფო უწყობს - თვით ვარდების ხელისუფლებაც კი, რომელსაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი ნდობა და ლეგიტიმაცია ჰქონდა (გამსახურდიას მერე, მაგრამ იმათ არ დასცალდათ), ამ საკითხის დარეგულირების მაგიერ ეკლესიის მსახურთა გადმობირებას საჩუქრებითა და სიმდიდრის გადაცემით ცდილობდა. სწორედ „ნაცმოძრაობის" დროს ჩაეყარა საფუძველი სახელმწიფოსგან ეკლესიისთვის მიწების სიმბოლურ ფასად გადაცემას, რასაც წარმატებით აგრძელებს „ოცნების" ხელისუფლება.


და ახლა, როცა ასეთი დაპირისპირება მიდის საპატრიარქოში, როგორც არ უნდა დასრულდეს, ფაქტი ერთია - ამ პროცესებს აუცილებლად შეეწირება ეკლესიისადმი საზოგადოების უზარმაზარი ნაწილის უპირობო ნდობა.


და, ვინაიდან ეკლესია ბოლო ავტორიტეტული ორგანიზაციაა ჩვენში, მომავალ თაობას აქვს რეალური შანსი, გაიზარდოს და ჩამოყალიბდეს ყალბი, დაუმსახურებელი ავტორიტეტების გარეშე.


ჩვენი შვილების თაობას აღარასდროს მოუწევს, გააკეთოს, „რაც მამას უნდა".


მათ შეეძლებათ, ადამიანებსა და ორგანიზაციებს ნდობა დამსახურების მიხედვით გამოუცხადონ და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ასე ასწავლეს.


და ბოლოს - ავტორიტეტულ ორგანიზაციებს ვეღარავინ გამოიყენებს ჩვენი ცნობიერების წინააღმდეგ, როგორც ამას ახლა ჩვენი „ერთმორწმუნე დიდი ძმა" აკეთებს.


თავისუფლების უზენაესი ფორმა არჩევანის თავისუფლებაა.


ესაა ღვთის მიერ ადამიანისთვის ბოძებული ყველაზე დიდი საჩუქარი (მე ათეისტი არ ვარ) და მისი დათმობაც ყველაზე დიდი ცოდვა იქნება, ჩემი მოკრძალებული აზრით.


დროებით.



ლექსო ლეკიაშვილი


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner