logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: სამწუხარო ფაქტია!
- +

15 მარტი. 2017. 13:41



„ბედაურნი დაიხოცნენ, ვირებს დარჩათ მოედანი!"



მიხარია, რომ ლექსო ლეკიაშვილი ისევ დაუბრუნდა პუბლიცისტურ შემოქმედებას. გულსატკენია, რომ ეს ნაბიჯი მას იძულებით გადაადგმევინეს, არადა, შეიძლებოდა პარალელურად ეღვაწა ამ სფეროში. სამწუხაროდ, ლექსოსნაირი ბიოგრაფიის მქონე და ნიჭიერი ადამიანების ბედს, არცთუ იშვიათად, მათი ანტიპოდები წყვეტენ.


სამწუხაროა, რომ მის ყოფილ სამსახურში ზოგიერთი მაღალჩინოსნისთვის „სიბრმავე" და „სიყრუე" მთლად „უცხო ხილი" არ არის. არც უგულობა! არც შავის და თეთრის გარჩევის უნარი! არც ნეპოტიზმის ცალკეული გამოვლინება!


არაერთგზის მითქვამს და კვლავ ვადასტურებ: მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან ბევრი რამ შეიცვალა, ზოგი უკეთესობისკენ, ზოგიც (სამწუხაროდ) - უარესისკენ, არ შეცვლილა მხოლოდ ერთი - სამთავრობო სტრუქტურებისა და ადგილობრივი მმართველობის „პიარი"" - რა „ნაგავიც" იყო, იმად დარჩა...


პრიმიტივიზმი, არაპროფესიონალიზმი, ვაჭრუკანული ფსიქოლოგია, პირადი ანგარიშსწორება... აი, ამ სფეროს მთავარი მახასიათებელი.


არადა, „პიარით" დაკავებულია ათასობით ადამიანი.


ცალკეული ნიჭიერი ადამიანების არსებობა და მათი მცდელობა სრულიადაც არ ცვლის მთავარს: „პიარ-სამსახურებში" დაკავებული ჩინოვნიკების ვეებერთელა ნაწილი აბსოლუტურად „აზრზე არ არის", რას „ემსახურება". აი, ვის ემსახურებიან, ეს კარგად იციან. ვაზელინის დეფიციტიც არ არსებობს. მტკიცებულების ძებნა ძნელი საქმე არ არის: შედეგი ცხადზე ცხადია, თანაც, დღითი დღე უარესდება.


პოლიტიკურ-საზოგადოებრივ სფეროში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები სწორედ ასეთი დასკვნის გამოტანის უფლებას გვაძლევს.


პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობა და ამ სამსახურის ყოველდღიური პრაქტიკა ამის ჩინებული ილუსტრაციაა. საკუთარი „მწარე" გამოცდილებით ვამბობ ამას. ჯერ საფინასო პოლიციაში დაფრთიანებული ბიჭბუჭების პროფესიონალიზმის რა ვთქვი და მერე მათი „პიარის"...


ქალაქის მერიის პიარ-სამსახურს ხომ პირდაპირ „აღტაცებაში" მოჰყავს ხალხი... „ვირიშვილი-მაიმუნების" იარლიყის ადრესატის განსაზღვრისას ბატონ ნარმანია მარტო ერთ მისამართზე არ უნდა შეჩერებულიყო. მის ადგილზე რომ ვყოფილიყავი, ამ იარლიყს მერიის შენობის ერთ კონკრეტულ სართულზე მოფუსფუსე საკუთარ პიარ-სამსახურსაც მივაკერებდი...


სხვა სტრუქტურაც შეიძლება ნეგატიურ ჩამონათვალს მივამატოთ. თანაც, არაერთი... ობიექტურობა მოითხოვს ვთქვათ, საბედნიეროდ, გამონაკლისიც არსებობს: ლევილის მამულის გადმოცემასთან დაკავშირებული ეპოპეა ჩინებულ პიარ-კამპანიად უნდა ჩავთვალოთ. საინტერესო პრაქტიკა აქვს სასჯელაღსრულების სამინისტროს შესაბამის სტრუქტურასაც.


და იმ დროს, როცა ამ სფეროში პრიმიტივიზმის ზეიმია, არაერთი ნიჭიერი ჟურნალისტი და ამ პროფესიას ნაზიარები ახალგაზრდა სპეციალისტი სამსახურს ეძებს. უფრო მეტიც, ზოგიერთ „რთული ხასიათის" მქონე პროფესიონალს, შტატების შემცირების საბაბით, გასასვლელი კარისკენ მიუთითეს. მათ შორის „გამოარჩიეს" მე-6-კორპუსის ერთ-ერთი სიამაყე - პოეტური, პუბლიცისტური და იუმორის ნიჭით დაჯილდოებული, ნაღდი მოქალაქე ლექსო ლეკიაშვილი. თანაც როდის? 31 დეკემბერს - ახალი წლის წინა დღეს! ისიც, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ადგა და თავის ხანდაზმულ დედას, ახლგაზრდა მეუღლეს და მცირეწლოვან ქალიშვილს ახალი წელი მიულოცა... თავისი უმუშევრობით. ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, არა მგონია, პროფესიული თუ ადამიანური თვისებებით საჯარო სამსახურში ყოფნის უფრო მეტი მორალური თუ იურიდიული უფლება ჰქონდეს.


სამწუხარო ფაქტია!


უფრო სამწუხარო კი ის არის, რომ ასეთი დამოკიდებულება ადამიანებისადმი გამონაკლისი არ არის. ყველა დონეზე...


ვის შეჩივლოს ლექსომ (ან სხვამ) - „რუსთაველი მკვდარია!".


მე, მისმა ყოფილმა დეკანმა, რომ ვიცი მისი ოჯახური მდგომარეობა, მისი შესაძლებლობები, მისი ნიჭიერება, მის მიერ შექმნილი „პროდუქცია", სრულიადაც არ არის საკმარისი. სხვა დამნახავიც და ობიექტური შემფასებელიც სჭირდებოდა ლექსოს. არ აღმოჩნდა იქ, სადაც ჯერ არს, ასეთი გულიანი და შორსმჭვრეტელი „მაღალჩინოსანი". ძლიერთაგან ამა ქვეყნისა ვისაც ხმა მივაწვდინე, ყველა ისე „აწუწუნდა", რომ...


ეტყობა, დრო დადგა „ისეთი", როცა ადამიანებისადმი მზრუნველი დამოკიდებულება, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანებისადმი ფაქიზი დამოკიდებულება საჯარო სამსახურის ზოგიერთ, თუნდაც, მაღალ სტრუქტურაში ნონსენსად ითვლება. აი, საკუთარი „ძვირფასი გვამებისთვის" კი ზღვარგადასული რაოდენობის პრემიების ურცხვად დარიგება და საზოგადოების ლეგიტიმურ შეკითხვებზე უტიფარი პასუხის გაცემა, ნორმაა!


ასეთ დროს, ტრადიციულად, ქართველი კაცი თავის გულისტკივილს ფრთიანი ფრაზით (ანდაზით) გამოხატავდა: „ბედაურნი დაიხოცნენ, ვირებს დარჩათ მოედანი!"


შენ დაუკა!!!


აქვე გთავაზობთ ლექსო ლეკიაშვილის პუბლიკაციას:

http://reportiori.ge/inside.php?menuid=48&id=39805

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner