2017 წლის 15 მარტის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, მთავრობის სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2007-2016 წლებში, გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2016 წლის 5 აგვისტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ამის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდა ადვოკატები" ავრცელებს.
„საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მერაბ ლომიძემ (მომხსენებელი, თავმჯდომარე), თეა ძიმისტარაშვილმა და ამირან ძაბუნიძემ განიხილეს. პალატას განმარტება არ გაუკეთებია, თუ რა სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გამო არ დაკმაყოფილდა როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნები. სასამართლომ მხარეებისთვის მხოლოდ მიღებული განჩინების გასაჩივრების წესი და ვადები განმარტა. განჩინების გამოცხადებას დარბაზში „ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის, როლანდ ბლადაძის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის პროტესტი მოჰყვა, რომელმაც პალატას მიმართა და აღნიშნა, რომ მოსამართლეებმა მოსამართლის მანტიას შეურაცხყოფა მიაყენეს", - ნათქვამია „ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„დღეს სამმა რიგითმა მოსამართლემ შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ მართლმსაჯულებას და მოსამართლეების ხელში ის მნიშვნელოვანი შანსი, რომ ღირსება დაებრუნებია ამ საქმეზე ქართულ სასამართლოს და სამართლიანობის აღდგენა ასეთი მნიშვნელოვანი, რეზონანსული საქმეების მიმართ ყოფილიყო ნამდვილი, დღეს იქცა ფიქციად.
ჩვენ მივმართავთ საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ალბათ, უკვე დროა, რომ სახელმწიფომ გაიგოს კიდევ ერთი სარჩელის თაობაზე, რომელითაც როლანდ ბლადაძე ევროსასამართლოს მიმართავს", - განაცხადა მედიასთან პირველ კომენტარში არჩილ კაიკაციშვილმა.
პალატის გადაწყვეტილებას არ ესწრებოდა მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი. მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა მოპასუხე გიორგი პაპუაშვილის წარმომადგენელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა აღნიშნული შეფასება პირად პოზიციას წარმოადგენდა და არ იყო უფლებამოსილი, მიღებულ განჩინებაზე გიორგი პაპუაშვილის სახელით ესაუბრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვას 5 თვე მოანდომა. საქმეზე გადაწყვეტილება 7 მარტს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა მოსამართლე თეა ძიმისატარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გადაიდო. სასამართლომ საქმის განხილვას 4 სხდომა დაუთმო.
„პირველი სხდომა 2016 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა, სადაც როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა - საქმის განხილვას ჩამოშორდნენ მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე და მანანა ჩოხელი. გადაწყვეტილება მოსამართლეთა აცილების შესახებ საქმის მომხსენებელმა მოსამართლე გიორგი გოგიაშვილმა მიიღო. სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია მტკიცება ნინო ქადაგიძისა და მანანა ჩოხელის მიკერძოების და საქმისადმი დაინტერესების შესახებ. მოსამართლეთა აცილების შემდგომ, საქმე გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თამჯდომარე ვალერიან ცერცვაძეს, რომელმაც სააპელაციო საჩივრის განმხილველი ახალი შემადგენლობა დანიშნა.
მეორე სხდომა 2017 წლის 13 იანვარს გაიმართა. პალატის ამჟამინდელ შემადგენლობაში, თავიდანვე მონაწილეობდა მოსამართლე მირანდა ერემაძე, თუმცა 13 იანვრის სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მოსამართლე შეიცვალა. ამ სხდომაზე არ დაკმაყოფილდა როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა საქმის განმხილველი პალატის უმრავლესობის აცილების თაობაზე. ამავე სხდომაზე სასამართლომ დააკმაყოფილა როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა და საქმეს დაურთო სხვადასხვა დოკუმენტაცია, რომელიც საერთო შეფასებით, ქმნის უტყუარ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ 2004-2007 წლებში, სახელმწიფომ არავითარი კანონისმიერი ღონისძიება არ განახორციელა სადავო ქონების გასვისებისგან თავშეკავების თაობაზე და დარღვეულ იქნა ქონების პრივატიზების მაშინდელი კანონმდებლობით დადგენილი წესები.
მესამე სხდომა გაიმართა 2017 წლის 31 იანვარს. პალატამ ამ სხდომაზე დააკმაყოფილა როლანდ ბლადაძის კიდევ ერთი შუამდგომლობა და საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო მოპასუხე გიორგი პაპუაშვილის 2016 წლის 2 მარტის სატელევიზიო ინტერვიუ, რომელიც ადასტურებს, რომ გიორგი პაპუაშვილი 2007 წელსაც ფლობდა ინფორმაციას როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ქონების თაობაზე, თუმცა გიორგი პაპუაშვილი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სახელმწიფოსთან კონფლიქტში ვერ შევიდოდა. აღნიშნული წარმოადგენს ერთ-ერთ პირდაპირ მტკიცებულებას როლანდ ბლადაძის მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, რომლითაც გიორგი პაპუაშვილის არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად აღიარება უნდა მოხდეს.
მეოთხე სხდომა გაიმართა 2017 წლის 20 თებერვალს, სადაც პალატამ სრულად მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მხარეთა საპაექრო სიტყვა.
საზოგადოების საყურადღებოდ განმარტებას გავაკეთებთ იმის შესახებაც, რომ 2017 წლის 20 თებერვლიდან საქმეზე კვლავ აქტუალური გახდა მორიგების წინადადება, მაგრამ მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კვლავ არ უზრუნველყო მხარეებთან კონტაქტი და არ შეეცადა დავაზე სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულებას.
როლანდ ბლადაძის მიერ გასაჩივრებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დიანა ფარქოსაძის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც როლანდ ბლადაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 2016 წლის 24 ოქტომბერს, მოსამართლე დიანა ფარქოსაძის წინააღმდეგ „ახალგაზრდა ადვოკატებმა" კორუფციული სამართალდარღვევის სავარაუდო ფაქტზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესს საბჭოში, ხოლო 2017 წლის იანვარში, საქართველოს პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს.
როლანდ ბლადაძე მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება საქმეზე: #3/474-16, დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს.
შეგახსენებთ, რომ როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება.
სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა. როლანდ ბლადაძე აჭარის ა/რ პროკურატურამ უდანაშაულოდ ცნო, თუმცა საქართველოს მთავრობამ ამ დრომდე ვერ შეძლო მოქალაქის მიმართ სამართლიანობის აღდგენა, გიორგი პაპუაშვილის მიმართ ალტერნატიული ფართის შეთავაზება და ჩამორთმეული ქონების როლანდ ბლადაძისთვის დაბრუნება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება. ამასთან, როლანდ ბლადაძის წარმომადგენელმა უკვე გააკეთა განცხადება საქმის ევროსასამართლოში გაგზავნის თაობაზეც", - ნათქვამია „ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.