გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის გენო კალანდია 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გენო კალანდია 30-მდე პოეტური კრებულისა და დრამატული პიესის ავტორია. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა: „ფესვები", „მიწის ჭრილობა", „მწუხრის არაბესკები", „მესამე თვალი", „ასი სონეტი", „რეკვიემი", „ისევ რეკვიემი", „ერთტომეული". მისი ლექსები თარგმნილია და ცალკე წიგნებად გამოცემულია რამდენიმე ენაზე. იგი სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის თეატრალური საზოგადოებისა და დემოგრაფიული საზოგადოების პირველი თავმჯდომარე, მწერალთა კავშირის მდივანი, ალმანახ „ეგრისის" რედაქტორი, ჟურნალ „რიწის" პასუხისმგებელი მდივანი. მისი ძალისხმევით შეიქმნა ცნობილი აფხაზი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტი, რომელსაც წლების განმავლობაში თავად ხელმძღვანელობდა. ბოლო პერიოდში იყო აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.
გენო კალანდია იყო საქართველოს პარლამენტის მე-2, მე-3, მე-4 მოწვევის დეპუტატი, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
„რეპორტიორი" უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.