ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკში ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრ დიდიე რეინდერსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მინსკი სტაბილური და გაერთიანებული ევროპის მომხრეა და ევროკავშირთან თანამშრომლობის განვითარებას აპირებს.
„შემიძლია, მხოლოდ ერთი რამის გარანტია მოგქცეთ: ჩვენი სახით ყოველთვის გეყოლებათ ქვეყანა, რომელიც იმუშავებს ევროპის გაერთიანებაზე და სტაბილურობაზე. ჩვენ რთულ დროშიც კი პრობლემებს არ გიქმნიდით და მომავალშიც ამ პრობლემებს არ შეგიქმნით", - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
მისი თქმით, ის ევროკავშირის შენარჩუნების მომხრეა და ეწინააღმდეგება ისეთ პროცესებს, როგორიც არის ბრექსითი.
„ბოლო დროს მე კატეგორიულად მხარს ვუჭერ ევროკავშირის შენარჩუნებას. ევროკავშირი უძლიერესი პოლუსია ჩინეთთან და აშშ-სთან ერთად, ეს ჩვენი პლანეტის ძლიერი საყრდენია. თუ ის გაქრება, უბედურებას ექნება ადგილი. ამიტომაც, ამ თქვენს „ბრექსითებს", ნაციონალისტურ მოძრაობებს, მე ვერ აღვიქვამ", - აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
მისი განცხადებით, „რაც არ უნდა ღირდეს, ევროკავშირი უნდა შენარჩუნდეს".
„ეს პოზიცია საერთაშორისო, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს: რაც უფრო მეტი საყრდენი იქნება, მით უფრო მდგრადი იქნება სისტემა. ამიტომაც, ევროკავშირის მომხრე ვარ, მაგრამ ვეწინააღმდეგები ორმაგ სტანდარტებს, რომელსაც ევროკავშირი ზოგჯერ იყენებს. ჩვენთან მიმართებაში ეს ახლა უფრო ნაკლებად ხდება, მაგრამ ადრე ხშირი იყო. მინსკს ევროკავშირთან თანამშრომლობა სურს. მოდით, იმ სფეროებიდან დავიწყოთ, რომლებიც ჩვენთვის სასარგებლოა. თუმცა, ყურადღებით თუ დააკვირდებით ბელარუსს, აქ ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას, უსაფრთხოებასა და წესრიგსაც დაინახავთ. ისევე როგორც თქვენ, ჩვენც გაგვაჩნია ნაკლი. მაგრამ საჭიროა საუბარი, დაახლოვება. თუ თქვენ კარგი გამოცდილება გაქვთ, უნდა გადმოგვცეთ. ჩვენ მზად ვართ, ვისწავლოთ. მაგრამ ჩვენთვის წმინდაა სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა", - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.