საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მამუკა წერეთელი სოციალურ ქსელ facebook-ში აკაკი დევაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით წერს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
„ქართველი „ნოვი ღრუზინები", რომლებსაც ბრექაობაში ბადალი არ ჰყავთ, ათიათასობით ევროს რომ ბევრ სისულელეში აგდებენ, მეტიც, საყვარლის, ბოდიში და ქვედა საცვლებში მინიმუმ 1 000 ევროს რომ აგდებენ, თან ცოტა წინ წავიდეთ, გაუნათლებლობა-უწიგნურობაშიც ბადალი რომ არ ჰყავთ დუნიაზე, სწორედ მათ მივმართავ: ნამუსი საერთოდ გქონდათ? და თუ გქონდათ, ჩარეცხეთ საკუთარი ხელით?
რომელი ქართველის ერთობლივ თანადგომაზეა დღეს საუბარი? ადამიანს, არ უნდა იყოს რთული მისახვედრი, დიახ, აკაკი დევაძეს, 50 თამაშზე მეტი აქვს ნათამაშები ეროვნულ ნაკრებში და სრულიად საქართველოს რამდენი სიხარული მოუტანა.
ადამიანი დღეს სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე დგას და რა გულგრილობას ვხედავ მის მიმართ?! ძალიან მწყდება გული...
არ გრცხვენიათ?! ადამიანი იხვეწება, არ მინდა სიკვდილიო და სიცოცხლე შემინარჩუნეთო...
ბევრი რამ არ ითქმევა კიდევ, მაგრამ სად დავკარგეთ ქართველობა და ადამიანობა? ვაი, სირცხვილო!", - წერს ფეხბურთელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარის მდგომარეობა 2015 წლის ოქტომბრიდან გაუარესდა. თურქულ კლინიკაში მას უთხრეს, რომ სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის ოპერაცია და ადგილზე 3-თვიანი რეაბილიტაციის კურსი, ოპერაცია კი 50 000 დოლარი ჯდება.