ბათუმის მოვლენების დროს დაკავებულების სასამართლო პროცესზე, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ წარდგენილი ბრალი აღიარა და განაცხადა, რომ თანასოფლელებთან ერთად, ხელვაჩაურის რაიონიდან ბათუმში ორგანიზებულად წამოვიდა. ზაზა ქოქოლაძე აცხადებს, რომ მას ერთ-ერთი თანასოფლელი დაუკავშირდა და ბათუმში აქციაზე წასვლა შესთავაზა. ქოქოლაძეს ორგანიზატორი არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ სოფლიდან რამდენიმე პიროვნება იყო წამოსული. ქოქოლაძე არ უარყოფს, რომ მისი მხრიდან სამართალდამცველების მისამართით შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი.
„ბიჭები შევგროვდით, ვიქნებოდით 10 კაცამდე, დავიქირავეთ სოფლის „რაფი" და წამოვედით. მისი ნათესაობა დააჯარიმეს და მეზობელს მხარში ამოვუდექი", -აცხადებს ზაზა ქოქოლაძე.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 11-12 მარტს გამართული აქციის დროს დაკავებულ 4 პირს - მამუკა ბერიძეს, ცოტნე აბულაძეს, ალექსანდრე ბაზაღჩიანსა და ზაზა ქოქოლაძეს სასჯელის სახით 250-250-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. დაკავებულებს ბრალი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 173-ე და 166-ე მუხლებით აქვთ წაყენებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
კიდევ ერთი დაკავებულის, ნარიმან ლომინაძის პროცესი გადაიდო. მოსამართლე გოჩა ფუტკარაძის გადაწყვეტილებით, ლომინაძეს დამატებითი დრო მიეცა, რათა სასამართლოს წარუდგინოს იმის მტკიცებულება, რომ ის აქციაზე არ იმყოფებოდა. ლომინაძის პროცესი ხვალ გაიმართება.