პარლამენტის წევრი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„ევროპის საბჭომ და საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, 2017 წლის 13 მარტს თბილისში გამართეს კონფერენცია, სახელწოდებით „2016 წლის საპარლამენტო არჩევნები: მიღებული გამოცდილება და მომდევნო ნაბიჯები". გთავაზობთ ჩემი მოხსენების ტექსტს ამ კონფერენციაზე.
„ქალბატონებო და ბატონებო, მოხარული ვარ, რომ მაქვს საშუალება, ჩვენი პოლიტიკური გუნდის შეფასება, ხედვა და ანალიზი გაგიზიაროთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ!
ბოლო 25 წლის მანძილზე საქართველო ცდილობს განახორციელოს საარჩევნო სისტემის რეფორმა და ჩაატაროს დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნები. ამ კუთხით შთამბეჭდავი და მოცულობითია ტექნიკური და ფინანსური დახმარება, როგორც შეერთებული შტატების, ისე ევროპული ქვეყნების მთავრობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. და მე, როგორც ჩემი ქვეყნის მოქალაქე, რა თქმა უნდა, ვაფასებ დონორების მხრიდან გაწეული დახმარების მნიშვნელობას. თუმცა, როგორც ქართული პოლიტიკის რეალობა გვაჩვენებს, ეს საკმარისი არაა. იმისათვის, რომ სახელმწიფომ ჩაატაროს დემოკრატიული, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები, ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს პოლიტიკური ნება!
ხელისუფლებას გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ ერთ დღეს სხვა მოვა და ის შეიცვლება! ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ის არაა მარადიული და არ უნდა ცდილობდეს მმართველობის ხელოვნურად გახანგრძლივებას, საარჩევნო მანიპულაციების გზით! საარჩევნო მანიპულაციაში ვგულისხმობ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას, ოპოზიციური პარტიებისთვის პარიტეტის დარღვევას ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების უხეშ ჩარევას არჩევნებში, საარჩევნო კომისიების თანამშრომლების მხრიდან ბიულეტენების მიზანმიმართულ დაზიანებასა და გაბათილებას და ბოლოს, ყველაზე მანკიერ პრაქტიკას- ამომრჩევლის მოსყიდვას, საარჩევნო ხმების ყიდვის გზით! უპრეცედენტო მასშტაბები მიიღო ამომრჩევლის მოსყიდვამ, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი პირების დაშინებამ, რომ მოეხსნებოდათ სოციალური დახმარება, თუ არჩევანს არ გააკეთებდნენ მმართველი პარტიის სასარგებლოდ და ეს ბოლო პუნქტი ყველაზე სახიფათოა ისეთი ტიპის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუსაქმებელია, სიღარიბის ზღვარზეა, ეკონომიკური კრიზისის მსხვერპლია. ძალზედ სამწუხაროა, რომ ამ ბოლო 20-25 წლის მანძილზე საქართველოში ჩატარებული თითქმის ყველა არჩევნები არ გვაძლევს თვითდამშვიდების, თვითკმაყოფილების საფუძველს. პირიქით, ტოვებს განცდას, რომ არჩევნების გზით, სულ უფრო და უფრო რთული ხდება ხელისუფლების შეცვლა. არადა, პოლიტიკოსისთვის და პოლიტიკური პარტიებისთვის არ არსებობს სხვა გზა, გარდა მშვიდობიანი, დემოკრატიული არჩევნების და ცვლილებებისა! ყოველ შემთხვევაში, ეს „სხვა გზა", ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის მიუღებელია! ცალკე საუბრის თემაა იმ პოლიტიკური კვლევებისა თუ ეგზიტპოლის მანკიერი პრაქტიკა, რაც ყოველი არჩევნების წინ საზოგადოებას ცრუ შთაბეჭდილებასა და ციფრებს სთავაზობს, ამახინჯებს რა პარტიებისა და ლიდერების რეალურ რეიტინგს! ჩვენ მრავალგზის მივმართეთ NDI-ისა და IRI-ის ადგილობრივ თუ სათაო ოფისებს, რომ შეიცვალოს ამ კვლევების ორგანიზების მეთოდიკა და სტილი. ახლაც ვთანამშრომლობთ ხსენებულ ორგანიზაციებთან, გვაქვს დისკუსია მათ მიერ წარმოებული კვლევების გარშემო, რასაც შეცდომაში შეჰყავდა და შეჰყავს ამომრჩეველი. კარგად მესმის, რომ ჩემი მხრიდან ამ თემაზე ღიად საუბარი მისაღებ პოლიტიკურ ტონად არ ითვლება, მაგრამ მე არ მინდა, რომ მქონდეს მისაღები პოლიტიკური ტონი - სიმართლის დაფარვის სანაცვლოდ! პირდაპირ ვამბობ, რომ საქართველოში უნდა დასრულდეს წინასწარ გამოქვეყნებული, არაობიექტური რეიტინგებით მანიპულირების პრაქტიკა, რაც ასევე აზიანებს ყოველი მორიგი არჩევნების მსვლელობასა და შედეგს!
2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს იდეალურს ნამდვილად ვერ ვუწოდებ. მეტიც, ეს იყო არჩევნები, რომელიც ძალზედ შორს იდგა დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნებისაგან, შემდეგი მიზეზების გამო:
1. მმართველმა პარტიამ არ განახორციელა საკუთარი საარჩევნო პროგრამით ხალხისთვის დაპირებული საარჩევნო რეფორმა, არ გააუქმა ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და მეტიც, არჩევნების წინ საარჩევნო კანონში ყველა ცვლილება განახორციელა დისკრიმინაციულად, ოპოზიციასთან კონსულტაციის გარეშე. არ იქნა გათვალისწინებული ოპოზიციის არცერთი შენიშვნა და წინადადება; არადა, ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი მთელი 2 წლის მანძილზე მუშაობდა სარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თემაზე, IFS-ის მოდერატორობით! და ამ ჯგუფმა, რომლის მუშაობაშიც ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პრეზიდენტის ინსტიტუტთან ერთად, ჩვენი პარტია აქტიურად მონაწილობდა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით შეჯერებული, სრული კონსენსუსით მიღებული მემორანდუმი შესთავაზა ხელისუფლებას. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ამ მემორანდუმის არც ერთი პუნქტი არ გაითვალისწინა!
2. უცვლელი დარჩა ამომრჩეველთა სია, რომელიც არარეალურად მრავალრიცხოვანია და რასაც, წინა ხელისუფლების პირობებში, მწვავედ აკრიტიკებდა დღევანდელი ხელისუფლება. დაპირების მიუხედავად, არ იქნა შემოღებული ამომრჩევლის ბიომეტრიული ვერიფიკაციის მექანიზმი;
3. სახელმწიფო აპარატი, საჯარო მოსამსახურეები, თანამდებობის პირები ტოტალურად და უხეშად იყვნენ ჩართული მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაში; და ამის გამართლებას საარჩევნო კოდექსის რიგი მუხლებით ცდილობდნენ. ადმინისტრაციული რესურსის უხეშად გამოყენების ფაქტებს მასობრივად ჰქონდა ადგილი იმ საარჩევნო უბნებში, რომლებიც არაქართულენოვანი მოსახლეობითაა დასახლებული.
5. ბიზნესის უმეტესი ნაწილი აფინანსებდა მხოლოდ მმართველ პარტიას, რაც დასტურდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბოლო ანგარიშით, სადაც ნათქვამია, რომ მმართველი პარტიის დაფინანსება ჯამში ბევრად მეტი იყო, ვიდრე არჩევნებში მონაწილე ყველა სხვა პარტიის დაფინასება ერთად აღებული!
6. ადგილი ჰქონდა ნამდვილი ბიულეტენების მასობრივ გაბათილებას. ხელოვნურ გაბათილებას. მთლიანობაში გაბათილდა 137 000 ბიულეტენზე მეტი.
7. გამოვლენილია ასეულობით დაუბალანსებელი შემაჯამებელი ოქმი.
8. საარჩევნო ადმინისტრაციებმა და სასამართლოებმა განუხილველი დატოვეს ოპოზიციური პარტიების ასობით საჩივარი, რომელიც კონკრეტულ დარღვევას ადასტურებდა.
9. შედეგად მმართველმა პარტიამ, ისევე როგორც საბჭოთა პერიოდში, მოიგო ყველა მაჟორიტარული ოლქი (ფორმალურად 73-დან 72). საერთო ჯამში კი, ამომრჩეველთა ხმების უმცირესობით (48%) მმართველმა პარტიამ მიიღო მანდატების საკონსტიტუციო უმრავლესობა (3/4).
რა უნდა გაკეთედეს იმისათვის, რომ მსგავსი შედეგები ავიცილოთ თავიდან?
1. პირველ რიგში, უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და არჩევნები ჩატარდეს საერთო პროპორციული წესით. ასეთ შემთხვევაში, არჩევნებში 48%-იანი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური ძალა პარლამენტში ვერ იქნება წარმოდგენლი საკონსტიტუციო უმრავლესობით.
2. აუცილებელია, არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო, რაც აამაღლებს როგორც პოლიტიკურ კულტურას, ისე გაზრდის არჩეული სუბიექტების ლეგიტიმურობის ხარისხს. მითუმეტეს, მსგავსი გამოცდილება ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია დანერგილი.
3. მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ხოლო ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება უნდა გაუთანაბრდეს სისხლის სამართლის დანაშაულს.
4. უნდა შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესი. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ოპოზიციური პარტიების მაქსიმალური ჩართულობა საარჩევნო ადმინისტრაციებში. 2014-2015 და 2016 წლების არჩევნებში ჩვენ ისე მივიღეთ მონაწილეობა, რომ არ გვყავდა წევრი საარჩევნო კომისიებში. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის შემდეგ უკვე ვიყავით კვალიფიციური საარჩევნო სუბიქეტი. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხელისუფლებამ წაგვართვა ჩვენი ხმების დაცვის საშუალება.
ყველა ამ საკითხთან მიმართებაში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" პარლამენტში და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში შეტანილი აქვს საკანონმდებლო ინიციატივები და ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა.
ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალურად ვიყოთ ჩართული ყველა ფორმატში, რომელიც შექმნება პარლამენტში თუ პარლამენტს მიღმა, - საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით, რადგან მიგვაჩნია, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება ეფუძნება თავისუფალ, სამართლიან არჩევნებს", - წერს ირმა ინაშვილი.