საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება.
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 900 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი 40 000 ლარს არ აღემატება, საყოველთაო ჯანდაცვისა და კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტის ერთობლივად სარგებლობის პრივილეგია არ ექნებათ.
საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეების რაოდენობა, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 900 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი 40 000 ლარს არ აღემატება, 300 000-ს შეადგენს. მათ კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტით სარგებლობის პრივილეგია არ ეძლევათ.
„მათ ექნებათ ასეთი არჩევანი: ან უნდა ჰქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი, ან უნდა აიღონ კერძო სადაზღვევო პაკეტი. ორივეთი ერთად სარგებლობის უფლება, პრივილეგია, მათ არ მიეცემათ. საყოველთაო ჯანდაცვაში მათ არსებულ პაკეტში გარკვეული ცვლილებები მოხდება. ის არის საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანი, რომელმაც გარკვეული, მცირე დანახარჯი უნდა გასწიოს თავის ჯანდაცვისათვის, რათა დაზოგილი თანხები გადავამისამართოთ მედიკამენტის კომპონენტში და მივცეთ მედიკამენტები მათ, ვისაც ეს ყველაზე უფრო მეტად სჭირდება. თუკი აქამდე ურგენტული სტაციონარი უფინანსდებოდათ 100%-ით, ამ პროექტის მიხედვით დაუფინანსდებათ 90%-ით და 10 % უნდა გადაიხადონ თვითონ. ჩნდება თანაგადახდის კომპონენტი. თუკი გეგმურ სტაციონარში რაიმე მკურნალობა ჯდება 1000 ლარზე ნაკლები, ასეთ შემთხვევაში მათ თვითონ უნდა გადაიხადონ ეს თანხა. თუკი, ათას ლარს აცდა, 1001 ლარიდან ზევით, მათზე უკვე განხორციელდება ის ლოგიკა, რითაც მუშაობს საყოველთაო ჯანდაცვა. გეგმურში ეს არის 70%-იანი გადახდა სახელმწიფოს მხრიდან, 30% მათ მიერ. ხაზს ვუსვამ, რომ მათ ვერ მიეცემათ პრივილეგია, ისარგებლონ ორივეთი - შეინარჩუნონ საყოველთაო ჯანდაცვა და შეიძინონ ზედნაშენი", - განმარტა დავით სერგეენკომ.