საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შეტანილი ცვლილება მოქალაქეებს მედიკამენტებზე წვდომის სხვა შესაძლებლობას აძლევს.
დავით სერგეენკოს განცხადებით, სტაციონარში მკურნალობისას მედიკამენტი პაციენტებისთვის ფინანსდებოდა, თუმცა წამლების ის ნაწილი, რაც მოქალაქეებმა ქრონიკული დაავადებებისას უნდა მიიღონ, საავადმყოფოს გარეთ პრობლემური იყო.
ცვლილებების თანახმად, მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენელთა ნაწილს, კონკრეტულად კი მარტოხელა პენსიონერებს და სოციალურად დაუცველებს ამგვარი მედიკამენტების ყიდვას სახელმწიფო დაუფინანსებს.
ის პენსიონერები, რომელთაც ქრონიკული დაავადებების მკურნალობისთვის, როგორიცაა დიაბეტი, ასთმა და სხვა დაავადებები თვეში 25-30 ლარი ეხარჯებოდათ, ახლა ამ წამლების მისაღებად სიმბოლურად 1 ლარს გადაიხდიან. ასე განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა ის ცვლილება, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ითვალისწინებს. მინისტრის განცხადებით, ასეთი დაახლოებით 200 000 ადამიანია.
მოქალაქეები, რომელთა შემოსავალიც წელიწადში 40 000 ლარზე მეტია, საყოველთა ჯანდაცვის პროგრამით ვერ ისარგებლებენ. ეს ერთ-ერთი ცვლილებაა, რომელსაც განახლებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ითვალისწინებს. ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის დაწესებული შეზღუდვა არ შეეხება მათი ოჯახის წევრებს, ანუ იმოქმედებს კონკრეტულ ადამიანზე და არა ოჯახზე.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები, საბოლოოდ, მთავრობის სხდომაზე უნდა დამტკიცდეს.