logo_geo
eng_logo
სავარაუდოდ, „გორის დილა“ ევროტურნირებზე სამი წელი ვერ ითამაშებს
- +

17 მარტი. 2017. 00:36



საფეხბურთო კლუბმა „გორის დილამ" შესაძლოა, უეფას ლიცენზირების პროცესში მონაწილეობის უფლება სამი წლის განმავლობაში ვერ მიიღოს, რაც იმას ნიშნავს, რომ უეფასსაგზურის მოპოვების მიუხედავად, გორელები, მინიმუმ სამი წლის განმავლობაში ევროთასებზე გამოსვლას ვერ შეძლებენ.


უეფა კლუბისგან დაზუსტებას ითხოვს და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას გამონაკლისის სახით, კლუბის სალიცენზიო პროცესში დაშვებასთან დაკავშირებით.



აღნიშნული პრობლემა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც აიპი  „გორის დილა" უმაღლესი ლიგიდან გავიდა, რადგან მის დამფუძნებელმა საკრებულომ შექმნა შპს და ის სხვას გადასცა, თავად კი დამფუძნებლობიდან გავიდა, შესაბამისად, ის კლუბი, რომელიც ახლა ეროვნულ ლიგა 1-ში  ასპარეზობს, სრულიად სხვა იურიდიულ პირს წარმოადგენს და საჯარო რეესტრის მიხედვით, ის დაფუძნებული 2016 წლის ნოემბერშია.


უეფას ლიცენზიის მოპოვებას თავისი წესები აქვს, რომელთა დაცვაც ყველასთვის სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფეხბურთო კლუბი ლიცენზირების პროცესში ჩართვასაც ვერ მოახერხებს.


კლუბების ლიცენზირების დებულება უეფას საკლუბო ტურნირებში მონაწილეობისთვის, ლიცენზიის მაძიებელსა და უეფას ლიცენზიას ეხებ მესამე თავი.


მუხლი 11 - ლიცენზიის მაძიებლის განსაზღვრა და სამი წლის წესი.


1.ლიცენზიის მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ფეხბურთის კლუბი, ე.ი. იურიდიული პირი, რომელიც მხოლოდ თვითონ არის სრულად პასუხისმგებელი ეროვნული და საერთაშორისო საკლუბო შეჯიბრებებში მონაწილე ფეხბურთის გუნდზე და არის სფფ-ს ან მისი წევრი რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ან ლიგის რეგისტრირებული წევრი (შემდგომში - რეგისტრირებული წევრი).


2. სალიცენზიო სეზონის დასაწყისისთვის, რეგისტრირებული წევრობა უნდა გრძელდებოდეს, სულ ცოტა, ზედიზედ ბოლო სამი  წლის განმავლობაში.


3. ამ პერიოდში ლიცენზიის მაძიებლის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაში ან ჯგუფის იურიდიულ სტრუქტურაში მომხდარი ნებისმიერი ცვლილება (მაგ. სათავო ოფისის, სახელწოდების ან კლუბის ფერების ცვლილება, ან სხვადასხვა კლუბებს შორის წილების გადანაწილება) იმ მიზნით, რომ მან სამართლიანი შეჯიბრების პრინციპის გვერდის ავლით, გაიადვილოს სპორტული მიღწევებით კვალიფიკაცია და/ან ლიცენზიის მიღება, ჩითვლება წინამდებარე მოთხოვნებით განსაზღვრული წევრობის წყვეტად. (რაც შეეხება უეფას ლიცენზიას, უეფამ შეიძლება დაუშვას გამონაკლისი აღნიშნულ „3 წლის წესთან" დაკავშირებით. გამონაკლისის დაშვების პოლიტიკის პრინციპები და პროცესის დეტალები შეგიძლიათ იხილოთ უეფას საკლუბო ლიცენზირებისა და ფინანსური ფეარ-ფლეის დებულებების 1 დანართში. კერძოდ, პარ. A 1 d), 2-4 და პარ. B 1,2, 4-8) - იხ. www.uefa.com)

 

მუხლი 12 - ლიცენზიის მაძიებლის ძირითადი პასუხისმგებლობები


1.ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია, ლიცენზირების გრაფიკით დადგენილ ვადებში ლიცენზიარს წარუდგინოს:


ა) სალიცენზიო ვალდებულებების სრულად შესრულების დამადასტურებელი ყველა საჭირო ინფორმაცია და/ან შესაბამისი დოკუმენტაცია;


ბ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც აქტუალურია ლიცენზიის მიერ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის;


2. ეს მოიცავს ინფორმაციას ანგარიშვალდებული საწარმო/საწარმოების  შესახებ, რომლის მიმართაც მოითხოვება სპორტული, ინფრასტრუქტურული, საკადრო-ადმინისტრაციული, სამართლებრივი და ფინანსური ინფორმაციის წარმოდგენა.


3. ნებისმიერი მოვლენა, რომელსაც ადგილი ექნება სალიცენზიო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ და რომელიც იწვევს მნიშვნელოვან ცვლილებას უკვე წარმოდგენილ ინფორმაციაში, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ლიცენზიარს (მათ შორის, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ან ჯგუფის იურიდიული სტრუქტურის ცვლილება).

 

მუხლი 13 - უეფა-ს ლიცენზია


1.კლუბებმა, რომლებიც სპორტული შედეგით მოიპოვებენ უეფას საკლუბო ტურნირებში მონაწილეობის უფლებას, უნდა მიიღოს სფფ-ს მიერ წინამდებარე დებულებების შესაბამისად გაცემული უეფას ლიცენზია, გარდა 14-ე მუხლში განსაზღვრული შემთხვევებისა.


უეფას კლუბების მონიტორინგის მოთხოვნები, რომლებიც მოცემულია უეფას კლუბების ლიცენზირებისა და ფინანსური ფეარ-პლეის დებულებებში, ეხება ყველა ლიცენზიატს, რომელიც გავა უეფას საკლუბო ტურნირებზე.


2. უეფას ლიცენზიას ვადა გასდის ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე იმ სეზონის ბოლოს, რომელზეც გაიცა.


3. უეფას ლიცენზიის გადაცემა არ შეიძლება.


4. სეზონის განმავლობაში შესაძლებელია ლიცენზიის ჩამორთმევა გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების მიერ, თუ:


ა) აღარ კმაყოფილდება უეფას ლიცენზიის გაცემის რომელიმე პირობა, ან


ბ) ლიცენზიატი არღვევს წინამდებარე დებულებებით განსაზღვრულ რომელიმე ვალდებულებას.


5. როგორცკ ი დგება უეფას ლიცენზიის ჩამორთმევის საკითხი, სფფ-მ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ უეფას ადმინისტრაციას.


მუხლი 14 - უეფა-ს საკლუბო ტურნირებში მონაწილეობის საგანგებო ნებართვა.


1.თუ კლუბი, სპორტული შედეგების საფუძველზე, მიიღებს უეფას საკლუბო შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლებას, მაგრამ საერთოდ არ გაუვლია ლიცენზირების პროცესი, ან გაიარა უეფას ტურნირებში მონაწილეობისთვის საჭიროზე უფრო დაბალი დონის/არაეკვივალენტური ლიცენზირების პროცესი, რადგან იგი არ მიეკუთვნება საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას, სფფ-ს ასეთი კლუბის სახელით, შეუძლია გააკეთოს კლუბების ლიცენზირების რიგგარეშე განაცხადი უეფას საკლუბო ტურნირებში მონაწილეობაზე (III დანართის შესაბამისად).


2. ამგვარ რიგგარეშე განაცხადზე დაყრდნობით, უეფას შეუძლია ფეხბურთის კლუბზე გასცეს უეფას შესაბამის საკლუბო შეჯიბრებაში მონაწილეობის საგანგებო ნებართვა, რაც წარმოადგენს უეფას შესაბამისი შეჯიბრებების დებულებების საგანს და ეხება მხოლოდ კონკრეტულ კლუბს, მხოლოდ კონკრეტულ სეზონში.


 უეფას მსგავს სიტუაციებში, გამონაკლისის წესს, როგორც წესი, არ იყენებს. დაახლოებით მსგავსი სიტუაცია ჰქონდა რამდენიმე წლის წინ ლატვიის „ლიეპაიას", რომელსაც უეფამ მხოლოდ ერთი წელი აკმარა, შემდეგი სეზონიდან კი, ევროსარბიელზე დაუშვეს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო, ჯერ უცნობია, თუმცა, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, „დილას" შანსები არც ისე დიდია.



 „აიპრესი" გორის „დილას" გენერალურ დირექტორს, გიორგი ჯოხაძეს ესაუბრა. როგორც ჯოხაძემ განმარტა, გორის „დილა" უეფასგან გამონაკლისის წესით, ლიცენზირების პროცესში დაშვებას და სამი წლის აღიარებას ითხოვს.


- ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გამოგზავნილი წერილით შპს „გორის დილასთან" დაკავშირებით ინფორმაციის დაზუსტებად ითხოვს, რათა თქვენი გუნდი უეფას ლიცენზირების პროცესში ჩაერთოს და შესაბამისად, ევროტურნირებზე გამოსვლის უფლება მიიღოს. გაგზავნეთ ეს დაზუსტება?


-  უეფაში ავტორიზების პროცესი, გუნდში ჩემს მოსვლამდე იყო დაწყებული. ამ წესთან დაკავშირებით, რომ გამონაკლისმა იმოქმედოს ჩვენზე. ეს პროცესი გრძელდება. გავაგზავნეთ დოკუმენტების ნაწილი. 27 თებერვალს დაგვიბრუნდა უკან კითხვებით. განხილვაშია საკითხი. არანაირი გადაწყვეტილება, არც შუალედური, არც საბოლოო, ჯერ არ მიღებულა.

 

- თუმცა, უეფას აქამდე არ დაუშვია ეს გამონაკლისი სხვა გუნდებისთვის, თქვენ რისი იმედი გაქვთ?


 - იმის იმედი გვაქვს, რომ უეფა განიხილავს ამ საკითხს. უეფა საჭიროდ რომ არ თვლიდეს ამ საკითხის განხილვას და გამონაკლისის წესი რომ არ მოქმედებდეს, არ იყოს დაშვებული გამონაკლისის წესი, ცალსახად უარს გვეტყოდნენ. სხვა შემთხვევაში, უეფა დამატებითი დოკუმენტების წარდგენას არ მოითხოვდა.


- აქამდე ამის პრეცენდენტი არ არსებობს და ამიტომ გეკითხებით, როგორ დაარწმუნებთ უეფას?


- ასეთი რაღაც პირველად ხდება.


- ანუ გჯერათ, რომ უეფას ლიცენზირების პროცესში ჩართვის უფლებას მიიღებთ?


- გვჯერა, სურვილი და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ.


- რა არის თქვენი კოზირი, რატომ უნდა დაუშვას გამონაკლისი უეფამ გორის „დილაზე"?


 -  უეფას მიერ წარდგენილი დოკუმენტები, რასაც ითხოვს, ჩვენთვისაც არის შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენს კორესპონდენციებს ჯერ ვერ გავასაჯაროებთ, ჯერ-ჯერობით, მაგრამ ცალსახად ვაცხადებ, პასუხისმგებელი ვარ, აღნიშნულ საკითხზე უარყოფითი პასუხი, არც საწყისი, არც შუალედური და არც საბოლოო, უეფადან მოსული არ არის.

 

- უეფას ლიცენზირების დებულებაში წერია, სალიცენზიო სეზონის დასაწყისისთვის, რეგისტრირებული წევრობა, სულ ცოტა ზედიზედ სამი წელი უნდა გრძელდებოდეს...  თქვენ სამი წლის აღიარებას ითხოვთ?


- დიახ. უეფასგან ვითხოვთ, სამი წლის აღიარებას.


- შპს „გორის დილა" მხოლოდ 2016 წლის ნოემბერში შეიქმნა/დარეგისტრირდა და შემოვიდა საქართველოს ჩემპიონატში. სამი წლის აღიარებას როგორ სთხოვთ უეფას?


- ველოდებით უეფას კომპეტენტური ორგანოების პასუხს.  თუ ვინმეს ახარებს ეს საქართველოში, ძალიან ცუდია.

 

- სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ ამის თაობაზე კლუბის ხელმძღვანელობა ინფორმირებული იყო, რომ ეს საფრთხე არსებობდა, თქვენ ხომ იცოდით?


- გამომდინარე იქიდან, რომ კლუბის დამფუძნებლები არიან ფეხბურთთან დაკავშირებული, გაცნობილები იყვნენ თავის დროზე კანონმდებლობას. არ იყო ვალდებულება, რომ სახელმწიფოს ეცნობებინა მათთვის ამის შესახებ, რადგან ისინი ყიდულობდნენ ფეხბურთის გუნდს,.

 

- სახელმწიფოზე არ არის საუბარი, ლევან კობიაშვილის განცხადებაზე ვსაუბრობთ, რომელიც აცხადებს, რომ თქვენ იცოდით ამ რისკების შესახებ. ხომ იცოდით?


 - ველოდებით, რომ გამონაკლისი დადგეს ჩვენს შემთხვევაში.

 

- თუკი უეფა არ დაუშვებს ამ გამონაკლისს, რას აპირებთ?


- მაშინ სპორტული შედეგით უნდა მივაღწიოთ სასურველ შედეგს -  სალიცენზიო კალათში მოხვედრას.  ამიტომ, ჯერ დაველოდებით პასუხს, თუ ვერ მოვხვდებით, გავა სამი წელი და შემდეგ მივიღებთ მონაწილეობას. აბა, რა გითხრათ, რას ვიზამთ. ერთი რამ მაინტერესებს, თუ „დილაზე" გამონაკლისს არ დაუშვებენ, ეს თუ ვინმეს გაუხარდება. ქართული ფეხბურთის მტერია.


- ამ რისკის წინაშე რომ იდგა ახალი ინვესტორი, ამის შესახებ თქვენ გქონდათ ინფორმაცია და ეს დაადასტურა ლევან კობიაშვილმაც...


- გეტყვით, ამ საკითხზე საუბარი მაშინვე დაიწყო, როდესაც უეფას ფული უნდა ჩარიცხულიყო, პირველადი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა და მივიღეთ ეს თანხა.


- აღნიშნული თანხა, უეფას ფული, თქვენ აიპი „გორის დილას" ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე მიიღეთ, რადგან ეს უშუალოდ შპს „გორის დილას" კუთვნილი თანხა არ იყო. ეს აღიარებას ნიშნავს?


- დიახ, ასე იყო. არ გვაღიარებს და ველოდებით, რომ გვაღიარონ. პასუხი უარყოფითი არ მოსულა.   დაზუსტება თუ არ მოხდება, უეფაში მოცლილები არიან? დაზუსტების მიუხედავად, უარი უნდა გვითხრან?  მივყვებით პროცესს.  ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მივიღოთ, მაგრამ თუ ვერ მივიღებთ, შევეგუებით. ინფორმირებულები ვიყავით თავის დროზე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner