logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ამისულაშვილი სასტუმროში თემურ ქეცბაიასთან ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს
- +

17 მარტი. 2017. 03:05



საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ალექსანდრე ამისულაშვილი, „აიპრესთან" საუბარში, ნაკრების ექს-მთავარ მწვრთნელთან, თემურ ქეცბაიასთან ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს.


გავრცელებული ინფორმაციით, თემურ ქეცბაიასა და ალექსანდრე ამისულაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება სასტუმრო თბილისი „რუმსში" რამდენიმე დღის წინ მოხდა. აღნიშნულ სასტუმროში იყო დაბინავებული ქეცბაია თბილისში ყოფნისას. ქეცბაია, „რუმსში" შემთხვევით შეხვდა ალექსანდრე ამისულაშვილს, რომელიც იქ მეგობრებთან, ლევან კობიაშვილთან, ალექსანდრე იაშვილთან, მის ძმასა და დავით მუჯირთან ერთად იმყოფებოდა.


როგორც „აიპრესმა" გაარკვია, ქეცბაია მიესალმა თავის ყოფილ შეგირდებსა და კოლეგებს. ამისულაშვილი კი მას გაჰყვა და გვერდზე გასვლა სთხოვა სასაუბროთ, რის შემდეგაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როდესაც ამისულაშვილის თანმხლები პირები მათთან მივიდნენ, ორივე მათგანი იატაკზე იმყოფებოდა, შემდეგ კი დაპირისპირებული მხარეები გააშველეს.


ამისულაშვილსა და ქეცბაიას შორის დაპირისპირება 2013 წელს დაიწყო, როდესაც ნაკრების მაშინდელმა მწვრთნელმა, ფეხბურთელი ნაკრებში ჩამოუსვლელობის გამო, ტელეეთერით საჯაროდ გააკრიტიკა, ამისულაშვილმა კი მაშინ განაცხადა, რომ ნაკრებიდან მიდიოდა, მანამ, სანამ თემურ ქეცბაია მისი მთავარი მწვრთნელი იქნებოდა. არსებული ინფორმაციით, ამისულაშვილმა ყოფილ მწვრთნელს სწორედ ძველი წყენა გაუხსენა.


მიუხედავად ამისა, ალექსანდრე ამისულაშვილმა, „აიპრესის" შეკითხვებს მომხდარზე მოკლედ უპასუხა და განაცხადა, რომ დაპირისპირება არ ყოფილა.

 

- გავრცელებული ინფორმაციით, თემურ ქეცბაიასთან ფიზიკური დაპირისპირება მოგივიდათ სასტუმრო თბილისი „რუმსში", რა გახდა ჩხუბის მიზეზი?


-არაფერი არ ყოფილა, ვინ გითხრათ თქვენ?


- თბილისი პატარა ქალაქია, სასტუმრო კი ცნობილი...


- არაფერი დაპირისპირება არ მქონია.


- თვითმხილველმა დაგინახათ, რომ იატაკზე ჭიდაობდით ორივე, ფიზიკური დაპირისპირებას უარჰყოფთ?


- არ ვარ თბილისში, ახლა, ვერც იმას ვერ გეტყვით, ვერ გელაპარაკებით უფრო სწორედ.

 

- ადასტურებთ თუ არა?


- არ ყოფილა არანაირი დაპირისპირება. მეტს ვერაფერს გეტყვით. ნახვამდის.


„აიპრესმა" კვიპროსში, თემურ ქეცბაიასთან დაკავშირება სცადა, მაგრამ ამ დრომდე კავშირის დამყარება ვერ ხერხდება. როგორც კი დავუკავშირდებით მას, მაშინვე მოგაწვდით მის კომენტარს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner