ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ყოველთვიურად 900 ლარზე ნაკლები და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეებს გარდამავალი ეტაპის შეღავათები მიეცემათ.
„მათთან მიმართებაში ჩვენ გვექნება განსაკუთრებული გარდამავალი პერიოდი. ამ კატეგორიაში კერძო დაზღვევის მქონე ადამიანების რაოდენობა ძალიან დაბალი იყო. ამ ადამიანებს არ აქვთ ჩამოყალიბებული კერძო სადაზღვევო ინდუსტრიასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები. მათთვის შეიძლება დამაფრთხობელი იყოს, რომ რაღაც უმცირდებათ. გვექნება გარდამავალი ეტაპი, როდესაც მათ აქტიურად დავეხმარებით, რომ სწორი პაკეტი მოიძიონ. ნებისმიერ შემთხვევაში - ისინი დარჩებიან საყოველთაო ჯანდაცვის შემცირებული პაკეტის მონაწილეები, თუ გადავლენ კერძო დაზღვევაში, მათ უნარჩუნდებათ ზედნაშენი პაკეტის გარკვეული ნაირსახეობის პრივილეგია. სახელმწიფო აგრძელებს ზრუნვას მათი გადაუდებელი მდგომარეობის მართვაზე და აფინანსებს ისე, როგორც აქამდე აფინანსებდა. თუმცა, თუკი ისინი გადაწყვეტენ, რომ დამატებითი პაკეტი და მხოლოდ გეგმური სერვისები შეიძინონ, წინასწარი გათვლებით, მათ ეს დაუჯდებათ 10-დან მაქსიმუმ 15 ლარი თვეში, ანუ საკმაოდ მცირე თანხა", - განმარტა დავით სერგეენკომ.
ამასთან, მინისტრმა განმარტებები გააკეთა დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებთან მიმართებაში, რომლებიც სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში ვერ მოხვდენენ და 70 000-დან 100 000-მდე ქულა აქვთ.
„ისინი რეალურად მართლაც შეჭირვებულები არიან. მათთან იქნება ასეთი მიდგომა, მათ უცვლელად შეუნარჩუნდებათ ის პაკეტი, რასაც საყოველთაო ჯანდაცვა სთავაზობთ. პლუს დაემატება პრივილეგია, თუკი ვინმე შეუძენს დაშენებულ პაკეტს, შეუძლიათ ორივე პაკეტით სარგებლობა. ძალიან მაღალი ალბათობით, მათზეც გავრცელდება ქრონიკული დაავადებების სამართავად საჭირო მედიკამენტების მიღების პრივილეგია", - განაცხადა დავით სერგეენკომ.