უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხუთი რუსული ბანკის შვილობილი კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციები ერთი წელი იმოქმედებს.
შეზღუდვები ეხება „სბერბანკს", „ვტბ", „ბმ ბანკს", „პრომინვესტბანკს" და „VS Bank"-ს. უკრაინის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, აღნიშნულ ბანკებს ეკრძალებათ უკრაინის გარეთ „მათთან დაკავშირებული პირების" კაპიტალის გატანა.
გარდა ამისა, კიევში განაცხადეს, რომ ევროკავშირს, აშშ-სა და სხვა ქვეყნებს შესთავაზებენ, აღნიშნულ სანქციებს შეუერთდნენ.
კიევის ამ გადაწყვეტილებას მოსკოვი გამოეხმაურა. კრემლში აცხადებენ, რომ კიევის ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება.