logo_geo
eng_logo
ბადრი მაისურაძე: დირიჟორები განცვიფრებულნი იყვნენ... გამოვიდა, რომ ჩატარდა 8 სპექტაკლი სრული ანშლაგით
- +

17 მარტი. 2017. 13:55



4 მარტს, საიუბილეო 165-ე სეზონზე, საქართველოს სახელმწიფო ოპერაში ჯუზეპე ვერდის „აიდას" განსაკუთრებული ვერსიის პრემიერა გაიმართა. ქართველმა მაყურებელმა პირველად იხილა თეატრისა და კინოს კლასიკოსის ფრანკო ძეფირელის დადგმა. პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. თუ როგორ ჩაიარა სპექტაკლის პრემიერამ და რა გამოხმაურებები მოჰყვა მას, ამის შესახებ ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე „ქართულ აზრს" ესაუბრა და აღნიშნა, რომ აქვს დიდი სურვილი, „აიდა" დარჩეს  რეპერტუარში:


- პრემიერის გარდა, კიდევ იყო ხუთი სპექტაკლი და ყველამ ჩაიარა კარგად. არ მინდა რომელიმე სპექტაკლს რამე ღირებულება მოვუმატო ან ჩამოვაკლო, ყველა იყო გასაოცარი. დირიჟორები განცვიფრებულნი იყვნენ, მაგალითად, მარკო ბოემს, რომელიც მეოთხე სპექტაკლს დირიჟორობდა, უკვირდა, პრემიერა არ არის, მეოთხე სპექტაკლია და, მაინც როგორ იღებენ სპექტაკლსო, ხოლო დანიელ ორენს, რომელმაც პრემიერა იდირიჟორა, რეჟისორისთვის უთქვამს, აი, სად უნდა ჩამოვიდეთ და სად არის აუდიტორიასთან ემოციის თანხვედრაო.  განცვიფრებულნი იყვნენ.


კიდევ ერთს გეტყვით, პრემიერამდე 2 გენერალური რეპეტიცია იყო, მაშინ უნდა გენახათ, რა ხდებოდა, ფაქტობრივად, ჩვეულებრივი სპექტაკლი იყო, გამოვიდა, რომ ჩატარდა 8 სპექტაკლი სრული ანშლაგით.


- რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის „აიდას" ნახვა?


- იყო ვერდი, იყო ძეფირელი, იყვნენ ვარსკვლავები, ქართველები, უცხოელები, ლამაზი მუსიკა, ლამაზი დეკორაციები და მეტი რისთვის ვცხოვრობთ? მარტო პურისა და ყველისთვის ხომ არა? ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ცდილობს, უფრო მეტი დადებითი მიიღოს.


ეს გახლავთ ისტორიული დადგმა. სამწუხაროდ, ბოლო 14 წლის მანძილზე მხოლოდ ორი პრემიერა იყო ჩვენს თეატრში. მესამე გახლდათ „სამოსელი პირველი" და ახლა „აიდა" საჩუქარია პირველ რიგში ჩვენთვის, მუსიკოს-შემსრულებლებისთვის, თეატრის მოყვარულთათვის, შემდეგ კი იმ საზოგადოებისთვის, რომელიც მსგავსი სპექტაკლებისგან იღებს სიამოვნებას. გვიხარია, რომ ამ სპექტაკლის გარშემო ასეთი აჟიოტაჟი იყო.


- ვისი ხელშეწყობით მოხდა ძეფირელის დადგმის ჩამოტანა?


- კულტურის სამინისტრომ გამოგვიყო ის მაქსიმუმი, რაც შეეძლო იმისათვის, რომ დაწყებულიყო პროცესი. რა თქმა უნდა, სამინისტროს გარეშე არაფერი არ იქნებოდა. ქედს ვიხრი მათ წინაშე. მანამდე ფაქტობრივად ოპერას არაფერი არ ჰქონდა გამოყოფილი. სამინისტრომ ძალიან ივაჟკაცა და იმხელა დაფინანსება მოგვცა, რომ ჩვენ შეგვიძლია, 3-4 სპექტაკლი ვაჩვენოთ ქართველ მაყურებელს.


რაც შეეხება ფრანკო ძეფირელის დადგმის ქირაობას, შუამავალი იყო „იტალია არტ კომპანი".


- 18 მარტის შემდეგ, კიდევ თუ იქნება „აიდას" ნახვა შესახლებელი?


- შესაძლებელია „აიდას" დადგმის შესყიდვა. გვაქვს გეგმაში, რომ „აიდა" იყოს რეპერტუარში, არ არის ეს ისეთი წარმოუდგენელი რამ. „აიდა" ძალიან ბევრ თეატრს აქვს დადგმული, კარგ რეჟისორებს, ამიტომაც შესაძლებელია ყიდვა. მინდა, ყველამ კარგად გაიგოს, რატომ ვყიდულობთ დადგმას - სამწუხაროდ, ყიდვა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ვინმეს მოწვევა და საკუთარი დადგმის განხორციელება.


უამრავი დიდი ოპერა არსებობს მსოფლიოში, რომელიც, სამწუხაროდ, მაყურებლისთვის რთული აღსაქმელია. აქაც, ეს გზა გასახსნელი გვაქვს, მოგვიწევს მუშაობა საზოგადოების მუსიკალური განვითარების თვალსაზრისით. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner